გთავაზობთ გასული კვირის - (17-23 ნოემბერი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, პერსპექტივა კი "სტაბილურამდე" გააუმჯობესა
საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "ნეგატიურიდან" "სტაბილურამდე" გააუმჯობესა. 2025 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, პერსპექტივის გადახედვა იმას უკავშირდება, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საერთაშორისო რეზერვები, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, Fitch-ი საქართველოში 2025 წელს 7.3%-იან, 2026 წელს 5.3%-იან და 2027 წელს 5%-იან ზრდას ელის. ეს გაუმჯობესებული პროგნოზია, ვინაიდან აქამდე სააგენტო პროგნოზირებდა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2026 წელს 5.2%-ით.
ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.71 მლნ აშშ დოლარი (865.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.4%-ით (37.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია.
ოქტომბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა, რაც წლიურად 17%-ით, 59 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 53 მილიონი დოლარი გადმორიცხეს (+12%), მესამეზე კი რუსეთის ფედერაცია $41 მილიონი დოლარით.
პირველადი პროექტით, 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი მცირდება
თბილისის მერიამ 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში წარადგინა. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მერიის დაფინანსება 271 მილიონი ლარით მცირდება და 2.08 მილიარდი ლარის ტოლი იქნება. კლება ძირითადად ინფრასტრუქტურული და საგზაო პროექტების მშენებლობა/რეაბილიტაციის დაფინანსების შემცირებას უკავშირდება.
თუმცა როგორც ბიუჯეტის პროექტის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მერია ბიუჯეტის პროექტის გაზრდასთან დაკავშირებით როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელთა დასრულების შემდეგაც ბიუჯეტის გადამუშავებული და გაზრდილი ვერსია დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს 10 დეკემბერს წარედგინება.
2026 წლიდან თამბაქოზე აქციზის გადასახადი იზრდება
2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი კოლოფზე 85 თეთრით, 2.75 ლარამდე იზრდება - ამას ითვალისწინებს ქართული ოცნების დეპუტატების შოთა ბერეკაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ლევან მაჭავარიანის და თორნიკე ბერეკაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. ამავე კანონპროექტით, ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთი, რაც ამჟამად იმპორტულის თანაბარი იყო და 1.9 ლარს შეადგენდა, 1.3 ლარით განისაზღვრება.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმზე შეღავათი ვრცელდება პირველ 35 მილიონ კოლოფზე, რის შემდეგაც სტანდარტული ტარიფი იმოქმედებს. ამასთან, ადგილობრივ წარმოებაზე მცირდება აქციზის ადვალური კომპონენტი და ის სარეალიზაციო ფასის 15%-ით განისაზღვრება. ამასთან, ადვალური კომპონენტის აქციზი მცირდება იმპორტირებულ სიგარეტზე და ის 30%-ის ნაცვლად 20%-ით განისაზღვრება.
2025 წლის 10 თვეში მთავრობამ 18 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის 10 თვის საბიუჯეტო შესრულების მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჯამურად პერიოდის განმავლობაში აკრეფილი საგადასახადო მოცულობა 18 მილიარდ ლარს შეადგენდა. ეს წლიური გეგმის, ანუ 21.9 მილიარდი ლარის 82.5%-ია.
კონკრეტული გადასახადების მიმართულებით შესრულების მაჩვენებელი უფრო მაღალია საშემოსავლო გადასახადში, სადაც აკრეფილი თანხა წლიური გეგმის 84%-ია, ხოლო მოგების გადასახადში ჩამორჩენაა და 10 თვის მდგომარეობით გეგმის 76% არის მობილიზებული.
2025 წლის 10 თვის საგადასახადო მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 6.62 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 81.5%;
- საშემოსავლო გადასახადი - 6.2 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 84%;
- მოგების გადასახადი - 2.3 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 76%;
- აქციზი - 2.15 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 81%;
- იმპორტის გადასახადი - 120.4 მილიონი ლარი, წლიური გეგმის 80%.
შესაბამისად, მთავრობამ წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში 2.9 მილიარდი ლარის გადასახადების მობილიზება უნდა მოახდინოს.
2025 წლის 9 თვეში საქართველოს რკინიგზის შემოსავალი შემცირდა, მოგება კი გაიზარდა
2025 წლის 9 თვეში საქართველოს რკინიგზის შემოსავალი შემცირდა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, სატვირთო, ლოგისტიკურმა და სამგზავრო გადაყვანების შემოსავალმა ჯამურად 454 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით ნაკლებია.
თუმცა, შემოსავლის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია საქართველოს რკინიგზის მოგება. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მოგებამ 91 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 15 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ამ მატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არა საოპერაციო საქმიანობა, არამედ საკურსო სხვაობა გახდა, რამაც 46.4 მილიონი ლარი შეადგინა.
ანტიკორუფციული ბიურო 2026 წლის 2 მარტიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადადის
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო სრულად უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ანტიკორუფციულ ბიურო 2023 წლის სექტემბრიდან არსებობს და მას რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. უწყების საშტატო შემადგენლობა 121 დასაქმებულისგან შედგება. 2025 წლის მდგომარეობით, ბიუროს ბიუჯეტი 13.2 მილიონი ლარია, 2026 წლისთვის კი მასზე 14.5 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა.
ბიზნესომბუდსმენის აპარატი 2026 წლის 1 იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროში გადადის
ბიზნესომბუდსმენის აპარატი უქმდება და ეს უწყება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა - ამის შესახებ ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანონპროექტიდან ირკვევა. ცვლილება 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. არსებული მდგომარეობით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას 2022 წლიდან ოთარ დანელია იკავებს, უწყების ბიუჯეტი 950,000 ლარს შეადგენს.
ოქტომბერში თბილისში 336 მილიონი დოლარის ღირებულების 4,178 ბინა გაიყიდა
ოქტომბერში თბილისში 4,178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. Colliers Georgia-ს მიერ განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ოქტომბერში გაყიდული ბინების ღირებულება 25.2%-ით, 336 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
„თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 12.1%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 14.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 4%-ით შემცირდა ძველ პროექტებში“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.




























