მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

სტიქია რაჭაში შოვი

გთავაზობთ გასული კვირის (31 ივლისი - 6 აგვისტო) მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს

1) სტიქია შოვში - საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა

3 აგვისტოს რაჭაში შოვში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები განვითარდა, რასაც 6 აგვისტოს მდგომარეობით 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამაშველო სამსახურები მოქალაქეთა ძებნის პროცესს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. 7 აგვისტოს ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა.

წინასწარი ინფორმაციით, სტიქიის განვითარება 5 პროცესის თანხვედრამ განაპირობა. “მდ. ბუბასწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში,”- ნათქვამია ინფორმაციაში. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.

2) საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი აიკრძალა

საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ამერიკიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი 1-ელი აგვისტოდან აიკრძალა, ხოლო ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი კი 26 სექტემბრიდან შეიზღუდება, - ამის შესახებ bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს და აღნიშნეს, რომ ცვლილება სანქციების უახლესი პაკეტის ძალაში შესვლას უკავშირდება.

აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად:

"1-ლი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში.

ხოლო 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი."- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში. 

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

3) რეფინანსირების განაკვეთი 10.25%-მდე შემცირდა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამ დროისთვის 10.25 პროცენტს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ბრიფინგი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გამართა. ნათია თურნავას განცხადებით, არსებული პროგნოზით, წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე შემცირდება.

4) 7 აგვისტოდან მოქალაქეებს საკუთარი საპენსიო დანაზოგის პორტფელის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ

2023 წლის 7 აგვისტოდან საპენსიო სისტემის მონაწილეთა დანაზოგების პორტფელების მიხედვით დიფერენცირება მოხდება. თუკი ამ დრომდე ყველას დანაზოგი დაბალრისკიან პორტფელში იყო ინვესტირებული, 7 აგვისტოდან მოქალაქეთა დანაზოგები დაბალ, საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებზე გადანაწილდება. ამასთან 40 წლამდე პირების დანაზოგები ავტომატურად მაღალრისკიან პორტფელზე განთავსდება, 40-50 წლის პირების დანაზოგები საშუალო რისკიან პორტფელში განთავსდება, ხოლო 50+ წლის მოქალაქეთა დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელში დარჩება. ამასთან, მოქალაქეებს საკუთარი გადაწყვეტილებით პორტფელის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგიას აკრიტიკებს საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ საპენსიო სააგენტომ მოქალაქეებს მკაფიოდ უნდა განუმარტოს, რომ მაღალი რისკის პორტფელი მაღალ ამონაგებთან ერთად, მაღალ შესაძლო დანაკარგებთანაც არის დაკავშირებული.

5) საქართველოში წლიური ინფლაცია 0.3%-მდე შემცირდა

2023 წლის ივლისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ მხოლოდ 0.3% შეადგინა. ეს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ისეთ მნიშვნელოვან ჯგუფში, როგორიცაა სურსათი ფასები წლიურ ჭრილში ზრდის ნაცვლად 0.2%-ით არის შემცირებული. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 1.8%-ით არის გაზრდილი, ხოლო საცხოვრებლის მოვლისა და კომუნალური მომსახურების ჯგუფში ფასებმა წლიურად 2.3%-ით იმატა.

6) გამოქვეყნდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი, პოლიტიკა, ეკონომიკა, ხალხთა შორის ურთიერთობა - რა წერია შეთანხმებაში

საქართველო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას აფორმებს. მსგავსი კატეგორიის ურთიერთობა საქართველოს სულ რამდენიმე ქვეყანასთან აქვს.

“საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად. მხარეები გამოთქვამენ მზაობას მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლის კუთხით, საერთო განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად,”- ნათქვამია შეთანხმების ტექსტში.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ "გააგრძელებენ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს".

7) საქართველო მიესალმება ყველა შესაძლო ინვესტიციას ჩინეთიდან, მათ შორის ანაკლიის პორტშიც, აცახდებენ ოცნების ლიდერები

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება ნებისმიერ ინვესტიციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან. ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისი თქმით, სახელმწიფო “კატეგორიულად არ გამორიცხავს” შესაძლებლობას, რომ ანაკლიის პორტის პროექტი სწორედ ჩინურმა კომპანიამ განახორციელოს.

“ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში კატეგორიულად რატომ უნდა გამოვრიცხოთ? რატომ არის საფრთხე? თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩინეთი საქართველოსთვის საფრთხეა, ეს ძალიან საინტერესოა. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს იმაზე, რომ პროექტი შეიძლება ვინმეს გადაეცეს,”- აცხადებს პაპუაშვილი.

ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის განზრახულობის განაცხადში კიდევ ერთი, უკვე მეორე ცვლილება შევიდა. კვალიფიციური კანდიდატების შეტყობინების საბოლოო ვადა 28 ივლისის ნაცვლად, 20 სექტემბრამდე გადავადდა.

8) საქართველოს წინააღმდეგ ახალი საარბიტრაჟო დავა დარეგისტრირდა

შვეიცარიელმა ინვესტორმა რონალდ ვოლდმენმა და მის მიერ საქართველოში დაფუძნებულმა კომპანია შპს “ბაზელმა” საქართველოს წინააღმდეგ მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. ICSID-ის ვებგვერდის თანახმად, საქმე უძრავი ქონების პროექტს უკავშირდება, რომელთან დაკავშირებითაც ინვესტორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა მას დიდძალი ფინანსური ზარალი მიაყენა. როგორც ცნობილია კომპანიის საკუთრებაში კრწანისის ქუჩაზე 20 ჰექტარის უძრავი ქონება მდებარეობს. კომპანიამ კრწანისის საპრეზიდენტო რეზიდენციის ტერიტორია 2004 წელს შეიძინა, 2015 წელს აღნიშნული ქონება სასამართლომ დააყადაღა. ICSID-ის მიხედვით, მომჩივანი მხარის პოზიციებს საერთაშორისო იურიდიული ფირმა DLA Piper-ი წარმოადგენს, საქმესთან დაკავშირებით საარბიტრაჟო ტრიბუნალის ვებ-ვერდზე დამატებითი ინფორმაცია არ არის წარმოდგენელი. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

9) საქართველომ საგანგებო სიტუაციების მართვისთვის სამი სამაშველო ვერტმფრენი შეიძინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რაჭის სტიქიაზე საუბარისას განაცხადა, რომ სამი სამაშველო ვერტმფრენი უკვე შეძენილია.

ღნიშნული ვერტმფრენების შეძენის გადაწყვეტილება მთავრობამ 2022 წელს მიიღო და მათი მოწოდება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, 2024 წლისთვის უნდა მოხდეს. საუბარია Airbus-ის სამაშველო კატეგორიის  H 145 სამ ვერტმფრენზე.

2022 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ღირებულება 26.5 მილიონ ევროს შეადგენს.

პირველი პირველი შვეულმფრენის მიღება 17 თვის, მეორე შვეულმფრენის - 19 თვის განმავლობაში, ხოლო, მესამე შვეულმფრენის 20 თვის განმავლობაში მოხდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ვერტმფრენების მოწოდება არაუგვიანეს 2024 წელს უნდა მოხდეს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

10) საქართველომ რუსული გაზის იმპორტი გააორმაგა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან გაზის იმპორტი წლიურად 119%-ით გაზარდა.

2023 წლის ექვს თვეში საქართველომ რუსეთიდან ჯამში 422 მლნ კუბური მეტრის მოცულობის გაზი იყიდა, მაშინ როცა 2022 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 193 მლნ კბ.მ.-ია. ეს ინფორმაცია BMG-იმ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიისგან [სემეკი] მიიღო. რუსული გაზის შესყიდვისთვის გადახდილი თანხა 78 მილიონი დოლარია, მაშინ როდესაც გასულ წელს გაზის იმპორტი 33 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები