მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 21-27 ივლისი

დოლარი ვალუტები

გთავაზობთ გასული კვირის - 21-27 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

2025 წლის პირველ ნახევარში ეროვნულმა ბანკმა 880 მილიონი დოლარი შეიძინა

2025 წლის პირველ ნახევარში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესავსებად Bmatch პლატფორმით 880 მილიონი დოლარი შეიძინა. ამავე პერიოდში სებ-ის რეზერვები 240 მილიონი დოლარით გაიზარდა. რომ არა აღნიშნული შესყიდვები, საგარეო ვალის მომსახურების გამო სებ-ის რეზერვების მოცულობა პირიქით შემცირდებოდა.

2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვები 4.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2024 წლის დეკემბერში რეზერვების ზომა კი 4.45 მილიარდი დოლარი იყო. 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
  • მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
  • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
  • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
  • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი.

გაზრდილ პოლიტიკურ გაურკვევლობას და პოტენციურ სანქციებს საქართველოში FDI-ის შემცირება შეუძლია - IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ საქართველოში გაზრდილ პოლიტიკურ გაურკვევლობას, ასევე პოტენციურ სანქციებს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. ამის შესახებ IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ მიმოხილვაში არის საუბარი.

IMF-მა საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები ფონდის მეოთხე თავით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით გამართა. 22 ივლისს კი შესაბამისი შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში მნიშვნელოვანწილად იგივე საკითხებია აღნიშნული, რაც IMF-ის მისიის ვიზიტის შემაჯამებელ პრესრელიზში ჯერ კიდევ 4 ივნისს იყო მიმოხილული, ასევე უცვლელად არის შენარჩუნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც ფონდის მიერ წელს საქართველოსთვის 7.2%-ზეა ნავარაუდევი.

IV თავის კონსულტაციების შემაჯამებელ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკის მმართველობის დამოუკიდებლობის განმტკიცების საკითხი ფონდისთვის კვლავ ერთ-ერთ კრიტიკულ საკითხად რჩება. ასევე ნათქვამია, რომ IMF-ი მხარს უჭერს გადაწყვეტილების მიღების საპრეზიდენტო მოდელიდან კოლეგიალურ მოდელზე გადასვლას, როდესაც საკითხებზე გადაწყვეტილებებს ეროვნული ბანკის საბჭო იღებს.

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 3.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის პირველი ნახევრის ექსპორტის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ექსპორტი წელს 13%-ით 3.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

საქსტატის თანახმად,ექსპორტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებამ, რომელიც წელს 30%-ით, 1.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მეორე ადგილს 175 მილიონი დოლარით ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს, რომლის ექსპორტიც წელს 72%-ით გაიზარდა, სპირტიანი სასმელების ექსპორტი კი 123 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 7%-ით არის შემცირებული. ასევე 22%-ით არის შემცირებული ღვინის ექსპორტიც.

საექსპორტო საქონლის ხუთეული:

  1. მსუბუქი ავტომობილები – $1.2 მილიარდი დოლარი; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 30%
  2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $175 მილიონი დოლარი; 72%
  3. სპირტიანი სასმელები – $123 მილიონი დოლარი; -7%
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები – $122 მილიონი დოლარი; -22%
  5. ფეროშენადნობები – $96 მილიონი დოლარი; -33%

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 8.7 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ უცხოეთიდან სულ 8.7 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია. იმპორტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოში ნახატების იმპორტის ერთჯერადმა ოპერაციამ, რასაც ადგილი მიმდინარე წლის იანვარში ჰქონდა.

იმპორტში პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რომლის მოცულობა წელს 1.66 მილიარდი დოლარი იყო. ამ ავტომობილებიდან 1.2 მილიარდი დოლარის ავტომობილები საქართველომ შემდგომ რეექსპორტზე გაიტანა. მეორე ადგილს ნავთობპროდუქტები იკავებს 602 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 5%-ით არის შემცირებული. მესამე ადგილზეა სურათები 481 მილიონი დოლარით, მეოთხეზე კი მედიკამენტების იმპორტი 338 მილიონი დოლარით.

საიმპორტო საქონლის ხუთეული:

  1. მსუბუქი ავტომობილები – $1.66 მილიარდი დოლარი; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 10%
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $602 მილიონი დოლარი; -5%
  3. სურათები, ნახატები და პასტელები – $481 მილიონი დოლარი; 254206%
  4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $338 მილიონი დოლარი; 6%
  5. ბუნებრივი აირი – $244 მილიონი დოლარი; 8%

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან 2 მილიარდი დოლარი მიიღო

საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 6 თვის მონაცემებით, ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი 701 დოლარი იყო.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 1.97 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში საქართველოში უცხოეთის მოქალაქეებმა 2,810,524 ვიზიტი განახორციელეს, რაც წლიურად 4.6%-ით არის გაზრდილი.

ტოპ 5 ქვეყნის ჯამური ტურისტული დანახარჯი:

  1. რუსეთი – $308 მილიონი დოლარი; 581,099 ვიზიტი; ერთი ვიზიტის დანახარჯი: $530
  2. ევროკავშირი – $277 მილიონი დოლარი; 201,986 ვიზიტი; ერთი ვიზიტის დანახარჯი: $1,371
  3. თურქეთი – $259 მილიონი დოლარი; 533,614 ვიზიტი; ერთი ვიზიტის დანახარჯი: $484
  4. ისრაელი – $242 მილიონი დოლარი; 171,294 ვიზიტი; ერთი ვიზიტის დანახარჯი: $1,412
  5. აზერბაიჯანი – $103 მილიონი დოლარი; 135,248 ვიზიტი; ერთი ვიზიტის დანახარჯი: $759

American Express-ი საქართველოში საბარათე ქსელის გაფართოებას გეგმავს და ბარათებს ყველა ბანკს შესთავაზებს

2025 წლის 25 ივლისს, American Express-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც კომპანია მზად არის საკუთარი საგადახდო სისტემა საქართველოს ყველა ბანკისთვის გახსნას. ამავე ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას განზრახული აქვს ითანამშრომლოს იმ ბანკებთან, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს American Express-თან გლობალური ქსელის ბარათების ემისიასა და ექვაირინგზე საქართველოში. ეროვნული ბანკი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება.

"American Express-ის გადაწყვეტილება საგადახდო სქემის გახსნის შესახებ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საგადახდო ინდუსტრიაში ეფექტიანი კონკურენციის წახალისებისკენ. აღსანიშნავია, ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკის როლი, რომელიც მისთვის მინიჭებული მანდატის შესაბამისად, საფინანსო სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებას უზრუნველყოფს.

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ახალი იპოთეკური კრედიტების რაოდენობა შემცირდა

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქართულმა ბანკებმა 24 ათასი იპოთეკური სესხი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებაც 2.05 მილიარდ ლარს შეადგენდა. ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5 ათასი იპოთეკური სესხით, ანუ 13%-ით შემცირდა. თუმცა ჯამურად გაცემული იპოთეკური კრედიტების მოცულობა წინა წელთან შედარებით 40 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

იპოთეკური კრედიტების რაოდენობის კლების გამო, 2025 წლის თებერვალში ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. მის შედეგად სესხში შესაძლებელი გახდა პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი.

ივნისში საბანკო დაკრდიტება 1.6 მილიარდი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ივნისში საბანკო დაკრედიტება 1.57 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2%-ის ზრდას წარმოადგენს. მთლიანობაში ივნისის ბოლოს კრედიტების მოცულობამ 66.2 მილიარდი ლარი შეადგინა, დაკრედიტების წლიური ზრდა კი გაცვლითი კურსის გამორიცხვით 15.58%-ია.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ივნისში დაკრედიტების ზრდის ნახევარზე მეტი უცხოურ ვალუტაზე მოდიოდა და ახალი სავალუტო სესხების მოცულობამ 813.5 მილიონი ლარი შეადგინა, ლარის კრედიტები კი 754 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ივნისში ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა. არსებული მდგომარეობით საბანკო კრედიტების 56.92% არის ეროვნულ ვალუტაში ნომინირებული, რაც წინა თვესთან შედარებით 0.21 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

ივნისში საბანკო დეპოზიტები 1.85 მილიარდი ლარით გაიზარდა

ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ივნისის დეპოზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში ქართულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 1.85 მილიარდი ლარით გაიზარდა. შედეგად მთლიანმა სადეპოზიტო პორტფელმა 60.77 მილიარდი ლარი შეადგინა. ივნისში დეპოზიტების ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 3% შეადგინა. ხოლო დეპოზიტების წლიური ზრდის მაჩვენებელი კურსის ეფექტის გარეშე 11.57%-ია. ივნისში ვადიანი დეპოზიტები 320 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო ვადის გარეშე - მოთხოვნამდე ანგარიშები 1.53 მილიარდი ლარით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის თანახმად, დეპოზიტების ლარიზაციამ ივნისის ბოლოსთვის 50.33% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია.

"ჭარბ ყურძენს" მთავრობა 50 მლნ ლარად შეიძენს - რთველი 2025-ის პროექტი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა გამარტივებული შესყიდვის შესახებ ნებართვის მოპოვების განცხადება. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული "მოსავლის მართვის კომპანია" 2025 წლის რთველზე 40-50 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვასა და გადამუშავებას გეგმავს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული განცხადების თანახმად, კომპანია ხელშეკრულებებს გააფორმებს კახეთის რვა რაიონში მდებარე 25-მდე ღვინის ქარხანასთან, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ ჩაბარების პროცედურას.

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ბიუჯეტი ჯამურად 81 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც უმეტესი ნაწილი სწორედ რთველის სუბსიდიაზე მოდის.

საგარეო კრედიტებში მთავრობას ₾419-მილიონიანი გარღვევა აქვს - რამდენი იყო 6 თვის გეგმა და რა მივიღეთ?

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მთავრობას 796 მილიონი ლარის საგარეო კრედიტები უნდა მიეღო, თუმცა ფაქტობრივმა შესრულებამ მხოლოდ 377 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმის მხოლოდ 47%-ია. შესაბამისად, ვალების ნახევარზე მეტის ჩამორიცხვა არ განხორციელებულა. ეს საგარეო კრედიტების ათვისების მხრივ უკანასკნელ წლებში გეგმასთან ყველაზე დიდი ჩამორჩენაა. ბიუჯეტის შესრულებაზე ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის თანახმად, ჩამორჩენაა როგორც საინვესტიციო გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებში, ასევე ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებში. მეტიც, ამ უკანასკნელში ათვისება საერთოდ 0%-ს შეადგენს.

  • საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები - 377 მილიონი ლარი, გეგმის 72%.
  • ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები - 0 ლარი (გეგმა 270 მილიონი ლარი).

შესაბამისად, ჩამორჩენა სრულად დაკავშირებულია ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების ათვისებასთან, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში არ ჩამორიცხულა. BMG-იმ ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების დაბალ ათვისებაზე ფინანსთა სამინისტროს წერილობით ჯერ კიდევ 5 თვის ანგარიშგების გამოქვეყნებისას მიმართა. ლაშა ხუციშვილის უწყების მიერ 7 ივლისს მიღებული პასუხის თანახმად, ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს შორის შედის ADB-ის სესხიც, რომელიც ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული. უწყების თანახმად, იმისთვის, რომ ADB-იმ ეს სესხი საქართველოს მიაწოდოს, ჯერ თავად ADB-მა უნდა გამოუშვას შესაბამისი, ლარში ნომინირებული ფასიანი ქაღალდი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები