მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანი

გთავაზობთ გასული კვირის 22-28 იანვრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

რა საქონელი გაიტანა 2023 წელს საქართველომ ექსპორტზე

საქსტატმა საგარეო ვაჭრობის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა - დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში საქართველოდან 6.1 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რაც წლიურად 9%-ით არის მომატებული.

საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $2.1 მლრდ, ზრდა - 134.8%;
  2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $479 მლნ, კლება - 53.2%;
  3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $259 მლნ, ზრდა - 2.6%;
  4. სპირტიანი სასმელები - $196.1 მლნ, ზრდა - 41.6%;
  5. ფეროშენადნობები - $180.6 მლნ, კლება - 60.7%;
  6. აზოტოვანი სასუქები - $158.3 მლნ, კლება - 43.7%;
  7. მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $131.5 მლნ, ზრდა - 16.9%;
  8. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $126.5 მლნ, ზრდა - 15.6%;
  9. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $109 მლნ, ზრდა - 31.8%;
  10. ელექტროენერგია - $95.4 მლნ, ზრდა - 13.2%.

დანარჩენი საქონელი სულ 2 მილიარდ 227 მილიონი დოლარი, ზრდა - 4.5%.

მთლიანად ექსპორტის ზრდის მიუხედავად, ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა

2023 წლის განმავლობაში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა 704 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თანხა 2022 წლის შედეგებთან შედარებით 158 მილიონი დოლარით, ანუ 18%-ით ნაკლებია.

შედეგად, ევროკავშირის ბაზარმა მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 11.6% შეადგინა. შედარებისთვის 2022 წელს ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში 15.4% იყო.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში ექსპორტის შემცირება ძირითადად სპილენძის მადნების ექსპორტის კლებით არის განპირობებული. 2023 წლის განმავლობაში საქართველოდან ევროკავშირში 295 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები გავიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 142 მილიონი დოლარით ნაკლებია. სპილენძის მადნებთან ერთად EU-ში 24 მილიონი დოლარით იკლო ქართული თხილის ექსპორტმაც და მან 50 მილიონი შეადგინა.

ამასთან, საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანას შორის EU-ს წევრი მხოლოდ ერთი ქვეყანა ბულგარეთია, სადაც 250 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განხორციელდა.

უფრო ვრცლად ბმულზე.

საქართველო და სომხეთი სტრატეგიულ ურთიერთობებს ამყარებენ

საქართველო - სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სომხეთთან ძალიან კარგი მეგობრობა და თანამშრომლობა გვაქვს ყველა მიმართულებით. შეიძლება ითქვას რომ დე-ფაქტოდ ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და პარტნიორები. დღეს უკვე ეს რეალობა და მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ სომხეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე ქვეყნის მთავრობა მოწოდებულია, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო ყოველთვის იყო მომხრე რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონტრიბუცია შევიტანოთ ამ გრძელვადიანი მშვიდობის საქმეში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცვლად განაკვეთიან სესხებში რეფინანსირების განაკვეთს TIBR-ის ინდექსი ჩაანაცვლებს - რა იცვლება

TIBR-ის ინდექსზე მიბმული სესხების მოცულობამ 1 მილიარდ ლარს უკვე გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა განაცხადა. საქართველოს საბანკო სექტორი ცვლად განაკვეთიან კრედიტებში თანდათანობით გადადის ახალ ინდექსზე დაფიქსირებაზე - საუბარია TIBR-ის ინდექსზე, რომელიც ეროვნული ბანკის განმარტებით უკეთ ასახავს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ვიდრე რეფინანსირების სესხების განაკვეთები.

“საბანკო სესხების თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR ინდექსზე) მიბმის საკითხი არ არის სიახლე - შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წელს იქნა მიღებული და 2023 წლის განმავლობაში ეს პროცესი ეტაპობრივად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, თანმიმდევრულად მიმდინარეობს. დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტია უკვე ასეთი პორტფელი. პარალელურად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებიც გაიცემოდა“, - განაცხადა გიორგი ლალიაშვილმა.

არსებული მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთი 9.5%,TIBR-ის განაკვეთიც შეადგენს ასევე 9.5%-ს, ერთთვიანი TIBR-ი 9.54%-ია, 3-თვიანი TIBR-ი 9.94%-ია, 6-თვიანი TIBR-ი კი 10.24%-ია. როგორც წესი TIBR-ის ერთთვიანი განაკვეთი რამდენიმე მეასედი პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია რეფინანსირების განაკვეთზე.

31 იანვარს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება

2024 წლის 31 იანვარს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შესახებ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამჟამად არსებული განაკვეთი 9.5%-ია, ხოლო სებ-ის მიერ მომზადებული რეფინანსირების განაკვეთის მოსალოდნელი ტრაექტორიის გრაფიკის თანახმად, 2024 წლის მეოთხე კვარტლისთვის განაკვეთი სავარაუდოდ 8.85%-მდე უნდა შემცირდეს. თუმცა უცნობია შემცირების გადაწყვეტილება მიღებული იქნება ახლა თუ უკვე შემდეგ სხდომაზე.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება სახელმწიფო საწარმოებში ანბანდლინგის ნელი პროცესით შეშფოთებულია

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოში სახელმწიფოს მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხს სწავლობს - ამის შესახებ თავად ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის აღნიშნული.

საქმე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიების მფლობელობის ისეთი სტრუქტურული მოწყობის უზრუნველყოფას შეეხება, რომელიც ფუნქციური ანბანდლინგს (გაყოფა/გამიჯვნას) მოიცავს. ამასთანავე, ირკვევა, რომ ანბანდლინგის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის სახელმწიფო ელექტროსისტემა სემეკის მიერ 10,000 ლარითაც იყო დაჯარიმებული.

არსებული მდგომარეობით სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც ქვეყანაში მაღალი ძაბვის ხაზების (გადაცემის სისტემის) ოპერატორია, არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მფლობელობაში, ამავე სამინისტროს ეკუთვნის ისეთი ენერგეტიკული ობიექტები, როგორიცაა ენგურჰესი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის თბოსადგურები. სტრუქტურული გამიჯვნა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ობიექტებს საერთო მაკონტროლებელი არ ჰყავდეთ. შესაბამისად, წარდგენილი ინიციატივის მიხედვით, გენერაციის ობიექტების სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემა იგეგმება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე ახალი კლინიკა აშენდება

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ახალი პროექტის ღირებულება 200 მილიონი ლარი იქნება.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

საბანკო სესხების მოცულობამ 52.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში საბანკო სესხების მოცულობა 1.46 მილიარდი ლარით, ანუ 2.9%-ით გაიზარდა და მან 52.65 მილიარდ ლარს მიაღწია. მათ შორის ლარში გაცემული სესხების მოცულობა 933.50 მლნ ლარით (3.35%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 528.77 მლნ ლარით (2.27%-ით).

ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.76 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.26 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.12 პროცენტული პუნქტით).

საბანკო დეპოზიტები 50.6 მილიარდამდე გაიზარდა

2023 წლის დეკემბერში საქართველოს კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტების მოცულობა 183 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 50.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის თანახმად, დეკემბერში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 668 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 851 მილიონი ლარით გაიზარდა.

მთლიანობაში საბანკო სექტორში განთავსებული დანაზოგების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 49.27 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.03 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.15 პროცენტული პუნქტით).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები