მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

ფხაკაძე

გთავაზობთ გასული კვირის (26 თებერვალი - 3 მარტი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრი გაათავისუფლა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მან ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ხარვეზების ფონზე მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაათავისუფლა. კობახიძის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი გახდა კომუნიკაციის მიმართულებით არსებული პრობლემა, რაც მათ შორის სამინისტროს მიერ რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხზეც აშკარად იკვეთებოდა.

„ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი დღის დილით მქონდა. მე ვხედავდი პრობლემებს, მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე დავრწმუნდი, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან მინისტრმა სხვა სამინისტროებს მოუწოდა არსებული პრობლემები სამინისტროს დონეზევე მოაგვარონ, რათა სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა მხრიდან არ კეთდებოდეს მოწოდებები მწვავე საკითხების პრემიერთან შეხვედრის საფუძველზე გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორში 3-წლიანი ბაკალავრიატის პროგრამები დაკანონდა

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც ხელოვნების და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტებზე დიპლომის მინიჭება სტუდენტების მიერ 180 კრედიტის მოპოვების, ანუ სწავლის 3 წლის შედეგად გახდება შესაძლებელი. განათლების სამინისტროს განმარტებით, 3-წლიანი ბაკალავრიატი აპრობირებული ევროპული პრაქტიკაა და ის საქართველოს განათლების სისტემის EU-სთან თავსებადობის ზრდისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

„აღსანიშნავია, რომ 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების არსებობა ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზონ სტუდენტებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამწლიანი პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამის განხორციელებას საქართველოში“, - აცხადებენ სამინისტროში.

2023 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა შემცირდა

2023 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 8.2%-ით შემცირდა და 13.6 მილიონი ტონა შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ტვირთბრუნვის შემცირება ძირითადად სატრანზიტო გადაზიდვების შემცირებას უკავშირდება. თუკი 2022 წელს სატრანზიტო ტვირთების მოცულობა 8.6 მილიონი ტონა იყო, 2023 წელს ის 7.7 მილიონ ტონამდე შემცირდა.

სატრანსპორტო სტატისტიკიდან ირკვევა, რომ რკინიგზის მიერ გადაზიდული სატრანზიტო ტვირთების 47% რუსული წარმოშობის იყო, 26% აზერბაიჯანული წარმოშობის, 3.4%-ის გამომგზავნი - თურქმენეთი, 3.2%-ის რუმინეთი, 2.8%-ის ბულგარეთი, 2.3%-ის თურქეთი, 1.3%-ის ბელარუსი ბელარუსი, 1.2% კი გამოგზავნილი იყო ჩინეთის მიერ.

საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა შემცირდა

2023 წელს საქართველოს პორტებმა სულ 13.9 მილიონი ტონა ტვირთი მიიღეს და გაატარეს, რაც 2022 წელთან შედარებით 1.1 მილიონი ტონით ნაკლები იყო. საქსტატის ანგარიშში არაა მითითებული თუ როგორი იყო ტვირთბრუნვა უშუალოდ პორტების მიხედვით, თუმცა მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს პორტების დატვირთვა შემცირდა.

სტატისტიკის მიხედვით 2023 წელს შემცირება დაფიქსირდა თხევადი (0.8 მლნ ტონით) და ნაყარი ტვირთების (1.3 მლნ ტონა) მიმართულებით, გენერალური ტვირთების მოცულობა კი დაახლოებით 1 მილიონი ტონით გაიზარდა, ამის მიუხედავად მთლიანად გადატანილი ტვირთების მოცულობა 1.1 მილიონი ტონით შემცირდა.

SMS მარკეტინგის წესები შეიცვალა

1 მარტიდან სარეკლამო შეტყობინების გაგზავნისთვის კომპანიებს მომხმარებლების თანხმობა დასჭირდებათ. რეგულაციის ამოქმედებამდე კი, კომპანიები მომხმარებლებს უგზავნიან შეტყობინებას იმის შესახებ, სურთ თუ არა სამომავლოდ მათგან სარეკლამო შეტყობინებების მიღება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ თუ მომხმარებელი ასეთ შეტყობინებას პასუხგაუცემელს დატოვებს, ეს ადრესატის მხრიდან უარს ნიშნავს, რადგან დადასტურებული თანხმობა არ ფიქსირდება.

საქართველომ EU-ს ბუნებრივი აირი დაუთმო

საქართველომ ევროკავშირის სასარგებლოდ 1.1 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის შესყიდვაზე თქვა უარი - ამის შესახებ სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე აღინიშნა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ხელშეკრულება გააფორმა SOCAR-თან გაზის ნაკადების დროებით EU-სკენ გადამისამართებაზე. ამ შეთანხმებით რომლითაც საქართველო უფლებამოსილია, შეიძინოს გაზი SCP პროექტის ხელშეკრულებებით. შედეგად, ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებითი გამტარუნარიანობა - დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც გამოიყენებოდა აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის გაზრდილი ექსპორტისთვის ევროპის ქვეყნებში.

პრემიერ-მინისტრი ბიზნესს შეხვდა

პარასკევს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გაიმართა მსხვილი ბიზნესის შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ეს აღნიშნულ ფორმატში პრემიერთან პირველი შეხვედრა იყო. კონფერენციაზე, რომელშიც 400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა წარადგინა BAG ინდექსის ფარგლებში 2019-2023 წლების კვლევის შედეგები, სადაც მან აუდიტორიას, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე სხვა საინტერესო მიგნებებთან ერთად, გააცნო ის პოზიტიური და დადებითი განწყობები და მოლოდინები, რომლებიც ბიზნესში ბოლო წლებში ჩამოყალიბდა.

მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო დაწინაურდა

Heritage Foundation-მა 2024 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ქულა 68.7-დან 68.4-მდე შემცირდა. თუმცა ამის მიუხედავად, საქართველო მთლიან რანჟირებაში 3 პოზიციით დაწინაურდა და 32-ე ადგილი დაიკავა.

საგულისხმოა გარემოება, რომ 2023 წელს, საქართველომ ინდექსში 9 პოზიცია დაკარგა და 26-დან 35-ე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ქვეყნის ქულა 71.8-დან 68.7-მდე შემცირდა. საქართველოს ქულა შემცირდა 2022 წელსაც (77.2-დან 71.8-მდე). შესაბამისად, ბოლო 3 წელში საქართველომ ამ ინდექსში თითქმის 9 ქულა დაკარგა. 2024 წლის ინდექსში საქართველოს პოზიცია 5 კრიტერიუმში გაუარესდა, 4 კრიტერიუმში გაუმჯობესდა და 3 კრიტერიუმში უცვლელი დარჩა.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის თანახმად, იანვარში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 10.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 1.4%-ით არის გაზრდილი. სექტორების მხრივ, იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები