მესამე მოსმენის ფარგლებში არსებითი ცვლილებები ვერ მოხდება, თუმცა ვეტოს ფარგლებში პოზიციების დაახლოება შესაძლებელია, თუ პრეზიდენტს დესტრუქციული პოზიცია არ ექნება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს კანონპროექტს თავისით არასოდეს წერდა.
"ცვლილებები ჩვენი მხრიდან ვერ დაიგეგმება, რადგან ხვალ კანონის მესამე მოსმენაა და ვერანაირი არსებითი ცვლილებები არ იქნება. თუმცა, ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ დისკუსიებისთვის ვეტოს ფარგლებში. მართალია, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა არაკონსტრუქციული განცხადება გააკეთა, თუმცა მას მინდა, მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც აქამდე. ის თვითონ არასდროს წერდა საკუთარი ვეტოს კანონპროექტებს, უწერდნენ ან „ენჯეოები“ ან გარედან უწერდნენ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა. არის ორი კვირა, 14 მაისიდან 28 მაისამდე და ამ დროში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, შემდეგ კი ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში. თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ ვაფიქსირებთ მზაობას დისკუსიისთვის. სანქციების თემა არის არასერიოზული მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე ფაქტო სანქციები“, – განაცხადა კობახიძემ.