მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 14-20 ივლისი

ბაჩიაშვილი

გთავაზობთ 14-20 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

საპატიმრო დაწესებულებაში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს

"ეს იყო მკაფიო წამება, რომელიც სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლება თანამონაწილეა და ჩვენ ამ მძიმე ინციდენტს საერთაშორისო ორგანოებს ვაცნობებთ,"- აცხადებს ადვოკატი რობერტ ამსტერდამი.

14 ივლისს, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე ინფორმაცია გავრცელდა. წერილი გაავრცელა თავად ბაჩიაშვილმაც, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს ციხეში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს დაწესებულებაში.

ივნისში ექსპორტი 10%-ით, 639 მილიონამდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით 2025 წლის ივლისში საქართველოს ექსპორტი 10%-ით, 639 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი მცირედ - 0.8%-ით 1 მილიარდ 373 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

მთლიანობაში წლის პირველ ნახევარში 3.23 მილიარდი დოლარი იყო, რაც გასული წლის 6 თვის სტატისტიკასთან შედარებით 13.7%-ით მეტია, ხოლო იმპორტი 12.4%-ით 8.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ივნისში ფულადი გზავნილები 12%-ით, 315 მილიონამდე გაიზარდა

2025 წლის ივნისში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 315.51 მილიონი დოლარი გადმოგზავნეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით, ანუ 34 მილიონი დოლარით მეტია. ეროვნული ბანკის თანახმად, ფულად გზავნილებში პირველ ადგილს კვლავ აშშ იკავებს, საიდანაც გასულ თვეში 59 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია. მეორე ადგილს 52 მილიონი დოლარით იტალია იკავებს, საიდანაც გზავნილები 13%-ით გაიზარდა, მესამე პოზიციაზე კი რუსეთია. ივნისში საქართველოში რუსეთიდან 41 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. ეს თანხა წლიურად 16%-ით არის შემცირებული.

ფულადი გზავნილები ივნისში - ტოპ 10 ქვეყანა:

# ქვეყანა ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი
1 აშშ $59 მილიონი; 23%
2 იტალია $52 მილიონი; 13%
3 რუსეთის ფედერაცია $41 მილიონი; -16%
4 გერმანია $27 მილიონი; 21%
5 საბერძნეთი $26 მილიონი; 18%

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ CIPS-ს SWIFT-ის რაიმე ფორმით ჩამნაცვლებლად არ განიხილავენ

17 ივლისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ CIPS-ის უფროსს, ფუ ჰუანგს შეხვდა. 18 ივლისს კი სებ-მა შეხვედრასთან დაკავშირებით გაავრცელა დამატებითი განცხადება, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა - CIPS-სთან თანამშრომლობა ქვეყნის საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ განიხილება რაიმე სახით SWIFT-ის ჩამნაცვლებელ პლატფორმად.

CIPS — ანუ China's Cross-Border Interbank Payment System — არის ჩინეთის ბანკთაშორისი გადახდების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს იუანით საერთაშორისო ანგარიშსწორების გამარტივებას. სისტემა ამოქმედდა 2015 წელს და მას განაგებს ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC). CIPS განკუთვნილია როგორც ჩინური, ისე უცხოური ბანკებისთვის, რათა მათ უსაფრთხოდ და ეფექტიანად განახორციელონ იუანით ტრანზაქციები გლობალურ დონეზე. ამით CIPS წარმოადგენს ალტერნატივას SWIFT-ს მსგავს სისტემებზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი ცდილობს გააძლიეროს იუანის გამოყენება საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე.

შემოსავლების სამსახური სომხური ტვირთების "ბლოკირებაზე" ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს - მცირე შეფერხებას კი ადასტურებს

სატვირთო ავტომობილების მიმართ, არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი - ასე ეხმაურება შემოსავლების სამსახური თავდაპირველად უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს საზღვარზე სომხეთში მიმავალი LPG-ით დატვირთული ავტომობილების ხელოვნური შეფერხება ხდება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ მსგავსი ბრალდებები „სრული სიცრუეა“ და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას.

" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედია საშუალებითა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ, გაკეთებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში, სომხური ტვირთების (მათ შორის გაზპროდუქტების) თითქოს ,,ბლოკირების“ შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული არის სრული სიცრუე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას."- ნათქვამია განცხადებაში.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა "პირადი განცხადების საფუძველზე" თანამდებობა დატოვეს - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გაზის და ნავთობის სახელმწიფო კორპორაციის დირექტორი გადადგა, ახალი უფროსი ჰყავს ესკოსაც

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ამ დრომდე ლევან გამყრელიძე იყო, ხოლო ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

ასევე, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ესკოსაც, უწყება თორნიკე ყაზარაშვილმა ჩაიბარა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელად ალექსანდრე სოხაძე დაინიშნა, რომელმაც ჯუბო ტურაშვილი ჩაანაცვლა.

Galt & Taggart-ი 2025 წელს ტურიზმიდან $4.6 მილიარდის შემოსავლის მიღებას არ გამორიცხავს

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის დირექტორის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმში II კვარტალში არსებული დაჩქარებული ზრდის დინამიკა შენარჩუნდება, წელს ქვეყანამ ტურიზმიდან შესაძლოა $4.6 მლრდ-ის შემოსავალი მიიღოს. ამის შესახებ ევა ბოჭორიშვილმა BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც საინვესტიციო ბანკის ტურიზმის სექტორის მიმოხილვაზე ისაუბრა.

უნდა აღინიშნოს, რომ Galt & Taggart-ის არსებული პროგნოზით, 2025 წელს ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმიდან 4.5 მლრდ დოლარს მიიღებს. კვლევების დეპარტამენტის დირექტორი კი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის დინამიკა უფრო პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას აძლევთ, თუმცა რეგიონში არსებული კონფლიქტების ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები