ბათუმში მდებარე თაფლის საწარმო „ჰანივეის“ დამფუძნებელმა, თამაზ კახიძემ BM.GE-სთან განაცხადა, რომ გასულ წელს, წარმოების 40%-ით შემცირება მოუწიათ.
საწარმო ბათუმში 2010 წლიდან ოპერირებს და ოთხი სახის თაფლს, კერძოდ აკაციას, ყვავილის, მაისისა და წაბლის თაფლს აწარმოებს.
მისი ინფორმაციით, გასულ წელს თაფლის წარმოების შემცირების მიზეზი იმ ტურისტული ნაკადების ნაკლებობა გახდა, რომლებიც თაფლის მომხმარებლები იყვნენ.
„ქართულ თაფლზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა დაბალია. განსაკუთრებით, ბათუმის გარშემო ფუტკარი თითქმის ყველას ჰყავს ან მათ ახლობლებს ჰყავთ და შესაბამისად, ბათუმის ბაზარზე თაფლის რეალიზაცია ნაკლებად ხდება. პროდუქციის შეძენა ბათუმის მარკეტებსა და ონლაინ პლატფორმების საშუალებითაა შესაძლებელი. ასევე, ფიჭებს ვამზადებთ, რამაც იმპორტირებული თურქული ფიჭები ჩაანაცვლა. ჩვენს საწარმოში HACCP-ის სტანდარტი გვაქვს დანერგილი. „ჰანივეიმ" დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეობის განვითარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.
წინა წლებში ბულგარეთში 40 ტონა თაფლის ექსპორტი განვახორციელეთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საექსპორტო ბაზრებზე ფასები გაიზარდა, ხოლო საქართველოში თაფლის ფასი გაძვირდა , რამაც ექსპორტის სრულად შეჩერება განაპირობა. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ქართული თაფლის ექსპორტი მასობრივად ხდება და უახლოეს მომავალში ჩვენც გვინდა პროდუქციის საზღვარგარეთ რეალიზაცია. მაგრამ 2024 წელს, თაფლის წარმოების არასტაბილურობის გამო, ექსპორტზე რომელიმე ქვეყანაში გატანას არ ვაპირებთ,“ - აცხადებს კახიძე.
მისივე ცნობით, მათი მომხმარებლების 70% უცხოელია, ხოლო 30%-ს ადგილობრივები ყიდულობენ.
რაც შეეხება ნედლეულს, საწარმოს მთაში 2000 სული ფუტკარი ჰყავს და ასევე პარტნიორი ფერმერული მეურნეობებისგან თაფლის ჩაბარება ხდება.
ინფორმაციისთვის, ბათუმში მდებარე საწარმო „ჰანივეი“ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და 4 სახის თაფლს აწარმოებს. 2009 წელს, მილენიუმის 50000 დოლარიანი გრანტის მოპოვების შემდეგ, საწარმოს აშენება და 7 ადამიანის დასაქმება მოხდა. პანდემიის პერიოდში კი, თანამშრომლების რიცხვი 3 ადამიანამდეა შემცირებული და ამჟამად, კონტრაქტის საფუძველზე 3 ადამიანის დასაქმება ხდება.