უკვე რამდენიმე თვეა, რაც ქვეყნიდან თაფლის ექსპორტი შეჩერებულია. “თაფლის მწარმოებელთა ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საჭიროა ერთდროულად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, რათა ქვეყენამ თაფლის ექსპორტის უწყვეტობა შეინარჩუნოს.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ პირველ რიგში თაფლის მწარმოებლების რეგისტრაცია უნდა დაიწყოს, რათა გაირკვეს თუ რამდენი ფუტკრის ოჯახია ქვეყანაში და რეალურად რა მოცულობის პროდუქტის წარმოებაა შესაძლებელი.
რაჭაში არსებულ მეფუტკრეებს თაფლის გასაღებაში ხელშეწყობა ნამდვილად სჭირდებათ. მაგალითად, ერთ-ერთი მეფუტკრე ვალერი გელაშვილი “საქმიან დილასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ გასულ სეზონზე წარმოებული პროდუქტის სრულად გაყიდვა ვერ მოახერხა. მისივე თქმით, გასულ წელს მოთხოვნა ძირითადად აკაციის თაფლზე იყო, რაც პრობლემაა რადგან რაჭაში არსებული ბუნებრივი პირობების გამო, აკაციისა და ცაცხვის გამნიჯვნა ვერ ხერხდება.
გარდა პროდუქტის გასაღების პრობლემებისა, მეფუტკრე ყვება, რომ გასული წლის შემოდგომაზე რაჭველი მეფუტკრეებისთვის მთავარ გამოწვევას ფუტკრის ოჯახების განადგურებაც წარმოადგენდა, რამაც რაჭაში თაფლის მოცულობები შეამცირა. მეფუტკრე მიიჩნევს, რომ ეს ფაროსანას შეწამვლის პროცესმა განაპირობა.
„გასაღების პრობლემა გვაქვს. ექსპორტიორებს მხოლოდ ერთი სახეობის, აკაციის თაფლზე აქვთ მოთხოვნა. რაჭაში არსებული პირობების გათვალისწინებით კი, მხოლოდ აკაციის თაფლის წარმოება ვერ ხერხდება, რადგან ცაცხვის და აკაციის ყვავილობა ერთ პერიოდს ემთხვევა. ვფიქრობ, მხარდაჭერა სწორედ რეალიზაციაში გვჭირდება. 2 ტონიდან მხოლოდ 500 კგ-მდე თაფლის გაყიდვას ვახერხებ.
გასულ სეზონზე პრობლემა იყო ისიც, რომ ფაროსანას შეწამვლამ ფუტკრის ოჯახები გაგვინადგურა. 70 ფუტკრის ოჯახი გვყავდა, ახლა კი ეს რაოდენობა განახევრდა“ - ამბობს რაჭველი მეფუტკრე.
რაჭაში მდებარე კოოპერატივ „რაჭის ნატურალური პროდუქტები“ აღნიშნავენ, რომ მეფუტკრეებში ცოდნა უნდა ამაღლდეს და ერთობლივი მუშაობით თაფლის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. კოოპერატივმა დუალურ სამუშაოებზე დაფუძნებული სწავლაც დაიწყეს, რათა მეფუტკრეების კვალიფიკაცია გაიზარდოს. აღსანიშნავია ისიც, რომ რაჭის კოოპერატივი თაფლოვანი მცენარეების გაშენების კუთხითაც მუშაობს და ამ მიზნით მოლაპარაკებას ასოციაციაში აწარმოებენ.
ინფორმაციისთვის: 2023 წლის 1-ელი იანვრიდან მეფუტკრეთა რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. უფრო კონკრეტულად, რეგისტრაციის გარეშე ფუტკრის ოჯახების გადაადგილება, ყიდვა-გაყიდვა და პროდუქტის რეალიზაცია აიკრძალა.