გთავაზობთ გასული კვირის - 1-7 სექტემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
აგვისტოში ინფლაციამ 4.6%-ს მიაღწია
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 4.6%-მდე გაიზარდა. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, ივლისში წლიური ინფლაცია 4.3%-ს შეადგენდა.
სტატისტიკის მიხედვით, ინფლაციის მატება ძირითადად სურსათის გაძვირებულმა ფასებმა განაპირობა, სადაც ფასი წლიურად 10%-ით არის მომატებული.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (15.3%), ზეთი და ცხიმი (14.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.1%), რძე, ყველი და კვერცხი (11.8%), თევზეული (10.8 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2%), პური და პურპროდუქტები (9.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.2%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.8 %), საავადმყოფოების მომსახურების (9.2%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (7.9%) ქვეჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (5.5%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4%).
სავალუტო რეზერვები 5.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 5 მლრდ აშშ დოლარიდან და 5.2 მილიარდ აშშ დოლარამდე (184 მილიონი დოლარი) გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
რეზერვების მატება სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვით იყო განპირობებული. იანვარ-ივლისში სებ-მა 1.3 მილიარდი დოლარი შეიძინა, მათ შორის ყველაზე მეტი 417 მილიონი დოლარი სებ-მა ივლისში შეიძინა, აგვისტოს შესყიდვების დეტალური სტატისტიკა კი 25 სექტემბერს გახდება ცნობილი.
2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 15.1%-ს (786.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 286.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
ამჟამად არსებული 5.2 მილიარდი დოლარის რეზერვები არ არის რეზერვების პიკური მოცულობა, რადგანაც საერთაშორისო რეზერვები მაქსიმუმზე 2023 წლის აგვისტოში იყო და 5.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2024 წლის მეორე ნახევარში - განსაკუთრებით კი წინასაარჩევნოდ ეროვნულმა ბანკმა 700 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც სავალუტო რეზერვების 4.1 მილიარდ დოლარამდე კლება განაპირობა. ამის გამო დღის წესრიგში რეზერვების შევსების აუცილებლობა დადგა, 2025 წლის განმავლობაში სებ-მა ჯამურად 1.3 მილიარდ დოლარზე მეტი შეისყიდა.
$80-მილიონიანი ინსვესტიციით ზესტაფონში არმატურის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა - იგეგმება იმპორტის ჩანაცვლება და ექსპორტი
$80-მილიონიანი ინვესტიციით, კომპანია "ჯორჯია მეტალის" ქარხანა ოფიციალურად გაიხსნა. ახალი მეტალურგიული კომპლექსი ზესტაფონის სოფელ არგვეთაში მდებარეობს და ის თანამედროვე წარმოების ხაზით წელიწადში 400,000 ტონა არმატურის გამოშვებას, იმპორტის ჩანაცვლებას და საქონლის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
ახალი ქარხანა ირაკლი კობახიძემ და მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს. ბიზნეს რეესტრის თანახმად, საწარმოს აქციონერები არიან ბიზნესმენები ზურაბ ღიბრაძე (90%) და ავთანდილ კოჩაძე (10%). ისინი ამავდროულად ფლობენ იმერეთში არსებული მანგაზენის გადამმუშავებელი კომპანიის GTM ჯგუფის წილებს.
"ჯორჯია მეტალი" 1000-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს. ქარხანა გადაადნობს შავ მეტალს და თანამედროვე წარმოების ხაზით ფოლადის არმატურას გამოუშვებს.
ქარხნის მთავარი აგრეგატი არის ელექტროკალური ღუმელი, რომლის სიმძლავრეც 30 მეგავატს შეადგენს. კომპანია ასევე მეორე ღუმლის აშენებას და დადგმული სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს.
ეკონომიკის სამინისტრომ თბილისში ახალი აეორპორტის მშენებლობისთვის მიწის ექსპროპრიაციის პროცესი დაიწყო
ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალური განვითარების ფონდს, თბილისში აეროპორტის გადასახვევთან მიწის ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა - ამას ითვალისწინებს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანება. დოკუმენტის თანახმად, იძულების წესით მიწის გამოსყიდვა 540 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ეხება.
ბრძანების მიხედვით, პროექტი ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად, რის საფუძველზეც კომპანიას შეუძლია კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილობრივი ჩამორთმევა.
იანვარ-აგვისტოში ბიუჯეტში 14.2 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა
2025 წლის აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტში 1.7 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შესრულებამ 14.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 88%-ია.
შედარებისთვის, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში გადასახადების მობილიზება 13 მილიარდი ლარი იყო, რაც წელს შემოსავლების 8%-იან მატებას ნიშნავს, ხოლო აგვისტოში აკრეფილი 1.7 მილიარდი ლარის გადასახადები წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 171 მილიონი ლარით, ანუ 10%-ით მეტია.
კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება ასე ნაწილდება:
- დამატებული ღირებულების გადასახადი - აგვისტოში 674 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾5.15 მილიარდი, 9 თვის გეგმის 86%;
- საშემოსავლო გადასახადი - აგვისტოში 637 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾5 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 90%;
- მოგების გადასახადი - აგვისტოში 150 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾1.87 მილიარდი, 9 თვის გეგმის 79%;
- აქციზის გადასახადი - აგვისტოში 250 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾1.65 მილიარდი, 9 თვის გეგმის 85%;
- იმპორტის გადასახადი - აგვისტოში 11.6 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾95 მილიონი, 9 თვის გეგმის 84%;
- სხვა გადასახადები - აგვისტოში 4 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾443 მილიონი, 9 თვის გეგმის 222%.
საქართველოს ფოსტას ახალი დირექტორი ჰყავს
შპს „საქართველოს ფოსტას“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამ პოსტზე გიორგი ერაძე დაინიშნა, რომელმაც ლევან ჩიკვაიძე შეცვალა.
ჩიკვაიძე აღნიშნულ პოსტს 2012 წლიდან იკავებდა და სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელებს შორის პოზიციას ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის ახალ დირექტორს - გიორგი ერაძეს საფოსტო და სატრანსპორტო - საექსპედიტორო მომსახურების სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს.
"გიორგი ერაძეს აქვს აკადემიურ ხარისხი საერთაშორისო სამართალში, ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს სატვირთო გადაზიდვებში უსაფრთხოების მართვის სისტემის, საინფორმაციო და საავიაციო უსაფრთხოების და სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით", - ნათქვამია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
გიორგი ერაძე ამ დრომდე კერძო ლოგისტიკური კომპანია "სფეის კარგოს" გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.
თბილისის მერია ისტორიულ ავარიულ შენობებს გამოისყიდის - შენობების ჩანაცვლების ახალი პროგრამა 2026 წლიდან დაიწყება
2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას.
„გათავისუფლებული არეალები მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისე, რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. დარწმუნებული ვარ, წარმატებით განხორციელდება და ამ შესაძლებლობას უამრავი ადამიანი გამოიყენებს. ამ გზით ჩვენ ვაღწევთ ორ უმნიშვნელოვანეს მიზანს: ვზრუნავთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვაზე და, ამავდროულად, ვინარჩუნებთ ჩვენი ისტორიული არეალების უნიკალურობასა და ავთენტიკურობას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
პროგრამისტებს საქართველოს ბინადრობის ნებართვის მოპოვება შეეძლებათ თუკი მათი ხელფასი $25,000-ზე მეტია - IT ბინადრობის ნებართვა ამოქმედდა
საქართველოს მთავრობამ 27 აგვისტოს მიღებული დადგენილებით №389, უცხოელი IT სპეციალისტებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები დაადგინა. დოკუმენტის მიხედვით, კანონმდებლობას დაემატა ახალი მუხლები (124 და 125), რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს, რა პირობებში შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული უცხოელები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებას. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შემოსავლის დადასტურებაა, რაც ანაზღაურების სახით წელიწადში 25,000 დოლარს უნდა აჭარბებდეს.




























