16 ნოემბერს, 10:00 საათზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, II საერთაშორისო კონფერენცია - “კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ გაიხსნა. კონფერენციაზე განსახილველ თემებთან დაკავშირებით "კონკურენციის სააგენტოს" ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ვთვლით, რომ გასულ წლებთან შედარებით, კონკურენციის მიმართულებით გაზრდილია მომართვიანობა და ჩვენი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციებიც აქტიური აღსრულების პროცესშია. ძალიან კარგი მაგალითია ფარმაცევტულ ბაზარზე ჩვენი გაცემული 13 რეკომენდაცია, რომლის დიდი ნაწილი იმპლემენტირებულია რეალურ ცხოვრებაში და ჩვენ ვხედავთ, რომ მედიკამენტებზე ფასები რიგ მიმართულებებზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული", - განმარტავს ირაკლი ლექვინაძემ
ამასთან, "კონკურენციის სააგენტოს" ხელმძღვანელის თქმით, კონფერენციაზე განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით აღსრულების პოლიტიკა და დემპინგის მიმართულებაც.
"ერთი წელია ამ კუთხით ვმუშაობთ და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, ამასთან, წელს გვქონდა წარმატებული შემთხვევა დემპინგის მიმართულებითაც, რომლის შესწავლაც ჩვენმა უწყებამ განახორციელა: თემა ეხება მეზობელი ქვეყნიდან ფილტრიანი სიგარეტების იმპორტს, რომელიც 40%-იანი დემპინგური ზღვარით იყიდებოდა საქართველოში", - ამბობს ის.
ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ წლის ბოლომდე "კონკურენციის სააგენტო" ორი მოკვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.
"წლის ბოლომდე გამოვაქვეყნებთ ორი მოკვლევის შედეგებს, ეს ეხება ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მოკვლევას, რომელიც 5 კომპანიის მიმართ არის დაწყებული და ასევე დაახლოებით 5 კომპანიის მიმართ არის დაწყებული კინოთეატრების ონლაინ ბაზარზე რეალიზაციის შესახებ მოკვლევა, ორივე მოკვლევის შედეგები წლის ბოლომდე გამოცხადდება", - დასძინა მან.
ინფორმაციისთვის: 16 ნოემბერს გამართულ კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის დელეგაცია, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.