მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 13-19 აპრილი

ირაკლი რუხაძე დავით ცაავა

გთავაზობთ გასული კვირის (13-19 აპრილის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.

"ბაზისბანკმა" "ლიბერთი ბანკი" შეისყიდა

საქართველოს საბანკო სისტემაში ცვლილებებია - აქტივების სიდიდით მეოთხე "ბაზისბანკმა" მესამე უმსხვილესი - "ლიბერთი ბანკი" შეიძინა. გარიგება მოიცავს ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის Hunnewel Partners-ისგან აქციათა საკონტროლო - 95.99%-ის წილის გამოსყიდვას. ტრანზაქციის ღირებულება კონფიდენციალურია. ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულში დაასრულა აღნიშნული გარიგების კვლევა და დაასკვნა, რომ გაერთიანება ქვეყნის საბანკო სისტემაში არსებული კონკურენციის დონეზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენდა.

შერწყმის შემდეგ გაერთიანებული ბანკის პარამეტრები აქტივების ზომით იქნება 11.18 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 10.53%-ია. საკრედიტო პორტფელი 8 მილიარდი ლარი, რაც სისტემის 10.9%-ია, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი კი ასევე 8 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 11.5%-ია.

"წელიწად-ნახევარია ამ გარიგებაზე ვმუშაობდით, ბატონ დავით ცაავასთან ერთად და მივიყვანეთ ბოლომდე. ვფიქრობ, ეს არის კარგი ჩვენთვის, როგორც ინვესტორისთვის, რომელმაც ეს ბანკი რვა წლის წინ იყიდა და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი “ბაზისბანკისთვის” და მისი მფლობელებისთვის და ძალიან კარგია საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ფაქტობრივად ორჯერ იზრდება მესამე ბანკი და ეს კარგია ყველანაირად კონკურენციის გაზრდისთვის. აგრეთვე მეტი რაღაცების გაკეთება შეეძლება გაერთიანებულ ბანკს, ვიდრე ცალ-ცალკე შეეძლო. დარწმუნებული ვარ, მენეჯმენტის გუნდი მაღალი სინერგიით აითვისებს ამ ყველაფერს, რომ ეს ორი ბანკი ერთ ბანკად გადაიქცეს და ამაში წარმატებას ვუსურვებ,"- განაცხადა ბანკის გაყიდვის ხელმოწერის შემდეგ Hunnewel Partners-ის დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ.

მარტში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 321 მილიონი დოლარი გადმორიცხეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 320.6 მლნ აშშ დოლარი (871.6 მლნ ლარი) შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 9.8%-ით (28.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის მარტის ანალოგიურ მონაცემზე.

გასული თვის განმავლობაში საქართველომ ყველაზე მეტი გზავნილი კვლავ აშშ-დან გადმოირიცხა, რაც 61 მილიონ დოლარს შეადგენდა. აშშ-დან გზავნილების ზრდა 11%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა იტალია 55 მილიონი დოლარით (მატება 10%), მესამეზე კი რუსეთია 38 მილიონი დოლარის გზავნილებით, საიდანაც გადმორიცხული თანხა წლიურად 1%-ით გაიზარდა.

მთავრობამ "იგლ ჰილს საქართველოს" 6.3 მილიონი კვადრატული მეტრის მიწა უზურფუქტით გადასცა

საქართველოს მთავრობამ კომპანია "იგლ ჰილს საქართველოს" თბილისის მიმდებარედ მიწები უზურფუქტით გადასცა - ამის შესახებ უძრავი ქონების რეესტრზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომლის თანახმადაც 38 ერთეული მიწის ნაკვეთი რომელთა ჯამური ფართობიც 6,257,139 კვადრატულ მეტრს შეადგენს, კომპანიას 2-წლიანი უზურფუქტის უფლებით გადაეცა. მიწის ნაკვეთები მდებარეობს სოფლებში ყარაჯალარში, აღთაკლიაში, ფონიჭალასა და კრწანისში. როგორც აქამდე იყო ცნობილი პროექტი, Tbilisi Waterfront-ის სახელით განხორციელდება და ის 590 ჰექტარზე განთავსდება (რაც 5.9 მლნ კვადრატული მეტრია), თუმცა უზურფუქტით გადაცემული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 626 ჰექტარია. აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიამ ურბანული განვითარების პროექტი უნდა მოამზადოს და გრგ შესათანხმებლად და დასამტკიცებლად სახელმწიფო უწყებებს უნდა წარუდგინოს. ამასთან, Eagle Hills-მა Tbilisi Waterfront-ის წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. 2026 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 257 ბინა უკვე გაიყიდა. პროექტში უძრავი ქონების საწყისი ფასი კვადრატულ მეტრზე 2090 დოლარს შეადგენდა.

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი დაჩქარებული წესით შეიცვალა

"ქართული ოცნება" 1 თვის წინ ამოქმედებულ შრომითი მიგრაციის კანონს ამარტივებს. პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს. ინიციატორთა განმარტებით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება, მართვა და აღრიცხვა, თუმცა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა უფრო დიფერენცირებული მიდგომის დანერგვა შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობისა და სპეციფიკის მიხედვით და გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების ცალკე სპეციალურ რეჟიმში მოქცევა. კანონის მოქმედება აღარ გავრცელდება არც იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებს ემსახურებიან. ამასთან, კანონი აღარ ავალდებულებს შრომითი ნებართვის აღებას პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს დირექტორებსაც.

მარტში საქართველოს ექსპორტი 24%-ით გაიზარდა

საქსტატმა 2026 წლის მარტის და პირველი კვარტალის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მარტში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 135 მილიონი დოლარით (24%-ით) 697 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს, ის 67 მილიონი დოლარით, ანუ 4%-ით, 1.59 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. პირველ კვარტალში კი ჯამურად საქართველოს ექსპორტი 1.72 მილიარდ დოლარს შეადგენდა (ზრდა წინა წელთან 23%), იმპორტი კი 4.13 მილიარდი დოლარი იყო (შემცირება წინა წელთან 7%). საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 20 აპრილს გამოაქვეყნებს, შესაბამისად გაირკვევა რომელი საქონლის იმპორტი და ექსპორტი გაიზარდა გასული თვის განმავლობაში.

აბასთუმნის თავზე საჰაერო მიმოსვლა აიკრძალა

16 აპრილიდან ძალაში შევიდა ირაკლი კობახიძის მიერ 9 თებერვალს ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც აბასთუმნის საჰაერო ცას თვითმფრინავებისთვის კეტავს. განისაზღვრა დაახლოებით 52-კილომეტრიანი სპეციალური ზონა, სადაც საჰაერო მოძრაობა იზღუდება. ტერიტორიაზე გადიოდა რამდენიმე საერთაშორისო ავიატრასა, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ფრენებისთვის გამოიყენება.

„საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ზურაბ ავალიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, შემზღუდველი ზონის შექმნა საჰაერო მარშრუტების გაუქმებას არ იწვევს.

2010 წლამდე მიღებული 4-წლიანი განათლება მაგისტრთან გათანაბრდება - რა იცვლება კანონში

საქართველოს მთავრობა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს გეგმავს, რომელიც ათასობით მოქალაქის უმაღლესი განათლების აღიარების წესს შეეხება.

ცვლილებების პაკეტი, რომელიც განათლების სამინისტრომ მოამზადა, მიზნად ისახავს ძველი - 2010 წლის 1 სექტემბრამდე - ერთსაფეხურიანი პროგრამების კურსდამთავრებულთა დიპლომების აღიარების პროცესის გამარტივებას. კერძოდ, იგეგმება 4-წლიანი განათლების მაგისტრთან გათანაბრება, მაშინ როცა ამ დრომდე მოქმედი კანონით, მიღებული განათლება სწავლის ხანგრძლივობის მიხედვით იყოფოდა შემდეგნაირად:

  • 5-წლიანი პროგრამის დიპლომი უთანაბრდებოდა მაგისტრს;
  • 4-წლიანი პროგრამის დიპლომი კი ბაკალავრს.

ღვინის სავალდებულო მარკირების კანონპროექტით, 2027 წლიდან ყველა ბოთლზე 10 თეთრის ღირებულების მარკა უნდა განთავსდეს

ახალი ვენახების გაშენების რეგულირების შემდეგ, მთავრობა ღვინის წარმოების რეგულირებას ამკაცრებს. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტი უკვე პარლამენტშია.

უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის მიხედვით:

  • საყოველთაო სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ყველა კატეგორიის ღვინო დაექვემდებარება, როგორც საექსპორტო ისე ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი;
  • შემოღებული იქნება სავალდებულო ნიშანდების სისტემა. ცვლილებების მიხედვით, მარკირება ფასიანი იქნება და სავარაუდოდ 1 ბოთლ სასმელზე 10 თეთრით განისაზღვრება. ღვინის მარკირების სისტემა სრულად 2027 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

1 ივლისიდან კვების ობიექტებში პლასტიკის ბოთლების, პლასტიკის ჭურჭლის და კონტეინერების გამოყენება იკრძალება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას 2026 წლის პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი ცვლილების შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის სასმელების პლასტიკის ბოთლებით, ასევე საკვების პლასტიკის ჭურჭლით და კონტეინერებით მიწოდებას კრძალავს.

უწყება კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ 2026 წლის პირველი აპრილიდან უკვე აიკრძალა საქართველოში ერთჯერადი პლასტიკის ჭურჭლის, ჭიქების, თეფშების, დანების, კოვზების, საწრუპების იმპორტი და რეალიზაცია, რასაც პირველი ივლისიდან პლასტიკის ბოთლებით საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სასმელების რეალიზაციაც დაემატება. შესაბამისად, პირველი ივლისიდან კომპანიებს მომხმარებელთა მომსახურება ალუმინის ქილის ან შუშის ბოთლების გამოყენებით მოუწევთ.

სებ-ი საჭიროების შემთხვევაში განაკვეთს გაზრდის

საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მზადაა მონეტარული პოლიტიკის გასამკაცრებლად - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ნათია თურნავა ამბობს, რომ მარტში დაფიქსირებული ინფლაციის 4.3%-იანი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მოლოდინებთან თანხვედრაში იყო, თუმცა გლობალურად მიმდინარე პროცესები გარკვეულ გავლენას მომდევნო პერიოდში საქართველოზეც მოახდენს.

სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ინფლაციური ზეწოლა მიწოდების შოკიდან მომდინარეობს, რაზეც როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მყისიერად არ რეაგირებენ. შესაბამისად, მისი თქმით, სებ-ი საერთაშორისო პროცესებს კვლავ აკვირდება.

ახლო აღმოსავლეთიდან გადამისამართებული ტურისტული და კაპიტალის ნაკადებით, საქართველომ და სომხეთმა შესაძლოა, სარგებელი მიიღონ - IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველომ და სომხეთმა შესაძლოა, გარკვეული ეკონომიკური სარგებელი მიიღონ ახლო აღმოსავლეთიდან გადამისამართებული ტურისტული და კაპიტალის ნაკადებით.

ამის შესახებ IMF-ის ახალ რეგიონულ ანგარიშში ნათქვამი, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკურ პროგნოზებს და მასზე ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენას მიმოიხილავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად ვაჭრობის შეფერხებები წარმოადგენს მთავარ რისკს რეგიონისთვის, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ რიგმა ქვეყნებმა შესაძლოა, მიმდინარე პროცესებიდან გარკვეული ეკონომიკური სარგებელი მიიღონ.

IMF-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა 2026 წელს 4.8%-ით გაიზრდება, ხოლო 2027 წელს - 4.5%-ით.

IMF-ის აპრილის გლობალური ეკონომიკური ზრდის განახლებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება.

რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნების მიხედვით ზრდის პროგნოზს, სავალუტო ფონდი ელის, რომ საქართველოში მიმდინარე წელს 5.3%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი წინა პროგნოზთან მიმართებაში უცვლელადაა შენარჩუნებული.

2026 წელს სავალუტო ფონდის პროგნოზები რეგიონის ქვეყნებისთვის ასე ნაწილდება:

  • საქართველო - 5.3%
  • სომხეთი - 5.3%
  • აზერბაიჯანი - 2.2%
  • ტაჯიკეთი - 6%
  • ყირგიზეთი - 6.1%
  • ყაზახეთი - 4.6%
  • თურქმენეთი - 2.6%
  • უზბეკეთი - 6.5%

საქართველოში Starbucks-ის პირველი ობიექტი ზაფხულში გაიხსნება

„სტარბაქსის" პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო "აწარმოე საქართველოში" იტყობინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები