მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები - 20-26 იანვარი

ივანიშვილი და კობახიძე

გთავაზობთ გასული კვირის (20-26 იანვრის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში:

გიორგი ბაჩიაშვილის საქმე განახლდა - გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს, რომ ივანიშვილი მისგან 5,000 ბიტკოინს მოითხოვს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის მხრიდან გიორგი ბაჩიაშვილისთვის 5,000 ბიტკოინის მოთხოვნა (საბაზრო ფასი $527 მილიონი) მუქარას არ წარმოადგენდა და ის ჩვეულებრივი მოლაპარაკება იყო. შესაბამისი განცხადება წიქვაძემ 24 იანვრის სასამართლო სხდომის შემდეგ გააკეთა. გიორგი ბაჩიაშვილმა 23 იანვრის გაასაჯაროვა მუქარის წერილი, რომელიც მისმა ადვოკატმა მიიღო. წერილის თანახმად, ივანიშვილი ბაჩიაშვილს თავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობდა 5,000 ბიტკოინის გადახდას, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ის ამ თანხას არ გადაიხდიდა, ყოველ გადაცილებულ თვეზე ძირი თანხისთვის 500 ბიტკოინის დამატება მოუწევდა.

ივანიშვილი დაობს, რომ 2015 წლის ივნისში გაცემული $5 მილიონის სესხით, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიაზე “ქართუ ბანკის” მიერ გაიცა, ბაჩიაშვილმა განახორციელა წარმატებული ინვესტიცია კრიპტოვალუტების მოპოვებაში და წმინდა მოგების სახით დიდი ოდენობის ბიტკოინები მიიღო. პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ წარდგენილი ბრალი 9,000 ბიტკოინის მითვისებას შეეხება. ამ კრიპტოვალუტის ღირებულება დღევანდელი ფასით 949 მილიონი დოლარია. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების შეფასებით, საქმე აბსურდულია, რადგანაც კონტრაქტი მიღებული მოგების განაწილებას არ უკავშირდებოდა და ის ჩვეულებრივი საბანკო სესხის სახეს ატარებდა.

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს უჩივის

ბიძინა ივანიშვილი უჩივის შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს, რადგანაც ბანკმა აშშ-ის სანქციები მისი ოჯახის წევრებზე და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზეც განავრცო.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს პერსონალური ფინანსური სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. როგორც ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი, ივანიშვილს Julius Baer-თან პრობლემები სანქციების დაწესებამდეც ჰქონდა, რადგანაც ბანკმა მას მიმართა ანგარიშის შეჩერების მოთხოვნით იქიდან გამომდინარე, რომ ის პოლიტიკურად აქტიურ პირს წარმოადგენდა. აშშ-ის სანქციების შემდეგ კი ბანკმა ივანიშვილის ოჯახის წევრების და მათ მიერ დაფუძნებული კომპანიების ანგარიშების მომსახურებაც შეაჩერა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ივანიშვილს ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ოჯახის წევრებზე აქვს გაფორმებული, მაგალითად ქართუ ბანკი, ქართუ ფონდი და ქართუ ჯგუფი მისი შვილის უტა ივანიშვილის საკუთრებაშია, ხოლო თანაინვესტირების ფონდი მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაშია.

2025 წელს 9%-იანი ზრდა თუ 2%-იანი რეცესია - განსხვავებული მოლოდინები

"აბსოლუტურად რეალურია, რომ ეკონომიკური ზრდის წლევანდელმა მაჩვენებელმა 9%-ს გადააჭარბოს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 23 იანვრის პრესკონფერენციაზე განაცხადა და მიუთითა რომ წინა წლებშიც მთავრობას უფრო დაბალი საბაზო პროგნოზები ჰქონდა და წლის განმავლობაში ქვეყანა მაღალ ეკონომიკურ ზრდას აღწევდა.

2025 წელს ქვეყანაში კრიზისს მოელის ყოფილი პრემიერი და საკონსულტაციო კომპანია "რეფორმატიკსის" დამფუძნებელი ნიკა გილაური. ანალიტიკასთან ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ გარდაუვალია ლარის გაცვლითი კურსის 15%-20%-ის ფარგლებში გაუფასურება და ასევე ინფლაციის ზრდა, ეკონომიკურ პროგნოზზე კი გილაური მიიჩნევს, რომ ოცნების იზოლაციონისტური პოლიტიკის და მზარდი სანქციების პირობებში წელს საქართველოს ეკონომიკა ნულოვან ზრდაზე გავა, არაა გამორიცხული 2%-იანი რეცესიის ალბათობაც.

ქართულ-რუსული ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში "ქართულ-რუსული" ბიზნესასოციაცია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძეა. აღნიშნული BMG-ს თავად ბიზნესმენმა 24 იანვარს დაუდასტურა. მისი თქმით "ქართულ-რუსული" ბიზნესასოციაციის უმთავრესი მიზანი იქნება, დაეხმაროს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებული. მისი ინფორმაციით, ასოციაციის შეხვედრაზე 60-მდე კომპანია იყო, რომლებიც ძირითადად მეღვინეები არია. ნიშნიანიძემ რამდენიმე წევრიც დაასახელა.

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ახალ ბიზნეს ასოციაციაზე დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ინფორმაციას არ ფლობდა, თუმცა ისაუბრა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, თუ იქნება ასოციაცია, რომელიც ამ ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის განმავლობაში მთავრობამ 20.2 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც 2024 წლის დეკემბერში კორექტირებული ბიუჯეტის საგადასახადო გეგმის 100% იყო.

გადასახადი მობილიზებული თანხა ლარებში წლიური გეგმის %
დამატებული ღირებულების გადასახადი 7,558,795,800 100.2%
საშემოსავლო გადასახადი 6,627,721,700 100.4%
მოგების გადასახადი 3,117,548,500 101.5%
აქციზი 2,488,024,900 104.5%
იმპორტის გადასახადი 138,902,300 102.9%

საქართველოს ექსპორტის სტატისტიკა 2024 წელს მთავარი საექსპორტო საქონელი

2024 წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობამ 6.56 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 7.8%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ამ ზრდაში მთავარი წვლილი მიუძღვის მსუბუქი ავტომობილების, ფეროშენადნობების და სპირტიანი სასმელების ექსპორტს, რომელთა მოცულობამაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა წინა წლის მონაცემებს. ამავე დროს, განსაკუთრებული მატება დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების მადნებსა და კონცენტრატების მიმართულებით.

# სასაქონლო ჯგუფი 2024 (აშშ დოლარი) ცვლილება (%)
1 მსუბუქი ავტომობილები 2,426,754,000 14%
2 ფეროშენადნობები 322,194,000 78%
3 სპირტიანი სასმელები 288,629,000 47%
4 ყურძნის ნატურალური ღვინოები 275,998,000 7%
5 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 237,506,000 264%
6 მინერალური და მტკნარი წყლები 163,782,000 25%
7 მედიკამენტები 129,519,300 2%
8 თხილი და სხვა კაკალი 106,229,000 19%
9 აზოტოვანი სასუქები 118,907,000 -25%
10 თხილი და სხვა კაკალი 106,229,400 19%
დანარჩენი საქონელი 2,351,760,000 -11%

ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები აქტივებს ოფშორებიდან ქართულ კომპანიებზე აფორმებენ

ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ 2025 წლის 20 იანვარს საქართველოში ახალი სააქციო საზოგადოება სს "ლუსოლი" დააფუძნა. კომპანია საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირდა, წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, კომპანია "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნატო ხაინდრავამ მის სახელზე ეკატერინე ხვედელიძის მიერ გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე დარეგისტრირდა.

2024 წლის 31 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილის შვილმა უტა ივანიშვილმა საქართველოში "ატუ ჰოლდინგი" დაარეგისტრირა. ქართუ ჯგუფი, ქართუ ფონდი და ქართუ ბანკი სწორედ ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტა ივანიშვილის საკუთრებაშია, რომლებსაც ის ოფშორების გავლით ფლობდა, სავარაუდოდ ატუ ჰოლდინგი ამ აქტივების ქართული იურიდიული პირის ქოლგის ქვეშ მოქცევას ისახავს მიზნად. აქტივების გადაფორმებას ახორციელებს თავად ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც 2024 წლის 31 დეკემბერს პანამურ ოფშორზე Limestone Finance International-ზე რეგისტრირებული კომპანიები ქართულ სააქციო საზოგადოება "ტერაზე" გადააფორმა.

ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა

გასული სამუშაო კვირის განმავლობაში, წინა პარასკევს მიღებულ კურსთან შედარებით ლარი აშშ-დოლართან მიმართებით გაუფასურდა 4.22 თეთრით, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.8834 ლარი გახდა. ამასთან ლარი 9.71 თეთრით გაუფასურდა ევროსთან, რამაც 3.0247 ლარი შეადგინა, გირვანქა სტერლინგთან კი გაუფასურება 11.63 თეთრი იყო, შედეგად კურსმა 3.5846 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები