მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს კომპანიამ 35-40%-იანი ზრდა დააფიქსირა - 4Hospitals-ის გეგმები

640854b4497c9
სალომე ხიდურელი
09.03.23 09:25
976
სამედიცინო კომპანია 4Hospitals, რომელიც ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა, საქართველოს კლინიკებში 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს. 2022 წლის შედეგებს კომპანიის დამფუძნებელი ნინო გამყრელიძე გადაცემა „ქალების ნარატივში“ აჯამებს.

„თებერვალში 4Hospitals-ს 9 წელი შეუსრულდა, თუმცა კომპანიის ზრდისთვის გასული წელიწად-ნახევარი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამდენი წლის შემდეგაც, კომპანია კვლავ განიცდის დინამიურ ზრდასა და განვითარებას.

წინა წელს 4Hospitals-მა გაყიდვების მაჩვენებლის 35-40%-იანი ზრდა დააფიქსირა. გარდა ამისა, კომპანიაში სამედიცინო პროდუქტების ასორტიმენტი, რომლითაც კომპანია კლინიკებს ამარაგებს, ძალიან გაიზარდა. კლინიკებთან თანამშრომლობის ძალიან ბევრ პროექტს ვითვლით“, - ამბობს ნინო გამყრელიძე.

4Hospitals-ის დამფუძნებლის განმარტებით, კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, გასულ წელს დირექტორთა საბჭოს შექმნა იყო. მისი თქმით, კომპანია 2023 წლისთვის შიდა სისტემების გამართვაზე იზრუნებს.

„მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებელი ვარ და წლების განმავლობაში ერთმნიშვნელოვნად ვხელმძღვანელობდი კომპანიას, საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის დირექტორთა საბჭოს შექმნა. ეს არის ოთხი ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც კომპანიის განვითარებისთვის თავდაუზოგავად შრომობს.

გასულ წელს, ფაქტობრივად, გაორმაგდა კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა, ახლა 50 ადამიანს ვასაქმებთ, რომელთაგანაც უმრავლესობა კონკრეტულ სფეროში გამოუცდელია და ჯერ ახლა სწავლობენ. იმის გამო, რომ მარკეტინგის, გაყიდვების, ლოჯისტიკის კუთხით საგანმანათლებლო სისტემაში კურსები არ არსებობს, ბიზნესის როლი თანამშრომლების მომზადებაში ძალიან დიდია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ 2023 წლისთვის გაყიდვების ზრდაზე ორიენტირების ნაცვლად, კომპანიის შიდა მოწყობაზე ვიზრუნებთ, რომ სისტემურად გავამყაროთ ის და ხარვეზები არ გაგვეპაროს“, - ამბობს ნინო გამყრელიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს, დასავლეთ საქართველოში სამედიცინო პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ქუთაისში 4Hospitals-ის ახალი ფილიალი გაიხსნა. დამფუძნებლის თქმით, კომპანია 2023 წლისთვის ამ მიმართულებით ზრდას განაგრძობს.

„გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, გაჩნდა საჭიროება, დასავლეთშიც დაგვემატებინა ოფისი, რათა გვქონდა მყისიერი და ოპერატიული მომსახურების გაწევის საშუალება. 2022 წლის ოქტომბერში გავხსენით ფილიალი ქუთაისში და არ გამოვრიცხავთ, რომ ახალი ოფისის საჭიროება დადგეს აჭარაშიც.

აპრილიდან უკვე დავაანონსებთ ჩვენს სიახლეებს. თბილისში საოფისე სივრცე უკვე გავზარდეთ და ვგეგმავთ, შოურუმიც განვაახლოთ. იგეგმება პროდუქციის გამრავალფეროვნებაც და, რაც მთავარია, მუდმივად ვმუშაობთ სერვისების დახვეწაზე“, - ამბობს ნინო გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები