მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 16-22 მარტი

ფული ლარი

გთავაზობთ გასული კვირის - 16-22 მარტის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში მკვეთრად გაიზარდა

მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავის გაძვირება გრძელდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბენზინის ფასი კიდევ 5-20 თეთრით, დიზელის კი 15-32 თეთრით გაიზარდა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

  • სუპერი: გაძვირდა 3-დან 20 თეთრამდე. საშუალო ფასი: ₾3.68
  • ევრო რეგულარი / რეგულარი: გაძვირდა 5-დან 21 თეთრამდე. საშუალო ფასი: ₾3.14
  • დიზელი / ევრო დიზელი: ყველაზე მაღალი ზრდა — 15-დან 32 თეთრამდე. საშუალო ფასი: ₾3.50

შეიძლება გადავავადოთ, შეიძლება შევცვალოთ - ირაკლი კობახიძე პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ბიზნესსექტორთან კონსულტაციების გარეშე არ იქნება მიღებული. კობახიძის თქმით, მთავრობა მზად არის, განიხილოს როგორც რეგულაციის გადავადება, ისე მისი შეცვლა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საკითხზე მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს და მას პირადად ჰქონდა კომუნიკაცია სექტორის წარმომადგენლებთან.

საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ 12 მარტის სხდომაზე მიიღო დადგენილება „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“.

აქციზი 6 წლამდე ავტომობილებისთვისაც იზრდება - ცვლილება საგადასახადო კოდექსში

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მსუბუქი ავტომობილების განბაჟების აქციზი იზრდება, მათ შორის 6 წლამდე ასაკის ავტომობილებზეც. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატებმა დაარეგისტრირეს. დოკუმენტის თანახმად, 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი ერთიანი გახდება და ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარს შეადგენს. 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის კი გადასახადი 4.5 ლარამდე გაიზრდება. უფრო დეტალურად, აქციზის განაკვეთები ასე გადანაწილდება:

  • 1 წლამდე ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 1 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 2 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 3 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 7%;
  • 4 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 25%;
  • 5 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 50%;
  • 6 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 88%;

მაგალითად, თუ ამჟამად 6 წლის და 2.5 ლიტრიანი ძრავის მქონე ავტომობილის განბაჟების აქციზი დაახლოებით 2 ათას ლარს შეადგენს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ის 3 750 ლარამდე გაიზრდება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეღავათს ჰიბრიდულ ავტომობილებზე — 6 წლამდე ასაკის ჰიბრიდებისთვის აქციზის განაკვეთი 60%-ით შემცირებული დარჩება.

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტი $1 მილიარდი იყო

საქსტატმა 2026 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპორტი პერიოდის განმავლობაში 22.9%-ით 1.02 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. უფრო დეტალურად საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასე ნაწილდება:

  1. მსუბუქი ავტომობილები: $216 მლნ (კლება -24%)
  2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები: $126 მლნ (ზრდა +217%)
  3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები: $93 მლნ (ზრდა +480%)
  4. სპირტიანი სასმელები: $35 მლნ (ზრდა +20%)
  5. თხილი და სხვა კაკალი: $34 მლნ (ზრდა +84%)

2026 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტი 2.5 მილიარდი დოლარი იყო

საქსტატმა 2026 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იმპორტი 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით არის შემცირებული. იმპორტის კლება მეტწილად უკავშირდება შარშან განხორციელებულ ერთჯერად ოპერაციას, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების საქართველოში რელოკაციასთან იყო დაკავშირებული. უფრო სრულად იმპორტის სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  1. მსუბუქი ავტომობილები: $333 მლნ (კლება -37%)
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები: $209 მლნ (ზრდა +3%)
  3. ბუნებრივი აირი: $135 მლნ (კლება -7%)
  4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული: $117 მლნ (ზრდა +23%)
  5. სატელეფონო აპარატები (სმარტფონები): $50 მლნ (ზრდა +21%)

საშუალო ხელფასი 2466 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

საქსტატმა 2025 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით საქართველოში საშუალო ხელფასების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში დაქირავებულთა საშუალო ანაზღაურება თვეში 2466 ლარს შეადგენდა, რაც ერთწლიან ჭრილში 249 ლარით, ანუ 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საშუალო ხელფასები მოიცავს მთლიან დარიცხულ ხელფასს, შესაბამისად ხელზე ასაღები საშუალო ხელფასის გამოსათვლელად საჭიროა მას საშემოსავლო გადასახადის სახით 20% გამოაკლდეს, რაც ამ შემთხვევაში 493 ლარს შეადგენს, შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით საშუალო ხელფასი 1973 ლარს შეადგენს. ტოპ 5 სექტორი ასე ნაწილდება:

  1. ინფორმაცია და კომუნიკაცია და IT სექტორი — საშუალო ხელფასი: 4373 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 3499 ლარი; წლიური ცვლილება: 9%
  2. მშენებლობა — საშუალო ხელფასი: 3939 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 3151 ლარი; წლიური ცვლილება: 17%
  3. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — საშუალო ხელფასი: 3748 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 2998 ლარი; წლიური ცვლილება: 11%
  4. სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება — საშუალო ხელფასი: 3386 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 2709 ლარი; წლიური ცვლილება: 32%
  5. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები — საშუალო ხელფასი: 3385 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 2708 ლარი; წლიური ცვლილება: 4%

საქართველოს ავტოექსპორტი შემცირდა

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან უცხოეთში ავტოექსპორტი შემცირდა. ჯამურად ექსპორტმა 216 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 68.9 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის შემცირებული. რაოდენობრივად კი ექსპორტზე გასულია 8,400 ავტომობილი, რაც წლიურად 31%-ით არის შემცირებული.

ავტოექსპორტის კლება დაკავშირებულია უმსხვილეს ბაზრებზე - ყირგიზეთში; ყაზახეთში; აზერბაიჯანსა და სომხეთში ავტომობილების ექსპორტის შემცირებასთან. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოდან ყირგიზეთში ავტოექსპორტის ბუმი აღინიშნებოდა. ეს ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ყირგიზეთი არ არის მიერთებული რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან, შესაბამისად, ყირგიზი ავტოდილერები არ არიან შეზღუდული შესყიდული ავტომობილები რუსეთში გაყიდონ, თუმცა 2026 წლიდან ამ მიმართულებით კლება აღინიშნება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ავტოექსპორტის ტოპ ათეულში მოხვდა ირანი, სადაც 4 მილიონი დოლარის ღირებულების 228 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 0-ს შეადგენდა. ამასთან, გაიზარდა ავტოექსპორტი მოლდოვასა და უკრაინაში.

2026 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში 3.5 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის იანვარ-თებერვლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 3.5 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, რაც 3 თვის გეგმის 63%-ია.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით საბიუჯეტო შემოსავლები ასე ნაწილდება:

  • საშემოსავლო გადასახადი - 1,430,145,200 ლარი, 3 თვის გეგმის 70.5%;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 1,370,874,100 ლარი, 3 თვის გეგმის 67.9%;
  • მოგების გადასახადი - 434,270,400 ლარი, 3 თვის გეგმის 46%;
  • აქციზი - 300,760,400 ლარი, 3 თვის გეგმის 57.8%;
  • იმპორტის გადასახადი - 21,332,300 ლარი, 3 თვის გეგმის 66.7%.

რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა საშემოსავლო კომპონენტებს, შიდა ვალით მობილიზებულია 34.5 მილიონი ლარი, ხოლო უცხოური ვალების სახით კი ბიუჯეტმა 1.4 მილიარდი ლარი მიიღო, საიდანაც 1.3 მილიარდი ($500 მლნ) ახალი ევროობლიგაციის განთავსებით მიღებული შემოსავალი იყო.

2025 წელს საქართველოს მშპ 7.5%-ით გაიზარდა, მისი ზომა 104.6 მილიარდ ლარს, ანუ $38.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა - საქსტატი

საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკის ზომამ მიმდინარე ფასებში 104.6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც აშშ დოლარში 38.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მშპ-მა ერთ მოსახლეზე საქართველოს ისტორიაში 10,000 დოლარის ნიშნულს პირველად გადააჭარბა და 10,296 დოლარს მიაღწია.

ეკონომიკის სექტორებს შორის გასულ წელს ყველაზე მაღალი ზრდა ინფორმაციის, კომუნიკაციის და IT სექტორში ფიქსირდებოდა, სადაც ზრდა 28.7% იყო. თუმცა აბსოლუტურ რიცხვებში სექტორის მშპ-ის ზომა 7.37 მილიარდი ლარი იყო, რითაც მან მეოთხე პოზიცია დაიკავა. ზრდის ტემპით მეორე ადგილზეა განათლების სექტორი, სადაც მატება 24.5%-ს შეადგენდა, მესამე ადგილს კი საფინანსო სექტორი იკავებს 12.9%-იანი ზრდით.

ამასთან, ეკონომიკის რამდენიმე სექტორში ზრდის ნაცვლად აქტივობის შემცირება დაფიქსირდა, მათ შორისაა სამთო მოპოვებითი მრეწველობა (მინუს 3%); სოფლის მეურნეობის (მინუს 5.7%); ენერგეტიკის (მინუს 4.5%) დარგები.

სპეციალური რეისებით მოქალაქეთა ქვეყანაში დაბრუნება 545,000 ევრო დაჯდა - განკარგულება

საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 545 000 ევროს ეკვივალენტი ლარი გამოყო, სპეციალური ავიარეისების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

შესაბამისი განკარგულების მიხედვით, თანხა გამოიყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, როდესაც რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვამ სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება გაართულა.

აპრილიდან სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პროგრამები გადაიხედება და განახლდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, აპრილიდან სოფლის განვითარების სააგენტოს აგროპროგრამები განახლდება. ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური ეკონომიკური ტენდენციებიდან გამომდინარე აგრობიზნესი არამხოლოდ ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, არამედ იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასაქმების ზრდაში, სოფლად განვითარების გაძლიერებასა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

სოფლის მეურნეობის ინდექსი

Galt & Taggart-მა სოფლის მეურნეობის სექტორის ინდექსი და მისი მაკროეკონომიკური ანალიზი წარადგინა, რათა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა გაიზარდოს და მოხდეს მასში არსებული მდგომარეობის სწორი შეფასება.

კვლევის თანახმად, სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტების (ნედლეულის) წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია შინამეურნეობებზე, ხოლო ბიზნესის წილი მხოლოდ 13%-ს შეადგენს. შესაბამისად ამ მხრივ კორპორატიზაციის მაჩვენებელი დაბალია. ამასთან, ქვეყანაში საშინამეურნეო ფერმების ფართობები 73%-ში ნაკლებია ერთ ჰექტარზე; 25%-ის ფართობი კი 1-5 ჰექტარის ფარგლებშია; ხოლო 5 ჰა-ზე უფრო დიდი მეურნეობების ზომა მხოლოდ 2%-ს შეადგენს. შედარებისთვის აზერბაიჯანში ფერმების 61% არის 1 ჰა-ზე მცირე ზომის; სომხეთში კი 60% რაც ამ ქვეყნებში ფერმერთა მხრიდან მიწის უფრო ეფექტიანად გამოყენების საფუძველს ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები