მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში (13-19 მაისი)

პროტესტი დემონსტრაცია რუსული კანონი

გასული კვირის 13-19 მაისის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში.

საქართველოს პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული კანონი არის იმდენად საზიანო, რომ ის არ ექვემდებარება არავითარ გაუმჯობესებას და ის უნდა გაუქმდეს.

"დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს. ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას. ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, აშშ დააწესებს სანქციებს თუკი კანონი მიღებული იქნება

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებით, აშშ დააწესებს სანქციებს თუკი რუსული კანონის მიღება მოხდება, ხოლო დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი პროცესი კი გაგრძელდება. ამის შესახებ ო'ბრაიენმა განაცხადა 14 მაისს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასრულებისას გამართულ პრესკონფერენციაზე. ო'ბრაიენი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ამასთან, ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი განუცხადა.

"თუ კანონი ამოქმედდება ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის დარღვევით და ადგილი ექნება დემოკრატიის ძირის გამოთხრას და იქნება ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების – მიმართ, მაშინ ჩვენ გვექნება შეზღუდვები შეერთებული შტატებიდან. ეს არის ფინანსური და/ან მოგზაურობის შეზღუდვები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ქმედებებზე და მათ ოჯახებზე,"- განაცხადა ო'ბრაიენმა.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა

საქართველოს პარლამენტის "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ, 14 მაისს, რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ ლარის გაცვლითმა კურსმა კორექცია დაიწყო. 15 მაისს დოლარის ღირებულება 2.68 ლარიდან 2.73 ლარამდე გაიზარდა, ხოლო უკვე საღამოს დოლარის კურსმა Bloomberg-ის სისტემაში ჯერ 2.80 ლარს, შემდეგ კი 2.82 ლარს მიაღწია. 16 მაისს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და 60 მილიონი დოლარი გაყიდა. აღნიშნული ინტერვენციის შედეგად, Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება, რომელიც იქამდე 2.81 ლარს აჭარბებდა, 2.76 ლარამდე შემცირდა.

16 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად აღნიშნული დასვენების დღე საბანკო სექტორზე არ გავრცელებულა, 17 მაისს Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში არცერთი გარიგება არ დაფიქსირებულა. აღნიშნულის მიუხედავად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარდა.

შემცირდა ქართული კომპანიების აქციების ღირებულება

საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონისთვის მხარდაჭერის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა, რაც ინვესტორთა მხრიდან საქართველოს ეკონომიკასთან და ევროინტეგრაციის ტრაექტორიასთან მიმართებით გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდებოდა. მართალია კვირის ბოლოს აქციებმა გარკვეულწილად ზრდა აჩვენა, თუმცა ერთკვირიან ჭრილში მათი ღირებულება საგრძნობლად არის შემცირებული.

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 16.19%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 49.40 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.03 მილიარდ სტერლინგს აღწევს.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 13.33%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 26.60 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.46 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 13.04%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.14 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 472 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ოფშორების საგადასახადო შეღავათზე პარლამენტში პრეზიდენტის ვეტო შევიდა

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები საგადასახადო კოდექსში ოფშორული ზონებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი მიუთითებს, რომ ეს კანონი წარმოშობს მთელ რიგ რისკებს საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნულია, რომ დარგის ექსპერტთა აზრით, ეს შეღავათი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოში მოხდეს რუსეთის ფედერაციიდან ოფშორებში გატანილი “შავი ფულისა” და აქტივების საქართველოში გადმოტანა, რაც “მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, დააზიანებს და გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ასევე როგორც არაერთი სპეციალისტი მიუთითებს, ცვლილებები შესაძლოა იქცეს რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საბაბად.”

2024 წელს საქართველოს ექსპორტი შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან უცხოეთში 1.73 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1%-ით ნაკლებია. ამასთან გაიზარდა იმპორტი და მან 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3%-ით მეტია. საგარეო ვაჭრობის დეტალური ანგარიში მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.

აპრილში ფულადი გზავნილები 25%-ით შემცირდა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გზავნილების შემცირება რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების 69%-იან კლებას უკავშირდება, რაც რუსეთის ფედერაციიდან მიგრანტების გადმორიცხვების კლებას წარმოადგენს. სანაცვლოდ კი გაზრდილია გზავნილები იმ ქვეყნებიდან, საიდანაც გადმორიცხვების წყაროს წარმოადგენენ თავად საქართველოდან სამუშაოდ ემიგრირებული მოქალაქეები. აშშ-დან გზავნილებმა აპრილში 35%-ით იმატა, იტალიიდან 12%-ით, საბერძნეთიდან 7%-ით, გერმანიიდან კი 15%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები