გთავაზობთ გასული კვირის - 22-28 დეკემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
ირაკლი კობახიძის განცხადება სურსათის ფასებზე და სუს-ში გამოძიების დაწყება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.
24 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სურსათის ფასების საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს. ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა. როგორც ის ამბობს, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.
საქართველოს რკინიგზამ ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალი მაგისტრალი გახსნა
საქართველოს რკინიგზამ 24 დეკემბერს ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მთავარ მონაკვეთს გახსნა - ღონისძიება სოფელ ქვიშხეთში, ახალაშენებული 8.3-კილომეტრიანი გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან გაიმართა. შედეგად ოფიციალურად გაიხსნება 270 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელზეც საქართველოს რკინიგზა და მისი დაქირავებული კონტრაქტორი "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ბოლო 14 წლის განმავლობაში მუშაობდა და მისი გახსნა კოვიდ პანდემიის გამო არაერთი წლით გადავადდა. ასევე გავლენა იქონია ზვარეს მეწყერმაც, რისთვისაც რკინიგზის მიმართულება შეიცვალა, სირთულეები დაკავშირებული იყო ასევე ქვიშხეთი-ზვარეს 8.3-კილომეტრიანი გვირაბის შიდა მოწყობასთან და მისთვის სავენტილაციო შახტის მოწყობასთან. ახალ მაგისტრალზე ორი პარალელური მიმართულებით საერთო ჯამში 90 კილომეტრი ახალი რკინიგზა დაიგო.
თბილისის საკრებულომ 2.2-მილიარდიანი ბიუჯეტი დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მოცულობა 2025 წლის პირვანდელ ბიუჯეტზე 210 მილიონი ლარით მეტია და 2.19 მილიარდ ლარს შეადგენს. თუმცა 2025 წლის კორექტირებულ ბიუჯეტს 2.35 მილიარდ ლართან შედარებით, 160 მილიონი ლარით ნაკლებია. ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ 2026 წელს წლის განმავლობაში საკრებულო ბიუჯეტის ზრდის მიმართულებით კორექტირებას მოახდენს, ერთ-ერთი პროექტი რისთვისაც მერია ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებებს ამ დრომდე მართავს, თბილისისთვის 200 ახალი 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაა, დასტურის მიღების შემდეგ კი მერიის ბიუჯეტი დაკორექტირდება. რაც შეეხება არსებული ბიუჯეტის ასიგნებების განაწილებას, ყველაზე მეტი თანხა 696 მილიონი ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა/განვითარებაზე დაიხარჯება. გათვალისწინებულია 30 მილიონი ლარი ტრამვაის ხაზის მშენებლობის დაწყებისთვის, 71 მილიონი ლარი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის, ასევე იგეგმება გადასასვლელ ხიდთან 100 მილიონ ლარად ახალი ესტაკადის მშენებლობის დაწყებაც.
სუს-ის ყოფილ უფროსს ოთხ ეპიზოდზე 2.3 მილიონი დოლარის და 1.5 მილიონი ლარის ქრთამების აღებისთვის ბრალი წარუდგინეს
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ოთხ ეპიზოდზე დიდძალი ქრთამების აღებისთვის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, რის შესახებაც ბრიფინგი 23 დეკემბერს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გამართა.
პირველი ეპიზოდი 2022 წლის ოქტომბერს ეხება. პროკურატურის მტკიცებით, ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან, ჩაღათაი ულქერისგან, ეკონომიკის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, 1 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. თანხა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული მემორანდუმის გაფორმების ლობირების სანაცვლოდ იყო გადახდილი. მეორე ეპიზოდი 2022 წლის თებერვალში განხორციელებულ ქმედებებს მოიცავს. ამავე შუამავლის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008“-ის დამფუძნებლისგან, გიორგი ხაჟალიასგან, ლილუაშვილმა გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიონ 500 ათასი ლარი აიღო. მესამე ეპიზოდი 2021–2023 წლებში მოქმედ თაღლითურ ქოლ-ცენტრებს უკავშირდება. პროკურატურის ინფორმაციით, ლილუაშვილი, ნათესავის – სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით, მფარველობას უწევდა ქოლ-ცენტრების ნაწილს და სანაცვლოდ ქრთამის სახით დაახლოებით 1 მილიონ 365 ათასი აშშ დოლარი მიიღო. მეოთხე ეპიზოდი ეხება თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს. გამოძიების ვერსიით, ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა მას, მაშინ როდესაც გვანცელაძე საბავშვო ბაღების შესყიდვებთან დაკავშირებულ კონტრაქტებში ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $308 მილიონი შეისყიდა
საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის განმავლობაში Bmatch პლატფორმით განხორციელებული სავალუტო შესყიდვების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გასული თვის განმავლობაში შესყიდული რეზერვების მოცულობა 308 მილიონ დოლარს შეადგენდა. შედეგად რეზერვების ზომა 5.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, სები აცხადებს რომ რეზერვების შესყიდვა გაგრძელდა დეკემბერშიც, რის შესახებაც დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 26 იანვარს გამოქვეყნდება, იანვარ-ნოემბერში კი ჯამური შესყიდვები 2.2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მათ შორის ყველაზე მეტი - 416 მილიონი დოლარი სებმა ივლისში შეისყიდა.
11 თვის ბიუჯეტის შესრულება - აკრეფილია 19.7 მილიარდი ლარის გადასახადები
ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 11 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გადასახადების სახით აკრეფილი თანხა წელს 19.7 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიური გეგმის 90%-ს შეადგენს. კონკრეტული გადასახადების მიხედვით, შესრულება ყველაზე მაღალია საშემოსავლო გადასახადის მიმართულებით (93%), ხოლო ყველაზე დაბალი მოგების გადასახადის მიმართულებით (83%).
2025 წლის ბიუჯეტის შესრულება გადასახადების მიხედვით ასე ნაწილდება:
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 7.26 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 89%;
- საშემოსავლო გადასახადი - 6.84 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 93%;
- მოგების გადასახადი - 2.55 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 83%;
- აქციზი - 2.36 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 89%;
- იმპორტის გადასახადი - 132 მილიონი ლარი, წლიური გეგმის 89%.
შესაბამისად, დეკემბრის განმავლობაში მთავრობამ 2.14 მილიარდი ლარის გადასახადები უნდა აკრიფოს, რათა წლიური საბიუჯეტო გეგმა შესრულდეს.
2025 წლის 11 თვეში ქართულმა ბანკებმა 3 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს
2025 წლის 11 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.98 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია. ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ "საქართველოს ბანკია", რაც 2025 წლის 11 თვეში 1.5 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 7%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს "თიბისი ბანკი" იკავებს 1.1 მილიარდი ლარით, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად "ლიბერთი ბანკია" 115 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია. ასევე მაღალი მოგება აქვს "ბაზის ბანკს", 100 მილიონი ლარის ოდენობით, რაც წლიურად 40%-ით არის გაზრდილი. "კრედო ბანკის" მოგება კი 81 მილიონი ლარი იყო, რაც ასევე 40%-ით არის გაზრდილი. "ქართუ ბანკის" მოგება 40 მილიონ ლარს შეადგენდა (წლიურად 6%-ის კლება), პროკრედიტ ბანკს კი 28 მლნ ლარის მოგება, რაც წლიურად ასევე 9%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 54.8 მილიონი ლარის ზარალი აქვს "ვითიბი ბანკს", რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეჩერებული აქვს. ასევე დიდი ზომის - 22.6 მლნ ლარის ზარალი აქვს "სილქ ბანკს", ჰეშბანკის ზარალი კი 10 მილიონი ლარი იყო.
ნოემბერში დაკრედიტება 945 მილიონი ლარით გაიზარდა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 68.97 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 945 მილიონი ლარით (1.39%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.62%-ით მეტი). საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სესხების მიმდინარე ტენდენციების თანახმად, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.75% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 652.59 მლნ ლარით (1.65%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 292.08 მლნ ლარით (1.02%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.58%-ით).
ნოემბერში იპოთეკური დაკრედიტება გაიზარდა
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ნოემბერში საქართველოში 4458 ახალი იპოთეკური სესხი გაიცა, რომელთა ჯამური ღირებულება 451 მილიონი ლარი იყო. რაოდენობრივად იპოთეკური სესხების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით, ხოლო გაცემული კრედიტების ღირებულება 17%-ით გაიზარდა. ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა სექტემბრამდე ძირითადად შემცირების ტენდენციას ატარებდა, სექტემბრიდან კი წლიურ ჭრილში ახალი სესხების რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, ჯამურად 11 თვეში ახალი იპოთეკების რაოდენობა შეადგენს 46,761-ს, რაც 4,277 იპოთეკური სესხით უფრო ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში გაცემულ კრედიტებთან შედარებით. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უძრავი ქონების ფასი გაზრდილია, ჯამურად ახალი იპოთეკური პორტფელის ღირებულებაც მომატებულია და 11 თვეში გაცემული სესხების საერთო ღირებულება 4.2 მილიარდ ლარს შეადგენს. თუკი 2024 წელს საშუალო იპოთეკური სესხის ღირებულება 76 ათას ლარს შეადგენდა, 2025 წელს ის 90 ათას ლარს შეადგენს.
საქართველოს რკინიგზასთან აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზასთან აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. მისი თქმით, თავდაპირველად საქართველოს მიერ დაწესებული ტარიფი მაღალი იყო. „ამან აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა, რადგან ის არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას. მოკლე დროში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერია საკითხში და საკითხი მოგვარდა. კომპანიებს შორის შეთანხმდა ბაზრის პირობების სრულად შესაბამის ტარიფზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას. ეს აჩვენებს, რომ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები მეგობრულია. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მოგვარებულია და ეს გზა კვლავ გამოყენებული იქნება“,- აღნიშნა მან. ცნობისთვის, მრავალწლიანი პოლიტიკური დაძაბულობის შემდეგ 23 დეკემბერს პირველად, სომხეთში საქართველოს გავლით საწვავით დატვირთული პირველი აზერბაიჯანული მატარებელი ჩავიდა.
ბავშვთა ინფექციური „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულმა „კოსტავა თაუერსმა“ ₾28.2 მილიონად იყიდა
თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა 14-ში მდებარე სახელმწიფო ქონება, ყოფილი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ₾28.2 მილიონად „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანია „კოსტავა თაუერსმა“ იყიდა, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მომიჯნავე 33,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი შენობის მფლობელია, რომელიც კომპანიამ საჯარო აუქციონზე 2022 წელს 65 მილიონ ლარად შეიძინა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით აუქციონზე თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში მდებარე ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 28.2 მილიონ ლარად 17 დეკემბერს გაიყიდა. ყოფილი ბავშვთა ინფექციურის ახალი მფლობელი კომპანია „კოსტავა თაუერსი“ 2022 წელსაა დაფუძნებული და დირექტორი ვასილ ფხაკაძეა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ველაჯიოა“, რომელიც თავის მხრივ მალტაში რეგისტრირებული კომპანია „გლობალ ინვესტორს ლიმიტედია“, რომელიც ბიზნესმენების სოსო და ლევან ფხაკაძეების დაფუძნებულია.




























