მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

ხელფასი

გთავაზობთ გასული კვირის 25-31 მარტის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში:

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია. კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 11.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 11.8%-ით არის გაზრდილი.

ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ ბრიფინგი გამართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ. მისი განმარტებით სექტორების უმეტესობაში, გარდა ენერგეტიკისა და სამთო მოპოვებითი მრეწველობისა ბრუნვის ზრდა ფიქსირდება.

ბანკებმა იანვარ-თებერვალში 460 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 2024 წლის იანვარ-თებერვლის ფინანსური შედეგები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინეს. ანგარიშგებების თანახმად, პერიოდის განმავლობაში ბანკებმა 460 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით, ანუ 77 მილიონი ლარით მეტია. წმინდა მოგების 88% მოდის ორ უმსხვილეს სისტემურ ბანკზე, ხოლო პირველი სამი სისტემური ბანკის მოგება მთლიანი სექტორის მოგების 92%-ს შეადგენს. მათ შორის საქართველოს ბანკის წმინდა მოგებაა 238 მილიონი ლარი, თიბისის წმინდა მოგება 170 მილიონი ლარი, ხოლო ლიბერთი ბანკის 16 მილიონი ლარი.

ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით დოლარის შესყიდვა გააქტიურა - თებერვალში შეძენილია $77 მლნ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა გააქტიურა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, Bmatch პლატფორმის მეშვეობით გასული თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 77 მილიონი დოლარი შეისყიდა. აღნიშნული შესყიდვები ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით განხორციელდა.

ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის გადაწყვეტილება სავარაუდოდ განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბოლო სამ თვეში სავალუტო რეზერვების მოცულობა 375 მილიონი დოლარით, 4.74 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ის თუ რა მოცულობის რეზერვები შეისყიდა ეროვნულმა ბანკმა მარტის განმავლობაში, ცნობილი გახდება მომდევნო თვის 25 რიცხვში. მთლიანად 2024 წლის იანვარ-თებერვალში კი რეზერვების შესყიდვებმა 86 მილიონი დოლარი შეადგინა.

Moody's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დაადასტურა, თუმცა გაუმჯობესებულია საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა და ის ნეგატიურის ნაცვლად სტაბილურით შეიცვალა. ორგანიზაცია წელს საქართველოში 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს 2022 წლის აპრილში განაახლა, რა დროსაც რეიტინგის მოლოდინი სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო, გაუარესებულ საინვესტიციო მოლოდინებს უკავშირდებოდა. პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა. ძლიერი მხარეები მაღალი ეკონომიკური ზრდა, შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობა, ძლიერი ინსტიტუციონალური ჩარჩო, ფისკალური სტაბილურობა და ინფლაციის შემცირებაა.

Starring Georgia გრძელდება - 73-მილიონიანი პროგრამის მეორე წელი

Black Sea Arena საქართველოში 2024 წლის კამპანიას - „Starring Georgia“-ს იწყებს და ქვეყანაში დაგეგმილი კონცერტების თარიღებსა და მსოფლიოში ცნობილი პოპულარული არტისტების სიას აქვეყნებს.მათი ცნობით, წელს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ქვეყანას OneRepublic-ი, Jungle და Scorpions-ი ეწვევიან. კონცერტები მაისსა და აგვისტოში გაიმართება.

მთავრობა 60 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება

საქართველოს მთავრობამ “კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის” პროგრამა დაამტკიცა, პროგრამის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა “აწარმოე საქართველოში”-ს მხარდაჭერა მიიღონ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების განთავსებისთვის.

BMG-ის კითხვაზე პასუხისას ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა 60 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს შეეძლებათ.

კორუფციული სქემა რეანიმობილების მართვის ცენტრში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გამოვლენილ კორუფციულ სქემაზე აქვეყნებს განცხადებას. უწყების ინფორმაციით, მათ გამოავლინეს კორუფციული სქემა რეანიმობილების მართვის ცენტრში, რომლის შედეგადაც პაციენტების გადამისამართება ხელოვნურად არა ყველაზე ახლო კლინიკაში, არამედ ჰოსპიტლების ქსელ "ვიანში" ხდებოდა, რისთვისაც ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დიდი მოცულობის ქრთამებს იღებდნენ. სუს-ის განცხადების თანახმად აღნიშნული პირები დაკავებული არიან.

ამასთანავე, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თავად კლინიკების ქსელმაც. კომპანიის განცხადება იხილეთ ვრცლად.

გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა - საქმეზე დაზარალებულის სტატუსით ბიძინა ივანიშვილი დაიკითხება

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც დაიკითხება. აღნიშნული შესახებ საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას შეეხებოდა.

"აბსოლუტურად ყველა პირი დაიკითხება, რომელიც სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაშია მითითებული, თქვენ მოისმინეთ, ეს საჯარო იყო. კი ბატონო, არის დაზარალებული დასაკითხ პირთა სიაში, შესაბამისად, ყველა პირი დაიკითხება იმ საერთო წესების დაცვით, როგორც ხდება სასამართლოში დაკითხვა", - განაცხადა საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან.

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, ოთხჯერ გადადების შემდეგ, 27 მარტს გაიმართა.

ევრო 2024-ზე ქართველი გულშემატკივრების დასასწრებად ჩარტერული რეისები დაინიშნა

Georgian Airways გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

"ავიაკომპანია Georgian Airways კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას! „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება.

ჩარტერულ რეისებს განახორციელებს ავიაკომპანია Croco Airways-იც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები