მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს, შემოსავალი 140%-ით გავზარდეთ - ირაკლი ბიწკინაშვილი DataMind-ზე

ირაკლი ბიწკინაშვილი

დიდი მონაცემები - ჩვენი დროის “შავი ოქროა”, რადგან კომპანიები, რომლებიც მონაცემებს აგროვებენ და სწორ ანალიზს უკეთებენ, შეუფასებელ ინფორმაციას ფლობენ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, კომპანიებს მომხმარებელთა ქცევის განზოგადება შეუძლიათ, რაც დიდ კომპანიებს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება - ეს კი, როგორც წესი, კომპანიის შემოსავალსა და ეფექტიანობაზე დადებითად აისახება. ამ მიმართულებით ქართული სტარტაპი DataMind-ი ვითარდება, რომელიც მის კლიენტ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოქნილი და ეფექტიანი მონაცემთა საცავის შექმნას სთავაზობს.

ამ ეტაპზე, DataMind-ის პორტფელში არაერთი ქართული და საერთაშორისო ბანკი არის მოქცეული, მათ შორის “ლიბერთი”, “ბაზისბანკი”, “კრედო ბანკი” და Paysera International-ი. როგორც DataMind-ის მთავარმა იურისტმა და ინვესტორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბიწკინაშვილმა TECH INFORM-ში განაცხადა, გასულ წელს, კომპანიის შემოსავალმა 140%-ით იმატა და $2.4 მილიონი შეადგინა. თუმცა კომპანია აქ არ ჩერდება და მიმდინარე წელს გაფართოებას გეგმავს, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ცენტრალურ აზიაში.

“გასული წელი საკმაოდ კარგი იყო, რადგან შემოსავალი დაახლოებით 140%-ით, $2.4 მილიონამდე გავზარდეთ, რაც ნამდვილად არ არის ცუდი მაჩვენებელი. დასახულ მიზნებს არათუ მივაღწიეთ, არამედ გადავაჭარბეთ კიდეც, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სტარტაპი ვართ და ყოველ დღე განვითარებაზე ვფიქრობთ, კარგი შედეგები მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. შესაბამისად, 2024 წლისთვის უფრო დიდი გეგმები გვაქვს.

გვსურს, საქართველოს ბაზარს გავცდეთ. გარკვეულწილად, საქართველოს ფარგლებს გარეთ ახლაც ვმუშაობთ, რადგან ლიეტუვურ Paysera International-ს ვემსახურებით, მაგრამ გვინდა ცენტრალურ აზიაში წავიდეთ და უზბეკეთსა და ყაზახეთს მივწვდეთ. ასევე, გვაინტერესებს ჩვენი მეზობელი ქვეყნები, რომლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს”, - განაცხადა ირაკლი ბიწკინაშვილმა TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები