მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 28 ოქტომბერი - 3 ნოემბერი

დოლარი

გთავაზობთ გასული კვირის, 28 ოქტომბერი - 3 ნოემბერი, მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში

Fitch-ის შეფასება - პოლიტიკური გაურკვევლობა სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში არ შემცირდება

საკრედიტო სააგენტო Fitch-ის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია და გაურკვევლობა. პარასკევს გამოქვეყნებული ანგარიშით, სარეიტინგო სააგენტომ ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა და მიუთითა, რომ გაზრდილი პოლიტიკური რისკი და მისი გავლენა მთავრობასა და საგარეო დაფინანსების წყაროებზე, უკვე აისახა მათ ივნისის შეფასებაში, როცა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "პოზიტიურიდან" "სტაბილურით" შეიცვალა.

2024 წელს კი, ორგანიზაცია ეკონომიკის 7%-იან ზრდას ელის. კერძოდ, Fitch წერს, რომ წინასწარი შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა, რაც გამოიწვია მომსახურებისა და სამშენებლო სექტორის მაღალმა ზრდამ, რის გამოც ორგანიზაცია წელს საქართველოს ეკონომიკის 7%-იან ზრდას მოელის.

Fitch-ის შეფასებით, პოლიტიკური გაურკვევლობა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება, რაც დროთა განმავლობაში გააუარესებს ინსიტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხს.

Fitch-ის თანახმად, პოლიტიკური გაურკვევლობა გაგრძელდება, რამაც შესაძლოა, შეაფერხოს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ეროვნული ბანკის მმართველობის საკითხი. ამ უკანასკნელის გამო, 2023 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააჩერა 280 მლნ დოლარის ღირებულების პროგრამა [Stand-By პროგრამა].

Fitch - საქართველოს სავალუტო რეზერვების დაბალ ნიშნულზე წერს

"ეროვნულმა ბანკმა გაყიდა $100 მილიონი დოლარი წინასაარჩევნო კვირაში, სავარაუდოდ იმიტომ რომ გაეძლიერებინა ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ. მაისში კი სებ-მა საერთო ჯამში 108.7 მილიონი დოლარი გაყიდა მაშინ როდესაც გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ ლარი 7%-ით გაუფასურდა.

ლარის სისუსტე ვალის მიმართულებით წარმოადგენს რისკს რადგანაც სახელმწიფო ვალდებულებების 71% უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. საქართველო ასევე ჩამორჩება BB რეიტინგის ქვეყნებს რეზერვების ადეკვატურობის მიმართულებით, რამაც სექტემბერში 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მდგომარეობით მისი საგარეო გადახდების 2.6 თვის პერიოდს ფარავს, მაშინ როდესაც BB რეიტინგის სხვა ქვეყნებში რეზერვების მოცულობა საშუალოდ საგარეო გადახდების 4.7 თვის ტოლია,"- ნათქვამია Fitch-ის მიმოხილვაში.

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა, 2024 წლის 9 თვეში ზრდა 9.8% იყო

საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს. სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 % შეადგინა, ხოლო ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8 პროცენტით განისაზღვრა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  1. მშენებლობა;
  2. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები;
  3. ტრანსპორტი და დასაწყობება;
  4. ვაჭრობა.

საქსტატის თანახმად, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

საქართველოს ტურიზმის შემოსავალი 6%-ით, 3.46 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტურიზმის შემოსავლების 9 თვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წელს, საქართველოს ეკონომიკამ საერთაშორისო მოგზაურების დანახარჯებიდან 3.46 მილიარდი დოლარი მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით მეტია. ამავე პერიოდში საქართველოს 5.04 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც რაოდენობრივად წინა წელთან შედარებით 4.5%-ით არის გაზრდილი.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2029 წლის 9 თვეში საქართველოს ტურიზმის სექტორმა ყველაზე დიდი შემოსავალი რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო, რამაც 675 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს თანხა წინა წელთან შედარებით 12%-ით არის შემცირებული. რაოდენობრივად კი, საქართველოში რუსი ვიზიტორების რიცხვი წელს 3.3%-ით, 1.1 მილიონამდე შემცირდა. სანაცვლოდ, გაზრდილია საქართველოში ევროკავშირის მოქალაქეთა ტურისტული დანახარჯები, რამაც წელს 456 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე 25%-ით არის მომატებული ისრაელის მოქალაქეთა დანახარჯები. 27%-თ გაიზარდა აზერბაიჯანის მოქალაქეთა ტურისტული ხარჯები საქართველოში, ირანის მოქალაქეთა დანახარჯების ზრდა კი 27%-ია.

ქართულმა ბანკებმა 2024 წლის 9 თვეში 2.3 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღეს

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის 9 თვის განმავლობაში 2.3 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 255 მილიონი ლარით, ანუ 12.5%-ით მეტია. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, წმინდა მოგების მხრივ პირველ ადგილზეა "საქართველოს ბანკი", რომელმაც 2024 წლის ცხრა თვეში 1.1 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, მეორე პოზიციას 895 მილიონი ლარით "თიბისი" იკავებს, მესამეზე კი "ლიბერთია" 84 მილიონი ლარის მოგების მაჩვენებლით.

სტატისტიკის თანახმად, 5 კომერციული ბანკი მოგების ნაცვლად ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 8.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა "სილქ ბანკმა", ასევე ზარალზე არიან "ჰეშ ბანკი" 2.9 მილიონი ლარი, "პეისერა" 967 ათასი ლარი, ვითიბი 444 ათასი ლარი და "პეივბანკი" 374 ათასი ლარით.

ხობი 2 ჰესი გაიხსნა გახსნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე მდებარე „ხობი 2 ჰესი" ოფიციალურად გაიხსნა. სადგურის დადგმული სიმძლავრე 44,5 მეგავატია, ელექტრო ენერგიის გამომუშავება კი 200 მლნ კვტ სთ. ჰიდროელექტროსადგურის პირველი ფაზისთვის ინვესტიციის მოცულობა 250 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ფერიმ“ „ხობი 2 ჰესის“ მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა ჰესის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე "საქართველოს ბანკს" და "თიბისი ბანკს" პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯორჯიან მანგანეზი წარმოებას დროებით აჩერებს

“ჯორჯიან მანგანეზი” ზესტაფონის ფეროს 4 თვით გაჩერების მიზეზებს განმარტავს. კომპანიის განცხადების თანახმად, გაჩერების მიზეზი, სილიკომანგანუმის ფასების მკვეთრი ვარდნა და მოთხოვნის შემცირება გახდა, რასაც თან მადნის დეფიციტიც დაერთო.

"ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს - სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი.

ჩვენმა კონტრაქტორმა ჭიათურა მენჯმენტ კომპანიმ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, 8 თვის განმავლობაში, მაღაროების პიკეტირების გამო, ვერ უზრუნველყო ქარხნის მადნით მომარაგება. 12-დან 7 მაღაროს პარალიზებით ჭიათურაში მადნის მოპოვება 70%-ით შემცირდა,", - წერია “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Georgia Capital-ის პარტნიორი ჰოლანდიური Royal Swinkels-ი გახდა, რომელიც ლუდის და დისტრიბუციის ბიზნესის 80%-ს $63 მილიონად შეიძენს

ნიდერლანდების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ლუდის მწარმოებელმა Royal Swinkels-მა საქართველოში $63-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. Royal Swinkels-მა საქართველოს კაპიტალისგან 63 მილიონ დოლარად შეიძინა კომპანია "გლობალ ბიერ ჯორჯიას", 80%-იანი წილი. თავად "გლობალ ბიერ ჯორჯია" ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და დისტრიბუტორია. კომპანიის აქტივებს შორისაა ლუდის ქარხანა და ბრენდები "ყაზბეგი", "შავი ლომი", "კაიაკი", "აისი", ასევე საერთაშორისო ბრენდების "Heineken"-ის, Amstel-ის, Krusovice-სა და სხვა ბრენდების წარმოებისა და დისტრიბუციის ლიცენზიები.

თავად Royal Swinkles-ი ნიდერლანდებში Heineken-ის შემდეგ ლუდის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის შემოსავალიც 2023 წელს 1.12 მილიარდი ევრო იყო. კომპანიის ბრენდებს შორისაა Bavaria და Swinkels-ი.

სინგაპურის სასამართლომ ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია $282 მლნ-ით, $461 მილიონამდე შეამცირა

სინგაპურის სასამართლომ 282 მილიონი დოლარით, 461 მილიონ დოლარამდე შეამცირა ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი UBS-ზე დაყრდნობით აქვეყნებს. თავად სინგაპურის სასამართლოს ვებგვერდზე აღნიშნული განაჩენი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა.

საქმე ისაა, რომ 5 ივლისის განაჩენით, ივანიშვილმა UBS-ის საკუთრებაში არსებული Credit Suisse-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა საბოლოოდ მოიგო, რის შემდეგაც დადგა საჭიროება ხელახლა შეფასებულიყო მილიარდერისთვის კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის მოცულობა. წინა განაჩენით ეს თანხა 742.7 მილიონი დოლარით იყო შეფასებული, თუმცა როგორც ირკვევა, საკომპენსაციო თანხა სასამართლომ საბოლოოდ 282 მილიონი დოლარით შეამცირა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება 21 სექტემბერს ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში გააკეთა, მაშინ მილიარდერმა თქვა, რომ კომპენსაციის მოცულობის დაზუსტება ორივე მხარის ექსპერტის ჩართულობით უნდა მომხდარიყო და ეს მხოლოდ ორი საათის საქმეს წარმოადგენდა, თუმცა Credit Suisse-ის ესქსპერტმა ამ საქმეს მთელი ორი თვე მოანდომა და სასამართლომ განაჩენი საბოლოოდ 30 სექტემბერს გამოიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები