მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

62407f5dc86bd
ირაკლი მაკალათია
27.03.22 19:10
3520
გთავაზობთ გასული კვირის (21 – 26 მარტი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. 2021 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა
2. 2022 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
3. რუსეთ-უკრაინის ომის მოსალოდნელი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
4. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაუქმებული კოვიდ-რეგულაციები
5. მოსალოდნელია თუ არა პურის გაძვირება
6. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ისევ იზრდება
7. ENKA-მ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა
8. “რიყის დოქები” მეშვიდედ გამოცხადებულ აუქციონზე გაიყიდა
9. 2022 წლის იანვარ-თებერვლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
10. რა პროგრამებს დააფინანსებს მსოფლიო ბანკი საქართველოში

1. 2021 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა

2021 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8.8%-ით გაიზარდა. დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17.7%) და დამამუშავებელი მრეწველობა (12.3%), ხოლო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 5%-ით არის წარმოდგენილი. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, შეგახსენებთ, რომ 2021 წელს წინა წელთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა, თუმცა ასეთი მაღალი ზრდა მივიღეთ პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვებით შემცირებულ ეკონომიკასთან შედარებით. 2020 წელს რეალური მშპ 6,8%-ით შემცირდა, შესაბამისად თუ საბაზისო პერიოდად არაპენდემიურ, 2019 წელს ავიღებთ, მაშინ 2021 წელს 2019 წელთან შედარებით ეკონომიკა 2,9%-ით გაიზარდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3tG1LY9 

2. 2022 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა

2022 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტი 60,3%-ით გაიზარდა 429 045.6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 53,5%-ით და 995 523.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია რომ პანდემიამდე პერიოდთან, ანუ საბაზისო 2019 წელთან შედარებითაც აღნიშნული მაჩვენებლების ზრდა ფიქსირდება. საექსპორტო ქვეყნების სამეულია: ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი, ხოლო საიმპორტო ქვეყნების სამეული შემდეგია: თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. რუსეთში ექსპორტირებული პროდუქტების ყველაზე დიდი წილი კვლავაც ფეროშენადნობებზე, ყურძნის ნატურალურ ღვინოებსა და მინერალურ წყლებზე მოდის, ხოლო რუსეთიდან ძირითადი იმპორტი ნავთობზე, ნავთობის აირებსა და ნავთობპროდუქტებზე მოდის (23,6%), ხოლო ხორბლის ფქვილის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში 4,2%-ია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/36NE6Mo ; https://bit.ly/384r3XJ 

3. რუსეთ-უკრაინის ომის მოსალოდნელი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას აფასებენ Galt&Taggart-ის ანალიტიკოსები, რომელთა მოსაზრებით საქართველოდან ექსპორტი 10-15%-ის ფარგლებში შემცირდება. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს მკვლევართა აზრით, ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მაქსიმუმ 500 მილიონი აშშ დოლარის დანაკარგით შეიძლება აისახოს, თუმცა მისი შემსუბუქება 100 მილიონის დანაკლისამდეც შეიძლება მოხდეს. მენაშენეთა ასოციაციაში კი ფიქრობენ, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი არასტაბილურია და თვითღირებულის ზრდის ფონზე გასაყიდი ქონების ფასიც გაიზრდება, ხოლო ნახტომისებური ზრდა შესაძლოა რუსეთის ბაზარს გამოქცეული ბიზნესის მხრიდან მოთხოვნამაც გამოიწვიოს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/37UkO8G ; https://bit.ly/3qEmWIr ; https://bit.ly/3NqtfsM 


4. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაუქმებული კოვიდ-რეგულაციები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით: 28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში კვლავ სავალდებულო იქნება. უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა: კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებზე. ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშორმლებიც დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს.

მიმდინარე კვირაში მთავარობამ 14 განსახილველი საკითხიდან შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო: „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერი პროგრამა და ქალაქ რუსთავში სიმბოლურ ფასად 98 ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი ფართების დამტკიცება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3iBjx8R ; https://bit.ly/3IHRaAn; 

5. მოსალოდნელია თუ არა პურის გაძვირება

მეხორბლეების ინფორმაციით, ხორბლის ფასი 20%-ით გაიზარდა, 1 ტონა ხორბლის შემოტანა კი 400 აშშ დოლარი გახდა. შესაბამისად გაზრდილია ადგილობრივი წარმოების ფქვილის ღირებულებაც. პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ არსებული ფასები მომდევნო ორი თვის განმავლობაში შენარჩუნდება, მაისიდან პურის ღირებულება შესაძლოა 20 თეთრით გაძვირდეს. სახელმწიფო კი ფასის დაჭერის მიზნით 2 თვით სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს, რა პერიოდშიც 20 000 ტონა ხორბლის სუბსიდირება მოხდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wD9fgA ; https://bit.ly/36Kqz8t ; https://bit.ly/3qAbxJB 

6. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ისევ იზრდება

საწვავის საერთაშორისო ფასის მზარდ ტენდენციას თან დაერთდო რუსეთ-უკრაინის ომი, რამაც საწვავზე ფასების ზრდა კიდევ უფრო მეტად დააჩქარა. საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა თავის მხრივ გამოიწვია საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასის ზრდა, რასაც ემატება ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად გაძვირებული იმპორტის ხარჯები. ,,24 თებერვლიდან დღემდე ადგილობრივ ბაზარზე პრემიუმ მარკის საწვავი 64 თეთრით, რეგულარი 60 თეთრით, ხოლო ევრო დიზელი 85 თეთრით გაძვირდა.’’

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Dd488d ; https://bit.ly/3tHNqun 

7. ENKA-მ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა

,,ENKA Insaat’’-ის 2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით სახელმწიფოსა და ,,ENKA’’-ს შორის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყდა. ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ 40.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მშენებლობისთვის გაწეული დანახარჯები ჩამოწერა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/37OSC79 

8. “რიყის დოქები” მეშვიდედ გამოცხადებულ აუქციონზე გაიყიდა

ე.წ. “რიყის დოქები” მეშვიდედ გამოცხადებულ აუქციონზე 10 მილიონ ლარად გაიყიდა. მისი საწყისი ფასი 2020 წელს 96 მილიონ ლარი იყო. BMG-ის მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, “რიყის დოქები”-ს მფლობელი ლუქსემბურგში რეგისტრირებული ფირმა ,,Global Victory Trust’’ გახდა, ამ კომპანიის აქციონერია “გლობალ ვიქტორი ინვესტმენტ”, რომლის მფლობელი და დირექტორია მარიამ ხიდაშელი, ხოლო კომპანიის დირექტორატშია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი. კომპანიის განაცხადით, შენობაში ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმები ამოქმედდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/359RFp2 ; https://bit.ly/3tDV0pN ; https://bit.ly/37Utvjj 

9. 2022 წლის იანვარ-თებერვლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის 2022 წლის ბიუჯეტის ორი თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტში პირველ კვარტალში დაგეგმილი გადასახადების 60% შევიდა, რაც ჯამში 2.2 მილიარდი ლარის ტოლია. ამავე პერიოდში მთარობამ 590 მილიონი ლარის ახალი ვალი აიღო, საიდანად 63% საშინაო ვალი, ხოლო 37% საგარეო ვალია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qDzPCz 

10. რა პროგრამებს დააფინანსებს მსოფლიო ბანკი საქართველოში

მსოფლიო ბანკი საქართველოში აგრძელებს მთელი რიგი მიმართულებებით პროექტების დაფინანსებას. პირველი მასშტაბული პროექტით ,,World Bank’’ საქართველოსთვის 400 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ადამიანური კაპიტალის პროგრამას დააფინანსებს, რაც მიმართული იქნება განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად. ასევე, სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკი კახეთში მაგისტრალის მშენებლობას 109 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს, რისი დასრულების შემდეგაც ახალ პროექტს დაიწყებს, რომლის მიზანი ბადიაურის მონაკვეთის ახლოს ქალთა მონაწილეობით საწარმოების შექმნა და გაფართოება იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3NrK1b2 ; https://bit.ly/3NrK7zq 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები