გთავაზობთ გასული კვირის 17-23 თებერვლის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
2025 წლის იანვარში ექსპორტმა 404 მილიონი დოლარი შეადგინა, ზრდა 19%-ია
საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტი 404 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 19%-ით არის გაზრდილი. სასაქონლო ჯგუფებიდან პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 129 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 16%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ავტოექსპორტის ნახევარზე მეტი ყირგიზეთის მიმართულებით ხორციელდება. შემდეგ პოზიციებს 14 მილიონით სპირტიანი სასმელები მოდის, სადაც ზრდა 10%-ია, ასევე 14 მილიონით მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტიც აღდგა, რადგან წინა წელს ის გაჩერებული იყო.
რაც შეეხება იმპორტს 1.6 მილიარდი დოლარიდან 516 მილიონი დოლარი ხელოვნების ნიმუშებზე მოდიოდა, კერძოდ ნახატებზე 481 მილიონი, ქანდაკებებზე კი 33 მილიონი დოლარი. აღნიშნულის გამო იმპორტის სტატისტიკამ 45%-ით იმატა.
იანვარში ფულადი გზავნილები შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 242.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით ნაკლებია 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გზავნილების შემცირება დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული თანხების 62%-იან კლებასთან, რაც საქართველოში რუსული მიგრაციული ეფექტის შემცირებას უკავშირდება. თუმცა იმ ქვეყნებიდან საიდანაც გზავნილების ძირითადი წყარო არის საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობა, ფულადი გზავნილები გაზრდილია. პირველ ადგილზეა აშშ 47 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 23%-ით არის მომატებული, მეორე ადგილზეა იტალია $46 მილიონით, მესამეზე კი რუსეთი 25 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილებით.
საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე 13.9%-მდე შემცირდა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. სტატისტიკა აჩვენებს, რომ უმუშევრობა ქვეყანაში ბოლო წლებში იკლებდა და გამონაკლისი მხოლოდ პანდემიური 2021 წელი იყო, როცა უმუშევრობის დონემ 20%-ს გადააჭარბა, რაც კოვიდ პანდემიას უნდა უკავშირდებოდეს.
უმუშევრობის დონე ბოლო ხუთ წელში:
- 2019 წელი - 17.6%
- 2020 წელი - 18.5%
- 2021 წელი - 20.6%
- 2022 წელი - 17.3%
- 2023 წელი - 16.4%
- 2024 წელი - 13.9%
66 ათას პირს 425 მილიონის გადასახადები ჩამოეწერა
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, 66 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს 424.8 მლნ ლარი უკვე ჩამოეწერა. უწყების თანახმად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად, ასევე პირადი მომართვის საფუძველზე.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით - 66 183 ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი უკვე ჩამოეწერა,"- ნათქვამია ინფორმაციაში.
ავერსი თბილისში ახალი კლინიკის მშენებლობას გეგმავს
კომპანია "ავერსი" თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და "ავერსის" ცენტრალური კლინიკის მახლობლად ახალი კლინიკის მშენებლობას გეგმავს. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად, პროექტზე სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია. უძრავი ქონება კომპანია "ავერსი ფარმას" საკუთრებაშია.
როგორც "ავერსის" კლინიკის დირექტორი, დიმიტრი ჯორბენაძე BMG-სთან აცხადებს, ახალი საავადმყოფო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში. მისი თქმით, პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და დამატებით 1000-1200 ადამიანი დასაქმდება.
იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 109%-ით გაიზარდა
თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებული იყო 335 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია. წლიური ზრდა 109%-ია. იმპორტის 57% რუსეთიდან იყო, 43% - აზერბაიჯანიდან. იანვარში დენის იმპორტში ქვეყანამ ჯამში 8.7 მლნ დოლარი დახარჯა.
ენგურჰესის ელექტროენერგიის ტარიფის დათვლის წესში ცვლილებაა, სემეკი აცხადებს რომ ეს მომხმარებლებზე არ აისახება
სემეკის განმარტებით, "ენგურჰესის" ტარიფის დადგენის წესის შეცვლა სამომხმარებლო ელექტროენერგიას არ გააძვირებს.
საქმე ის არის, რომ დღეს "ოცნების" პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების დროს არ იქნება გათვალისწინებული ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფასოდ მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (კვტ.სთ).
დოლარში საქართველოს საგარეო ვალი შემცირდა, ლარის გაუფასურების გამო კი ლარებში გაიზარდა
ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2025 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალის ამსახველი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, ვალის მთლიანმა მოცულობამ დოლარში 8.54 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 209 მილიონი დოლარით ნაკლებია. თუმცა, ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვალის მოცულობა პირიქით - 1.09 მილიარდი ლარით არის გაზრდილი და ის 24.6 მილიარდ ლარს შეადგენს.