მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს საქართველოში 360 Porsche გაიყიდა - “პორშე ცენტრი თბილისი”

პორშე

2023 წელს “პორშე ცენტრ თბილისმა” 360 ერთეული Porsche გაყიდა და წელს ამ მაჩვენებლის 20%-ით გაუმჯობესებას გეგმავს - ამის შესახებ BMGAuto-ს ეთერში ცენტრის დირექტორი, პეტრე წაქაძე საუბრობს.

“2023 წელი “პორშეს” 360 ახალი ავტომობილის გაყიდვით დავხურეთ, თუმცა წელს კიდევ უფრო გაზრდას ვგეგმავთ და გაყიდვებში გარკვეულ წილს ავტომობილების ლიზინგიც დაიკავებს. ვგეგმავთ, რომ მიმდინარე წელს, რაოდენობის კუთხით, 20%-ით უნდა გავიზარდოთ.

ძალიან საინტერესო წელი გველოდება, რადგან “პორშეს” რამდენიმე ახალი მოდელი გამოდის. მარტიდან გაყიდვაში ჩაეშვება ახალი “პანამერა”, შემოდგომიდან კი უკვე ელექტრო “მაკანი” შემოუერთდება ქართულ და ევროპულ ბაზარს, რომელიც სულ მალე გამოჩნდება სრული ვიზუალიაზციით და მომხმარებელს შეეძლება, 25 იანვრიდან წინასწარი შეკვეთები განათავსონ ჩვენს ცენტრში”, - ამბობს პეტრე წაქაძე.

“პორშე ცენტრის” დირექტორი აღნიშნავს, რომ “თეგეტა ჰოლდინგი” ელექტრო SUV-ის მიმართულებაზე დიდ იმედებს ამყარებს, რადგან ელექტრო მიმართულება ჰოლდინგისთვის პრიორიტეტულია, SUV კი ქართულ ბაზარზე მოთხოვნადია. სწორედ ამიტომ, კომპანია 2024 წელს ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.

“როდესაც ელექტრომობილების გაყიდვასა და ბაზარზე შემოყვანაზე ვსაუბრობთ, ყველა დამტენების ინფრასტრუქტურაზე ფიქრობს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჰოლდინგი შევიდა ამ მიმართულებაში, თუმცა მას კომერციულად არ ვუყურებთ. ვფიქრობთ და გვჯერა, რომ, თუ ინფრასტრუქტურა იქნება ქვეყანაში განვითარებული, ეს წაახალისებს ელექტრო ავტომობილების გაყიდვებს.

პირველი კვარტალის ბოლომდე თბილისში 70 ერთეულ დამტენს დავამონტაჟებთ, უკვე წლის მეორე ნახევრიდან გადავდივართ ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით, ვიწყებთ შესწავლას და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე დამტენები ამ ქალაქებშიც გვექნება დამონტაჟებული”, - ამბობს პეტრე წაქაძე BMG-სთან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები