მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უჩივის ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს 8 წლის შემდეგ? - ადვოკატის განმარტება

64abb2533ca2b
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.23 11:26
865
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო. საქმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის მიმართ 8 წლის შემდეგ წამოიწყო, 8 253 ბიტკოინის მითვისებას შეეხება.

ბიზნესმენის ინტერესების დამცველი ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე Facebook-ის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც დეტალურად აღწერს, რატომ დაადანაშაულა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილი 8 წლის შემდეგ ბიტკოინების მითვისებაში.

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას, 2015 წლის ზაფხულში გიორგი ბაჩიაშვილმა ჩემს მარწმუნებელს მიმართა ბიზნეს წინადადებით. კერძოდ, მისი განმარტებით, თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში.

შეთავაზებული ბიზნეს წინადადება საინტერესო აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისათვის. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ სრულად ენდობოდა გიორგი ბაჩიაშვილს, დათანხმდა მის წინადადებას და გადაწყვიტა ბიტკოინების მაინინგში 5 (ხუთი) მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება.

ბიძინა ივანიშვილს სურდა საინვესტიციო თანხის მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებიდან გაცემა. თუმცა, გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, თანხის ინვესტირება უნდა მომხდარიყო რამდენიმე ეტაპად, რისთვისაც საჭირო იქნებოდა თანხის ეტაპობრივად მისთვის გადაცემა და უფრო მეტი მოქნილობისათვის, მიზანშეწონილად მიიჩნია საინვესტიციო თანხის გაცემა სს ,,ბანკი ქართუს“ მეშვეობით მის კომპანიაზე. გიორგი ბაჩიაშვილის არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მისთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, ინვესტორის შეწუხების (რომელსაც მისივე განმარტებით გააჩნდა მცირე დრო, ბევრი სხვა საკითხი განსახილველი და მასთან მოხვედრაც კი ხშირად ობიექტურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული), მასთან წინასწარი და ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე, შეძლებდა ბანკიდან დამოუკიდებლად განეკარგა საინვესტიციო თანხები.

ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმა აღნიშნულს და გიორგი ბაჩიაშვილისათვის 5 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფის დავალება მისცა იმჟამად სს ,,ბანკი ქართუს“ (რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეც თავად იყო და ამ თვალსაზრისით, იცვლებოდა მხოლოდ საინვესტიციო ფულადი სახსრების გაცემის ფორმა) გენერალურ დირექტორს ნატო ხაინდრავას.

მიღებული დავალების შესაბამისად, 2015 წლის აგვისტოში გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შეთავაზებულ და მის მიერ კონტროლირებად უცხოურ კომპანიას სს ,,ბანკმა ქართუმ“ გამოუყო 5 მილიონი აშშ დოლარი სესხის ფორმით. ბანკის მიერ გაცემული სესხი იყო საბლანკო ანუ არაუზრუნველყოფილი, ხოლო მისი სრულად უზრუნველყოფა მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირადი თანხით.

შესაბამისად, უდავოა, რომ რეალური ინვესტორის მახასიათებელი/განმსაზღვრელი ყველა ქმედება (როგორც ფულადი სახსრების მოძიება/მიწოდება, ასევე თავდაპირველად არაუზრუნველყოფილი სესხის ფორმით წარმოშობილი ვალდებულების სრული უზრუნველყოფა პირადი სახსრებით) განხორციელებულია ჩემი მარწმუნებლის მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნეს წინადადებიდან გამომდინარე სრული რისკის ამღები და მატარებელი გახლდათ ბატონი ივანიშვილი. პროექტი რომ არ ყოფილიყო მომგებიანი და ეჭვქვეშ დამდგარიყო სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხი, ამ შემთხვევაში სწორედ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი სახსრებიდან მოხდებოდა დავალიანების დაფარვა და არა ბრალდებულის კუთვნილი ქონების ხარჯზე. აღნიშნული კი სრულიად შესაძლებელი გახლდათ, ვინაიდან პროექტი იყო უაღრესად რისკიანი და ძალიან მაღალი ალბათობა არსებობდა მასში ინვესტირებული ფულადი სახსრების დაკარგვისა. აქედან გამომდინარე, იბადება რიტორიკული კითხვა, თუ ბაჩიაშვილს საკუთარი თავი მიაჩნდა ინვესტორად და რისკის ამღებ პირად, რატომ არ მოახდინა თავიდანვე კრედიტის უზრუნველყოფა მის (პირადად მისი, მისი კომპანიების ან ოჯახის საკუთრებაში არსებული) საკუთრებაში არსებული ქონებით?! ცხადია, პასუხი მარტივია - იგი წარმოადგენდა არა ინვესტორს, არამედ ახორციელებდა პროექტის ტექნიკურად შესრულების მენეჯმენტს.

თანხის ინვესტირებიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ, ჩემს მარწმუნებელთან კომუნიკაციისას, გიორგი ბაჩიაშვილმა გამოთქვა შეშფოთება კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო. მან შეძლო ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციის გზით მოეხდინათ ინვესტირებული თანხის დაბრუნება, ვინაიდან მისივე განმარტებით, იმ მომენტისათვის გამომუშავებული ბიტკოინების ღირებულება მხოლოდ აღნიშნულისათვის იქნებოდა საკმარისი (უფრო ზუსტად კი, ბატონი ბაჩიაშვილი აცხადებდა, ეგებ ის მაინც მოვახერხოთ, რომ ინვესტირებული თანხები ამოვიღოთო). ბატონ ივანიშვილს ერთი მხრივ სრული ნდობა გააჩნდა ბრალდებულის მიმართ, ხოლო მეორე მხრივ თავიდანვე იცოდა, რომ პროექტი უკიდურესად რისკიანი იყო. უხეში მაგალითის სახით, რისკის ხარისხი სამორინეში კონკრეტულ ციფრზე ფსონის დადებასაც კი შეიძლება შევადაროთ. შესაბამისად, ინვესტიციის დაკარგვის ალბათობა იყო ძალიან მაღალი. ეს შესაძლოა ისეთი უკიდურესი და მძიმე ფორმებითაც კი მომხდარიყო, როგორიცაა კონკრეტული კრიპტოვალუტის მიმოქცევიდან ამოღება/მისი სტატუსის გაუქმება (ამგვარი მსჯელობები, იმ პერიოდში, საკმაოდ აქტუალური იყო). სწორედ ეს გარემოებები გახდა საფუძველი ბატონი ივანიშვილის მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემისა.

მართლაც, შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში დააბრუნა ბანკიდან სესხის ფორმით მიღებული 5 მილიონი დოლარი, ხოლო დაახლოებით ერთი წლის შემდგომ, ნატო ხაინდრავას ხელზე გადასცა 536 900 დოლარი, რომელიც მისივე განმარტებით დარჩენილი იყო ინვესტიციის დაბრუნების შემდგომ, მაინინგის შედეგად გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხიდან.

იმჟამად გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა სერიოზული საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ პროექტში, ინვესტირებული ფულადი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ (რის შესახებაც ქვემოთ დეტალურად მოგახსენებთ და რაც ცხადყოფს, თუ რატომ მოხდა ბატონი ბაჩიაშვილის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ინვესტორის მხრიდან რეაგირება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდგომ), ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით და გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ინვესტორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორით.

შედეგად აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, რაც დასტურდება ელემენტარული გამოთვლებითაც კი (ამ ნაწილში საზოგადოებას თავს არ შევაწყენთ კონკრეტულ ციფრებზე საუბრით)“, - წერს თეიმურაზ წიქვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები