მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

fitch

გთავაზობთ გასული კვირის (8-14 იანვარი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად შეინარჩუნა, რისკებს შორის სებ-ის ახალი კანონიც დასახელდა

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი'BB' დონეზე შეუნარჩუნა. ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია რისკებზე, სადაც მათ შორის ნახსენებია, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სებ-ის კანონში ცვლილება და ლარის კურსი.

Fitch-ის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 5%, ხოლო 2025 წელს 5.1% იქნება.

"მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, საქართველო მმართველობის ხარისხით უსწრებს თავის მსგავს ქვეყნებს, თუმცა მმართველობის ხარისხის აღქმას დარტყმის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მზარდი დაპირისპირება (რომელიც 2023 წელს პრეზიდენტის შეუმდგარი იმპიჩმენტის მცდელობაში გადაიზარდა)", - წერს Fitch-ი თავის მიმოხილვაში.

2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება - მსოფლიო ბანკის პროგნოზი

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის მოლოდინები განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება. შესაბამისად, ეს 2023 წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, 6.5%-ზე (მსოფლიო ბანკი) 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობა 2024 წელს ქვეყანაში 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, შესაბამისად, მიმდინარე წლის ბიუჯეტიც ამ მაჩვენებელზე არის დაგეგმილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის პროგნოზი მსოფლიო ბანკის მოლოდინზე უფრო ოპტიმისტურია.

თბილისის მერიის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით 1,963,000,000 ლარამდე იზრდება

2024 წელს თბილისის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 1.96 მილიარდ ლარს მიაღწევს - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. შესაბამის ცვლილებებს საკრებულო სავარაუდოდ თებერვალში დაამტკიცებს.

საქმე ისაა, რომ 2023 წლის 15 დეკემბერს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის ბიუჯეტი 1.76 მილიარდი ლარის ოდენობით, თუმცა როგორც დღეს კახა კალაძემ განაცხადა, გასულ წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა, რის გამოც წელს ბიუჯეტს 100 მილიონი ლარი გადმოჰყვა, ასევე 100 მილიონი ლარი არის გადმოსული სხვადასხვა პროექტის ათვისების ბიუჯეტიდან, რომელთა შესრულებაც წელსაც გაგრძელდება. შესაბამისად, ბიუჯეტის მოცულობა 200 მილიონი ლარით იზრდება.

კონკურენციის სააგენტომ ონლაინ ბილეთებით მოვაჭრე Cavea და tkt.ge 1.6 მილიონი ლარით დააჯარიმა

კონკურენციის დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა დაადგინა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან ასევე მოპასუხე მხარეებს - 3 კომპანიას, ჯამურად, 1,6 მლნ. ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ.

  • ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს - „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) - 1 120 562 ლარი
  • შპს „თინეთს“ (100%-იანი წილის მფლობელი TBC Bank Group PLC-ს) - 544 328 ლარი
  • შპს „ელ.ბილეთებს“ (მომჩივანი) - 5 368 ლარი

სააგენტო წერს, რომ მოკვლევის შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს ,,სადისტრიბუციო კომპანიას’’ და შპს ,,თინეთს’’ შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ თინეთის მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა.

საპენსიო ფონდის ზომამ 4.4 მილიარდ ლარს მიაღწია - სააგენტო 2023 წელს აჯამებს

საქართველოს საპენსიო სააგენტო 2023 წლის საინვესტიციო საქმიანობის შედეგების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის ზომა 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც დარიცხული სარგებელი 857 მილიონი ლარია. ანგარიშში საუბარია, როგორც ადგილობრივ საფინანსო ბაზარზე არსებული ინვესტიციებიდან (სადეპოზიტო სერტიფიკატებიდან და ფასიანი ქაღალდებიდან) მიღებულ შემოსავლებზე, ასევე გლობალურ აქციებში ჩადებული აქტივებიდან მიღებულ სარგებელზე. გლობალურ აქციებს შორის საპენსიო სააგენტო მიუთითებს, რომ სამხრეთ ამერიკული აქციები განსაკუთრებით შემოსავლიანი აღმოჩნდა, თუმცა ამ მიმართულებით აქციების მხოლოდ მცირე ნაწილია დაბანდებული.

დეკემბერში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 7%-ით შემცირდა

დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 7%-ით შემცირდა და დედაქალაქში სულ 3,827 ბინა გაიყიდა. Recov.ge-ზე განახლებული მიმოხილვის მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 4%-ით, 246 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების მხოლოდ 1%-ით, ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა.

„2023 წელს თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით გარეუბნებში 17%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 12% და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ძველი ბინების შემთხვევაში, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით გარეუბნებში 23%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 18% და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გარდაბანი 3-ის თბოსადგურის ინვესტორის შერჩევის კონკურსი მეოთხედ გახანგრძლივდა

საქართველოს მთავრობა ეძებს ინვესტორს, ვინც გარდაბანში 350-430 მეგავატის სიმძლავრის ახალ თბოელექტროსადგურს ააშენებს. ამისთვის ინტერესთა გამოხატვა გასული წლის ზაფხულში გამოცხადდა, თუმცა კონკურსის დასრულების ვადა რამდენჯერმე გადავადდა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აუქციონის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2024 წლის 29 თებერვლამდე გადავადდა.

ამასთან შეიცვალა კონკურსის აღწერაც თუკი აქამდე ინვესტორებს წინადადების წარდგენა საბოლოო ვადამდე ნებისმიერ დროს შეეძლოთ, ახალი პირობით მათ წინადადებები 2024 წლის 22 თებერვლიდან - 29 თებერვლის პერიოდში უნდა გააგზავნონ GOGC-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები