პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასულ წელს პირველად მოხდა ისე, რომ სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებდა, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა.
ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას და მის გუნდს უსმენენ.
"კითხვა დაისვა - რატომ არ მცირდება სოციალური დახმარების მიმღებთა და მაძიებელთა რაოდენობა იმ პირობებში, როცა სიღარიბე შემცირდა? შეკითხვა ლეგიტიმურია, თუმცა შემდეგ ის დაუკავშირეს კორუფციას და ასევე კითხვები დაისვა იმასთან დაკავშირებით, შესაბამისი კორუფციული თანხები ხომ არ ირიცხება პარტიაში. მინდა დაგარწმუნოთ, არავითარი კორუფციული თანხები პარტიის ბიუჯეტში არ ირიცხება.
კოვიდის გამო გარკვეული პერიოდი გამოცხადებული იყო მორატორიუმი, რამაც გამოიწვია ის, რომ დახმარების მიმღებთა რაოდენობა არ მცირდებოდა. ეს არის მიმდინარე პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია... შარშან პირველად მოხდა ასე: სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა აღემატება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობას, ანუ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების რაოდენობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებზე სახელმწიფო ზრუნვის ხარისხი თვისობრივად გაუმჯობესდა. ეს თანხები საბოლოოდ მიდის ჩვენს მოქალაქეებამდე. არ ვიცი როგორ აისახება ეს ბაზებზე, თუმცა გამოყოფილი თანხები მოქალაქეებამდე მიდის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კობახიძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას 647 535 პირი იღებდა. აქედან საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში 207 542 პირი იყო ჩართული, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.




























