მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

საქართველო

გთავაზობთ გასული კვირის (24 თებერვალი - 2 მარტი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.1% შეადგინა. საქსტატის თანახმად, იანვარში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 14.7%-ით არის გაზრდილი.

დღეს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, პაატა შავიშვილმა განაცხადა, რომ იანვარში ზრდის ძირითადი განმაპირობებელი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროში არსებული მატება, ასევე ლოგისტიკის სფეროში არსებული მატება იყო.

იპოთეკით ბინის შეძენა მარტივდება - სებ-მა რეგულაცია შეარბილა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის წახალისებისთვის იპოთეკის დაკრედიტების რეგულაციები გაამარტივა. იპოთეკურ სესხში შესაძლებელი ხდება პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით ეს ზომა მხოლოდ დროებით იმოქმედებს, თუმცა ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ის.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განცხადებით, 2025 წლის იანვარში იპოთეკური დაკრედიტების ტემპი წლიურ 10%-ზე დაბლა ჩამოვიდა, რის საპასუხოდაც ეროვნულმა ბანკმა რეგულაციის შერბილება გადაწყვიტა. დავით უტიაშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იპოთეკურ დაკრედიტებას წაახალისებს.

EBRD-მა 2025 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. ახალი შეფასებით ბანკი წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, რაც სექტემბერში გამოქვეყნებულ წინა პროგნოზთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით მეტია. 2026 წლისთვის კი 5%-იანი მატება არის ნავარაუდევი.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში 2025 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასე ნაწილდება: სომხეთი - 5%-იანი ზრდა; აზერბაიჯანი - 3%-იანი ზრდა; უკრაინა - 3%-იანი ზრდა; თურქეთი - 3%-იანი ზრდა; რუსეთი - 1.5%-იანი ზრდა.

ანაკლიაზე მოლაპარაკებებია ახალ კომპანიასთანაც - მთავრობა შეთანხმების გაფორმებას ზაფხულამდე ელის

"ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობას აქვს მოლაპარაკებები ახალ კომპანიასთან, რომელიც ჩინურ CCCC-თან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის განვითარებას განიხილავს. BMG-ის კითხვაზე თუ როდის მოხდება საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება, დავითაშვილი პასუხობს, რომ მას ჰქონდა მოლოდინი რომ მოლაპარაკებები უფრო სწრაფად წარიმართებოდა, თუმცა არსებული მდგომარეობით ის მოელის, რომ შეთანხმება 2025 წლის გაზაფხულზე, მაქსიმუმ კი ზაფხულის დაწყებამდე გაფორმდება.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ის ვერ დაასახელებს კომპანიას, რომელიც CCCC-თან ერთად პროექტში ჩართვას გეგმავს.

დემოკრატიის ინდექსში საქართველო 94-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა

ბრიტანული გამოცემა The Economist-ის 2024 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველომ ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა, რაც ინდექსში ყოფნის პერიოდში საქართველოს ჰქონია. საქართველოს ქულა 0.51-ით, 4.70-მდე გაუარესდა, შედეგად ქვეყანამ 2023 წელს არსებული 89-ე ადგილიდან 94-ე ადგილამდე გადაინაცვლა. არსებული შედეგით, საქართველო კვლავ ჰიბრიდული დემოკრატიის რეჟიმის კატეგორიაში იმყოფება.

ინდექსის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი მაქსიმალური იყო 2013 წელს, როდესაც ის 5.95 ქულით ფასდებოდა, რის შედეგადაც საქართველო 78-ე ადგილს იკავებდა. ასევე მაღალი ქულა ნარჩუნდებოდა 2017 წლამდე და ის 5.93-ს შეადგენდა, უკვე 2018 წლიდან მოყოლებული კი ქვეყნის მაჩვენებელმა თან და თან უკან დაიხია.

საქართველოს რკინიგზა 270 მილიონ ლარად ლოკომოტივებს რუსეთში შეაკეთებს

საქართველოს რკინიგზა 270 მილიონ ლარად ლოკომოტივებს რუსეთში შეაკეთებს. კომპანიამ ტენდერი 2024 წლის 31 დეკემბერს გამოაცხადა და მასში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ხელშეკრულება კომპანია "გეორგიასთან" გაფორმდება, რომელიც საქართველოს რკინიგზას რუსული ქარხნების მომსახურებას სთავაზობს. რემონტი საბჭოთა დროს გამოშვებულ 47 ლოკომოტივს უნდა ჩაუტარდეს.

ტენდერში "გეორგიას" გარდა, კიდევ ერთი მიმწოდებელი კომპანია "სკინესტ რეილ ჯორჯია" მონაწილეობდა, თუმცა მას საქართველოს რკინიგზის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ეს უკანასკნელი რკინიგზას უკრაინის ლვოვის და ლატვიის დაუგავპლისის ქარხნების მომსახურებას სთავაზობდა. შეთავაზებული ფასი კი 266.8 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა რკინიგზის შეფასებით, წარდგენილ განაცხადში ტექნიკური ხარვეზები იყო, შესაბამისად, მას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

იანვარში საბანკო დეპოზიტებმა 59 მილიარდს, კრედიტებმა კი 62.7 მილიარდ ლარს მიაღწია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის იანვრის ბოლოსათვის 58.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 620.74 მილიონი ლარით, 1.06%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.21%-ით ნაკლები). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 12.64% შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 459.03 მილიონი ლარით (0.74%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.28%-ით შემცირდა) და იანვრის ბოლოს 62.68 მილიარდი ლარი შეადგინა. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 17.93% შეადგინა.

2025 წლის იანვარში ბანკებმა 238 მილიონი ლარის მოგება მიიღეს

ეროვნულ ბანკში წარდგენილი ფინანსური ანგარიშების თანახმად, 2025 წლის იანვარში 18-დან 14 ბანკი მოგებაზე იყო, 4-მა კი თვე ზარალით დაასრულა. საქართველოში მოქმედი 18 კომერციული ბანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ იანვარში 238 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შედეგთან შედარებით 1%-ით (₾3 მლნ) მეტია. ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, წმინდა მოგების მხრივ პირველ ადგილზეა "საქართველოს ბანკი", რომელმაც იანვრის განმავლობაში 126 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა; მეორე პოზიციას 89 მილიონი ლარით "თიბისი" იკავებს, მესამეზე კი "ლიბერთია" 11.4 მილიონი ლარის მოგების მაჩვენებლით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები