მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს, Apple-მა ინდოეთში iPhone-ების წარმოება გაასამმაგა

6437ea26e92ff
გიორგი არონია
13.04.23 15:55
1075

გასულ ფისკალურ წელს, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა, ინდოეთში $7 მილიარდის ღირებულების iPhone-ები ააწყო, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ინდოეთზე Apple-ის ყველაზე გაყიდვადი მოწყობილობის, iPhone-ის წარმოების 7% მოდის, რასაც ამერიკული გიგანტი Foxconn-თან და Pegatron-თან თანამშრომლობით ახერხებს. ინდური წარმოების საგრძნობლად გაზრდა, ცხადია, დადებითი მოვლენაა ინდოეთისთვისაც, რომელზეც 2021 წელს, iPhone-ების გლობალური წარმოების მხოლოდ 1% მოდიოდა.

ინდოეთში წარმოების გაზრდა, Apple-ის მიერ ჩინეთზე საკუთარი დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიას უკავშირდება, რასაც ამერიკული გიგანტი წლებია ცდილობს. Apple-ის ჩინური პოლიტიკის ცვლილებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი, პოლიტიკურია და ის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის გართულებულ ურთიერთობას უკავშირდება, რომელიც, თეორიულად, ნებისმიერ დროს შეიძლება დაიძაბოს, როგორც ტაივანის, ასევე უკრაინის გარშემო არსებული მოვლენების გამო. ამასთან, კოვიდ-19-ის შემთხვევების მიმართ ნულოვანი პოლიტიკისა და ქარხნებში ხშირი პროტესტების გამო, ბოლო წლებში, ჩინეთი საწარმოო ბიზნესისთვის მეტად არასტაბილურ ქვეყანად იქცა.

პარალელურად ამისა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას მეტად საინტერესო საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს, ასე რომ Apple-ის მიერ ინდოეთში წარმოების მსუყე ნაწილის გადატანა სავსებით ლოგიკურიცაა. ქვეყანაში განვითარების პარალელურად, Apple-ი აქტიურადაა ჩართული ინდური შრომის სამართლის რეგულირებაშიც - ცხადია, ლობირების გზით.

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე Apple-ი iPhone-ების წარმოებას ერთდროულად ორ ქვეყანაში - ჩინეთსა და ინდოეთში დაიწყებს, რაც კომპანიის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება. ჩინეთის ბაზარზე ერთბაშად უარის თქმა, ცხადია, არასერიოზული და არარენტაბელურია, მაგრამ იქაური წარმოების ნელ-ნელა ჩანაცვლება და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირება, გრძელვადიანად სწორ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. საინტერესოა, რომ თუ ინდოეთის ბაზრის ათვისება Apple-მა ამავე ტემპებით განაგრძო, 2025 წლისთვის, iPhone-ების მეოთხედი სწორედ ინდოეთში იქნება აწყობილი. დღეს, iPhone-ებს ინდოეთში სამი კომპანია აწყობს - Foxconn-ი, Wistron-ი და Pegatron-ი, რომლებიც, ჯამში, სამოცი ათას ადამიანს ასაქმებენ.

საინტერესოა, რომ საწარმოო ხაზის გაზრდის გარდა, Apple-ი ინდოეთში საკუთარ წარმომადგენლობასაც ზრდის, რისთვისაც, მომავალ კვირას, მუმბაისა და ნიუ-დელიში ორი მაღაზიის გახსნას გეგმავს. ამ მაღაზიების გახსნაზე ქვეყანაში Apple-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ტიმ კუკს ელოდებიან, რაც ამერიკული გიგანტისთვის ინდოეთის ბაზრის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები