გთავაზობთ 8-14 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა $100 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა
10 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების მონეტარული ოქროს შესყიდვის შესახებ გააკეთა განცხადება. შესყიდვა ივნისის პირველ დღეებში განხორციელდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესყიდული ზოდები 999.9 სინჯის არის. სების მიერ შესყიდული ოქრო 745 კილოგრამს შეადგენს. სებმა მონეტარული ოქრო პირველად 2024 წლის გაზაფხულზე შეიძინა 229,478 უნციის, ანუ 7.13 ტონის მოცულობით. მისი ჯამური ფასი თავდაპირველად 500 მლნ დოლარი იყო, თუმცა უკვე 2026 წლის მაისის მდგომარეობით, აღნიშნული ოქროს ფასი 1.04 მილიარდ დოლარს შეადგენს. დამატებით შესყიდული ოქროს მოცულობიდან გამომდინარე, ჯამურად სებ-ის ოქროს რეზერვებმა 7.88 ტონას მიაღწია და მთლიანობაში, ოქროზე საქართველოს სავალუტო რეზერვების 15.5% მოდის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ 27 მაისს პარლამენტში განაცხადა , რომ სები ოქროს ზრდას განიხილავდა მთლიან რეზერვებში 25%-მდე წილით. ეს კი ნიშნავს, რომ ახლა შესყიდული 100 მილიონი დოლარის ოქროს გარდა, მარეგულირებელი კიდევ განიხილავს შესყიდვებს.
პირველ კვარტალში FDI 271 მილიონ დოლარამდე გაიზარდა
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 271.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.7%-ით მეტია. ზრდა სააქციო კაპიტალისა და სავალო ვალდებულებების ზრდამ განაპირობა. ინვესტიციების 53.8% რეინვესტიციაზე მოდის. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები გაერთიანებული სამეფო (52.4 მლნ დოლარი), აშშ (47.5 მლნ დოლარი) და ნიდერლანდები (29.2 მლნ დოლარი) იყვნენ. სექტორებს შორის ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში განხორციელდა — 125.1 მილიონი დოლარი, შემდეგ კი უძრავი ქონებისა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.
მთავრობა გზების მოვლა-შენახვის სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს
მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს. აქამდე აღნიშნულ ფუნქციას ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორები ასრულებდნენ, თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას სპეციალურად ამ მიზნისთვის დაფუძნებული სახელმწიფო კომპანია გადაიბარებს. პირველ ეტაპზე კომპანია გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა-შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს. ახალი კომპანიის დასაფუძნებლად დაახლოებით ₾63 მილიონის საწყისი ინვესტიციაა გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 11 ივნისს განაცხადა, რომ სამინისტრო აპირებს შეიძინოს 120 ერთეული ახალი ტექნიკა. მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო არ იქნება კერძო კომპანიების კონკურენტი და მათ განვითარებაზეც იზრუნებს.
IMF-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა. აქამდე არსებული პროგნოზი 5.3% იყო, შესაბამისად გაუმჯობესება 1.2 პროცენტული პუნქტია. აღსანიშნავია, რომ IMF-ის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა 2026 წლის IV მუხლის კონსულტაცია საქართველოსთან, რასთან დაკავშირებითაც პრესრელიზი გამოაქვეყნა. როგორც IMF აღნიშნავს, გლობალურად მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, რასაც ხელს უწყობს გონივრული მაკროეკონომიკური მართვა და ძლიერი ბუფერები. ფონდის შეფასებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდა მყარია, რასაც ძლიერი მაკროეკონომიკური მართვა და ეკონომიკური პოლიტიკა უწყობს ხელს. ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნება, საერთაშორისო რეზერვების გამყარება და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაა.
საქართველომ მსოფლიო ბანკთან $372-მილიონიან სასესხო შეთანხმებას მოაწერა ხელი
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას, რომელიც საქართველოს რკინიგზისთვის და საავტომობილო გზების განვითარებისთვის 372 მილიონი დოლარის საკრედიტო დაფინანსებას ითვალისწინებს. ეს წარმოადგენს 751-მილიონიანი პროექტის ნაწილს, რომელზეც საქართველო მსოფლიო ბანკის გარდა აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მუშაობს 175 მილიონი დოლარის კრედიტის დამტკიცებაზე და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) 182 მილიონი დოლარის კრედიტის დამტკიცებაზე. მთავრობის მოლოდინით, ამ საფინანსო ორგანიზაციებთანაც მოხდება პროექტის დაფინანსებაზე საბოლოო თანხმობის გაცემა და კრედიტის დამტკიცება. პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის 45 ერთეული ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, ასევე, საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე, საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.
საქართველოს რკინიგზის მოგება გაიზარდა, შემოსავალი კი შემცირდა
2025 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 612.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 5.5%-ით ნაკლებია. კომპანიის განმარტებით, შემცირება ძირითადად სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლების კლებამ გამოიწვია, რადგან გადაზიდული ტვირთის მოცულობა 13.3 მილიონ ტონამდე შემცირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. მიუხედავად შემოსავლების კლებისა, კომპანიის წმინდა მოგება 152.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა 2024 წელს 68.2 მილიონი ლარი იყო. ამის მთავარი მიზეზი საკურსო სხვაობიდან მიღებული მოგებაა. საქართველოს რკინიგზას 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაცია აქვს და ლარის კურსის ცვლილება მის ფინანსურ შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 2025 წელს ლარის გამყარების გამო კომპანიამ 56.4 მილიონი ლარის საკურსო მოგება მიიღო, ხოლო 2024 წელს, ლარის გაუფასურების ფონზე, ამ მიმართულებით 55.7 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.
მოგების ზრდას ხელი შეუწყო დანახარჯების შემცირებამაც, მათ შორის ელექტროენერგიის, საწვავისა და სხვა საოპერაციო ხარჯების მიმართულებით. ამასთან, სახელფასო ხარჯები 5.6%-ით გაიზარდა და 246.4 მილიონ ლარს მიაღწია. დასაქმებულთა რაოდენობა 10,719-მდე შემცირდა, თუმცა საშუალო ხელფასი 1,829 ლარამდე გაიზარდა, რაც 12.2%-იან ზრდას წარმოადგენს.
პროკურატურამ ასობით მილიონი დოლარის კრიპტო პლატფორმით გათეთრების საქმე გახსნა
აჭარაში საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი „AudiA6“ 2022 წლიდან კიბერდამნაშავეებისთვის კრიპტოვალუტის გათეთრების სერვისს უზრუნველყოფდა და 2022-2025 წლებში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა გაათეთრა. ოპერაციის დროს ჩხრეკები ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა, ამოღებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ხოლო ყადაღა დაედო 173 ავტომობილს, უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს. ჯგუფი ასევე მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს „Dark2Web“-ს. ოპერაცია საქართველოს, აშშ-ისა და პოლონეთის სამართალდამცავებმა ევროჯასტისა და ევროპოლის მხარდაჭერით ჩაატარეს.
ავიაცია, ქონების მართვა, ვაჭრობა, ვეტერინარია - რა შეთანხმებები გაფორმდა ყირგიზეთთან
12 ივნისს საქართველო-ყირგიზეთ შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის 8 მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძისა და ყირგიზეთის პრეზიდენტის სადირ ჟაპაროვის ერთობლივი ბრიფინგის დროს გახდა ცნობილი. ვაჭრობა, განათლება, ავიაცია, ვეტერინარია, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება - ამ და სხვა მიმართულებით დღეს ყირგიზ კოლეგებთან მემორანდუმები გაცვალეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა, განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მხარეებს შორის დადებული მემორანდუმები:
- ორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამა 2027-2028 წლებისთვის შეთანხმება ყირგიზეთის რესპუბლიკასა და საქართვერლოს მთავრობას შორის ტრანსპორტირებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის წინასწარი გაცვლის უზრუნველყოფის შესახებ;
- ქვეყნებს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი;
- იუსტიციის სამინისტროებს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი;
- რადიაციული დაცვის და ბირთვული უსაფრთხოებისა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი;
- ვეტერინარიის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი;
- საქართველო-ყირგიზეთის საავიაციო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი;
- სახელმწიფო ქონების მართვის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი;
- განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი;




























