მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 2-8 მარტი

მასატო კანდა ADB ირაკლი კობახიძე

გთავაზობთ 2-8 მარტის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.

Lion Finance Group-ი პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 უმსხვილეს კომპანიაში შევიდა

Lion Finance Group PLC, რომელიც საქართველოს უმსხვილესი ბანკის "საქართველოს ბანკის" და სომხეთის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის - AmeriaBank-ის მფლობელი ჰოლდინგური ჯგუფია გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის უმთავრეს, FTSE 100-ის ინდექსში შევიდა. ეს ინდექსი აერთიანებს ბირჟაზე არსებულ 100 უმსხვილეს კომპანიას და ის მთლიანად ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარი ინდიკატორია.

Lion Finance Group-ის FTSE 100-ის ინდექსში შესვლა განაპირობა ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულების მნიშვნელოვანმა მატებამ, რომლის შედეგადაც 23 მარტიდან Lion Finance-ი ინდექსის წევრი გახდება.

აზიის განვითარების პრეზიდენტის ვიზიტზე განხილვის მთავარი საკითხი ინფრასტრუქტურის და ლოგისტიკის მხარდაჭერა იყო

გასულ კვირაში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასატო კანდა, რომელიც შეხვდა როგორც ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, ასევე პრემიერ კობახიძეს. ასევე, კანდამ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიაში ბანკის ახალი ოფისის გახსნაში. მასატო კანდა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სატრანსპორტო/ლოგისტიკური, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, კანდა ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკა შეინარჩუნა, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი მსხვილი საკრედიტო შეთანხმება, რომელიც მთავრობამ ADB-სთან გააფორმა ბათუმი-სარფის 11-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობის დაფინანსებას მოიცავს, პროექტის ღირებულება 360 მილიონი დოლარია. როგორც ცნობილია მთავრობა ADB-თან ასევე თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობისთვის დაფინანსების გამოყოფის თაობაზეც მართავს მოლაპარაკებებს.

თებერვალში ინფლაციამ 4.6% შეადგინა

2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაცია 4.6%-მდე შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის აღნიშნული. წინა თვესთან შედარებით წლიური ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, საქსტატის თანახმად ფასების ზრდის მთავარი მდგენელი კვლავ სურსათის ფასის ზრდაა, სადაც ფასები წლიურად 9.5%-ით არის გაზრდილი. ჯანდაცვის სექტორში ფასები მომატებულია 5.9%-ით, ხოლო ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები 4.3%-ით არის გაზრდილი. რაც ძირითადად თამბაქოზე აქციზის ზრდით არის განპირობებული.

თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები 358 მილიონი დოლარით, 6.6 მილიარდამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 358.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 6.65 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ჯერჯერობით, უცნობია რამდენი მილიონი დოლარი შეისყიდა სებ-მა გასული თვის განმავლობაში, თუმცა ზრდიდან გამომდინარე ეს თანხა, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღემატება, შესაბამისი სტატისტიკა 25 მარტს გახდება ცნობილი.

2025 წელს სავალუტო შესყიდვები 2.4 მილიარდი დოლარი იყო, 2026 წლის იანვარში კი შესყიდვების მოცულობა 87 მილიონ დოლარს შეადგენდა. რეზერვების მატების კიდევ ერთი ფაქტორი საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასის ზრდაა.

ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდა

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ბიუროს დაარსების დღიდან რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც პოსტზე იმჟამინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.

ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 15 დეკემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, ბიურო შეიქმნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 პრიორიტეტული ამოცანის საფუძველზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი კობახიძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთავარი მოვლენა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა იყო. სხდომა საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დღის წესრიგი, მათ შორის:

  • ვაჭრობის მოცულობის გაზრდის პერსპექტივები;
  • თანამშრომლობა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში;
  • რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები.

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება დასჯადი გახდა - პარლამენტმა კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური წყობილების ან ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა სასჯელის დანიშვნისას დამამძიმებელი გარემოება იქნება. კოდექსს დაემატა 316-ე პრიმა მუხლი, სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. ახალი მუხლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც სისტემატურად და საჯაროდ განახორციელებს შემდეგ ქმედებებს:

  • მოწოდება კანონმდებლობის მასობრივი დარღვევისკენ ან ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისკენ;
  • ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ მოწოდება;
  • საკუთარი თავის ან სხვისი თვითნებურად წარმოჩენა ხელისუფლების წარმომადგენლად;
  • ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებას და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

აღნიშნული ქმედებებისთვის კანონი ითვალისწინებს ფიზიკური პირებისთვის: ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას (400-დან 600 საათამდე) ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.

იურიდიული პირებისთვის: ჯარიმას ან ორგანიზაციის ლიკვიდაციას.

EU წევრ ქვეყნებს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციით მიმართავს

6 მარტს, ევროკომისიამ მიიღო სახელმძღვანელო წესები წევრი ქვეყნების საკონსულო უწყებებისა და სასაზღვრო სამსახურისთვის, რათა ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს რეკომენდაციები ითვალისწინებს საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმებას ევროკავშირის გარე საზღვრების კვეთისას. ძალაში შევიდა საქართველოში გაცემული დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება. ამით ევროკომისიამ გასული წლის ბოლოს მიღებული უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი პირველად საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა. ევროკომისია აცხადებს, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან საქართველო არღვევს ამ რეჟიმით აღებულ ვალდებულებებს ისეთ საკვანძო სფეროებში როგორიცაა დემოკრატია და ფუნდამენტური უფლებები.

გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა

"გრანტის" დეფინიცია გაფართოვდა. ამიერიდან გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი სახსრები, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების ავტორების თქმით, "შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას".

კერძოდ, ახალი კანონი ითვალისწინებს იმასაც, რომ თუ მაგალითად, "უცხოური ძალა" საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს (ტექნიკური დახმარება), ეს თანხაც გრანტად კლასიფიცირდება და მთავრობის თანხმობას საჭიროებს. ამასთან, უცხოური ორგანიზაციების ფილიალებს საკუთარი სათავო ოფისებიდან დაფინანსების მისაღებადაც კი მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, მკაცრ სანქციებს ადგენს წესების დარღვევისთვის. კერძოდ,

  • გრანტების შესახებ კანონის დარღვევა: გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე.
  • ფულის გათეთრება პოლიტიკური მიზნით: 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • გარე ლობიზმი: სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება უცხოური ძალისგან ფულის მიღება პოლიტიკური აქტივობის სანაცვლოდ (სანქცია: 6 წლამდე პატიმრობა).

თბილისში, არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მოწყობის პროექტზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა 2026 წლის 9 იანვარს გამოცხადებული 4.6-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც ფონდი იწვევდა არქიტექტურულ კომპანიებს თბილისში არსენალის მთაზე, სამთავრობო ქალაქის ესკიზური პროექტების მომზადებისთვის. როგორც სატენდერო კომისიის ოქმში არის აღნიშნული, შეწყვეტა უკავშირდება სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტებას. ტენდერის შეწყვეტისას, ექვს საინჟინრო არქიტექტურულ კომპანიას საკუთარი წინადადება და პროექტის რენდერები უკვე წარდგენილი ჰქონდა. შეთავაზებების ღირებულება 3.3-4.4 მილიონი ლარის ფარგლებში იყო.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში 77 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე სულ 282,750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს. მათ შორის უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10,000 კვადრატული მეტრის მისაღები სივრცეც. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის ყველაზე დიდი იქნება თბილისის მერია 59,900 კვადრატული მეტრის ფართობით, პარლამენტის შენობისთვის კი 31,350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობა იქნება გათვალისწინებული.

ისრაელზე, ირანსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ეკონომიკური დამოკიდებულება 2025-ში $1.55 მილიარდი დოლარი იყო - Galt & Taggart

Galt & Taggart-მა შეაფასა თუ რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. მთლიანობაში, 2025 წელს საქართველომ ტურიზმის, FDI-ის, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების არხების მეშვეობით ისრაელიდან, ირანიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 1.55 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ეს ქვეყნის მიერ მიღებული მთლიანი საგარეო შემოსავლის ($17.3 მილიარდი დოლარის) 9% იყო. ყველაზე დიდი კავშირი საქართველოს ამ ქვეყნებთან ტურიზმის მეშვეობით აქვს. 2025 წელს საქართველოს მთლიანი ტურისტული შემოსავალი 4.7 მილიარდი დოლარი იყო. აქედან ისრაელზე, ირანზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე 923 მილიონი დოლარი მოდიოდა, რაც მთლიანი შემოსავლის 20%-ია. რაც შეეხება ექსპორტს, ამ ქვეყნებში ექსპორტი ჯამურად 187 მილიონი იყო, რაც ექსპორტის 3%-ია, FDI 114 მილიონს შეადგენდა, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 7%; ხოლო ფულადი გზავნილები კი 330 მილიონი დოლარი იყო, რაც გზავნილების 9%-ია.

2026 წელს ბანკიდან ბანკში თანხის 24/7-ზე მყისიერი გადარიცხვების სისტემა ამოქმედდება - ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ წელზე მეტია მუშაობს მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვაზე, რაც საქართველოს კომერციულ ბანკებს, ასევე საგადახდო ოპერატორებს შორის 24/7-ზე მათ შორის დასვენების დღეებში გახდის გადარიცხვებს შესაძლებელს, ამ ახალ სისტემას IPS ეწოდება. სებ-ი ასევე მუშაობს ეროვნული ბანკთაშორისი გადახდების სისტემა RTGS-ის განახლებაზე და მასში უცხოური ვალუტების მოდულის დამატებაზე. პროექტის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ "ქართუ ბანკის" მიერ ორგანიზებულ პოდკასტში ისაუბრა. სებ-ის თანახმად, მყისიერი გადახდების სისტემა, ისევე როგორც განახლებული RTGS სისტემა 2026 წლიდან უნდა გაეშვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები