თუ ვენეციის კომისიას უნდა რაიმეს წარმოდგენა, წარმოადგინოს 28 მაისამდე, მერე დაგვიანებული იქნებ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს, სადაც კითხვა დაისვა, „რუსულ კანონთან" დაკავშირებით, რატომ არ ელოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას.
„დღეიდან არის 2 კვირა ვიდრე პრეზიდენტი ვეტოს წარმოადგენს. პროცედურა კი არის ასეთი: ვეტოს ვადის გასვლის შემდეგ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტის კანონპროექტი, მეორე ალტერნატივა არის მიღებული კანონპროექტი, ხოლო მესამე საკითხი ვერ განიხილება. ამიტომ თუ ვენეციის კომისიას უნდა რაიმეს წარმოდგენა, წარმოადგინოს ახლა და ამის შემდეგ ექნება ყველას იმის საშუალება რომ პრეზიდენტის ვეტოში ავსახოთ ეს საკითხები და მზად ვართ ჯანსაღი მსჯელობისთვის. ვენეციის კომისიას აქვს ამის საშუალება რომ თუ უნდა წარმოადგინოს ამის დასკვნა.
ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როდესაც აგზავნიდა ხოლმე ესა თუ ის სუბიექტი ვენეციის კომისიაში კანონპროექტებს და 1 კვირაშიც კი გამოუგზავნიათ დასკვნა. ამ კანონზე დასკვნის წარმოდგენას არაფერი არ უნდა. რამდენიმე გვერდიანი კანონპროექტია და შეუძლიათ ორ დღეში დაწერონ ეს დასკვნა. წარმოადგინოს და განვიხილავთ.
28 მაისის შემდეგ ან უნდა გაიზიარო პრეზიდენტის ვეტო, ან უნდა დაუბრუნდე შენს კანონპროექტს. მესამე საკითხი ვერ განიხილება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვენეციის კომისიას 28 მაისამდე წარმოადგინოს საკუთარი შენიშვნები. ამის მერე დაგვიანებული იქნება. მათზეა დამოკიდებული. წარმოადგენენ განვიხილავთ არ წარმოადგენენ ვერ განვიხილავთ“, - განაცხადა კობახიძემ.