მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის ავტო სიახლეები

BMW

გასული კვირის ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

Tesla-ს გაყიდვები ევროპის ბაზარზე ვარდნას განაგრძობს

Tesla, რომელიც წლების განმავლობაში ელექტრომობილების ლიდერად ითვლებოდა, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რთულ პერიოდს გადის. კომპანია უკვე მერვე თვეა ზედიზედ აფიქსირებს გაყიდვების ვარდნას, მაშინ როცა მთლიანად ელექტრომობილების ბაზარი ევროპაში იზრდება.

გერმანია - Tesla-ს გაყიდვები აგვისტოში 39%-ით დაეცა, ხოლო წლიური მაჩვენებელი 56%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წელს. შვედეთი - ვარდნა კიდევ უფრო მკვეთრია: გაყიდვები 84%-ით შემცირდა. დანია - აგვისტოში გაყიდვები 42%-ით დაეცა. საფრანგეთი - ანალოგიურად დაფიქსირდა საგრძნობი კლება, რაც მიუთითებს, რომ Tesla-ს პოპულარობა დიდ ბაზრებშიც შესუსტდა.

Tesla პოზიციებს ინარჩუნებს ნორვეგიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. მთლიანობაში კი Tesla-ს ბაზრის წილი ევროპაში 0.8%-მდე შემცირდა

21 000-ზე მეტი - GM-ის რეკორდული გაყიდვები აგვისტოს თვეში

General Motors-მა აგვისტოში ელექტრომობილების რეკორდული გაყიდვები დააფიქსირა. კომპანიის ინფორმაციით, აშშ-ის ბაზარზე ერთ თვეში 21 000-ზე მეტი EV გაიყიდა, რაც GM-ის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ზრდა შესაძლოა დროებითი იყოს და მალე ბაზარზე მკვეთრი ვარდნა დაიწყოს.

გაყიდვების პიკი პირდაპირ დაკავშირებულია ფედერალური EV საგადასახადო კრედიტის ($7 500 თითო მანქანაზე) დასრულებასთან. პროგრამა 30 სექტემბრის შემდეგ აღარ იმოქმედებს, რის გამოც მომხმარებლები ცდილობდნენ, ბოლო შესაძლებლობა გამოეყენებინათ.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ გაყიდვების ზრდა III კვარტალში გაგრძელდება, მაგრამ IV კვარტალში კრედიტის გაუქმების შემდეგ მოთხოვნა მკვეთრად დაეცემა. მომხმარებლები EV-ს უფრო ძვირად შეძენენ, რაც შეამცირებს ინტერესს.

Toyota და Mazda ერთიანდებიან - ახალი „Sweep Battery“ EV-ბაზარს რადიკალურად შეცვლის

იაპონური გიგანტები Toyota და Mazda ახალ ნაბიჯს დგამენ ელექტრომობილების ბაზარზე. კომპანიებმა ერთობლივი ინვესტიცია დაიწყეს „Sweep Battery“ ტექნოლოგიაში - ეს არის ახალი თაობის ბატარეა, რომელიც საშუალებას მისცემს EV-ებს იაფად, უფრო სწრაფად და უფრო დიდ მანძილზე იმოძრაონ.

აღნიშნული ტექნოლოგია მიჩნეულია გარდამავალ ეტაპად ტრადიციულ ლითიუმ-იონურ ბატარეებსა და მომავლის სრულად მყარ ბატარეებს შორის. Sweep Battery-ს მთავარი უპირატესობებია: უფრო მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივე; სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა; უკეთესი შესრულება დაბალ ტემპერატურებზე; ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლი

Toyota და Mazda იაპონიის ავტოინდუსტრიის აღორძინებას Sweep Battery-ს მეშვეობით ამყარებენ. ახლა მთავარი კითხვა ის არის, რამდენად სწრაფად შეძლებენ ისინი ამ ტექნოლოგიის კომერციალიზაციას და შეძლებენ თუ არა ჩინურ და ამერიკულ კონკურენტებთან დაპირისპირებას.

Neue Klasse - BMW-მ iX3 წარადგინა

მეორე თაობის iX3-ის მსოფლიო დებიუტით, გერმანულმა BMW-მ Neue Klasse-ის ეპოქა დაიწყო. ეს მოდელი, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ერთი სტანდარტული ელექტრო SUV, თავისი დიზაინით ავტომწარმოებლის ახალი დიზაინერული ენის საფუძველს ქმნის. თქვენ წინაშე სპეციალურად ელექტრომობილებისთვის შექმნილი პლატფორმაა, ოთხი მძლავრი კომპიუტერით, რომელსაც BMW თავის „სუპერტვინს" უწოდებს.

პირველი ვერსია, რომელიც შოურუმებში 2026 წლის შუა პერიოდისთვის გამოჩნდება, IX3 50 xDrive იქნება. ეს მოდელი ორმაგი ძრავის საშუალებით 463 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ერთი სრული დამუხტვით 644 კილომეტრს გადის. მანქანის საბაზისო ფასი $60 000-ია.

ახალი iX3 ასევე პირველი მოდელია, რომელიც ავტომწარმოებელმა თავის ახალ, Neue Klasse პლატფორმაზე დააფუძნა. ეს პლატფორმა, სამომავლოდ, ყველა ელექტრო BMW-ს საფუძველი გახდება. 800-ვოლტიანი არქიტექტურა მეექვსე თაობის eDrive სისტემაა, რომელიც ახლად შემუშავებულ ელექტროძრავებს მაღალი სიმკვრივის ცილინდრული ბატარეის უჯრედებთან აერთიანებს.

Honda-მ ახალი Prelude წარადგინა

წლების მოლოდინებისა და წინასაწარმოო პროტოტოპების შემდეგ, Honda-მ იაპონიაში Prelude წარადგინა. იაპონური დებიუტის შემდეგ კი, ახალი მოდელი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და სხვა გლობალურ ბაზრებზეც გამოჩნდება. ჰიბრიდის ღირებულება $41 700-ია, რაც მას Honda-ს ადგილობრივი პროდუქციის ხაზში ყველაზე ძვირად ღირებულ მოდელად აქცევს.

სპორტული დიზაინის კუპე Civic-ის შედარებით უფრო მაღალხარისხიანი, ორკარიანი ვერსიაა. მაღალი ფასი, მას სავარაუდოდ წარმადობაზე ორიენტირებული Civic Type R-ის ჰეტჩბეკის რიგებში განათავსებს.

ცნობისთვის, ავტომწარმოებელმა 2026 წლის Honda Prelude-ზე შეკვეთების მიღება 5 სექტემბრიდან დაიწყო. იაპონური კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ 2 000 ერთეული Prelude-ის გამოშვებას აანონსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები