გთავაზობთ გასული კვირის - 17-23 მარტის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
"მეწარმეთა შესახებ" კანონის მოთხოვნების ამოქმედება 2026 წლამდე გადავადდა
პარლამენტმა "მეწარმეთა შესახებ" კანონის ამოქმედება 2026 წლის აპრილამდე გადაავადა. გადაწყვეტილების მიზეზად ბიზნეს სექტორის მოუმზადებლობა სახელდება. ამ კანონის მოთხოვნების თანახმად, ყველა იურიდიულ პირს, რომლების 2022 წლის 1 იანვრამდე არის დაფუძნებული 2025 წლის 1 აპრილამდე უნარჩუნდებოდათ შესაძლებლობა, უზრუნველეყოთ სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მათ უნდა წარედგინა დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. თუმცა, აღნიშნული მოთხოვნის საშეღავათო პერიოდმა 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწია.
საქართველოს ეკონომიკის რომელი დარგები იზრდება ყველაზე სწრაფად - რეიტინგი
საქსტატმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2024 წლის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 91.9 მილიარდ ლარს მიაღწია. საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდ - 15%-იან წილს ვაჭრობის სექტორი იკავებს, მეორე პოზიციაზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 9.9%-იანი წილით, მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობაა 9.3%-ით.
რაც შეეხება ზრდის ტემპებს - 2024 წელს პირველ ადგილზე 29.1%-იანი ზრდით იყო განათლების სექტორი, რომლის წვლილმაც მშპ-ში 4.6 მილიარდ ლარს მიაღწია. სავარაუდოდ, აღნიშნული მატება დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან როგორც განათლების ბიუჯეტის ზრდით და სკოლების რეაბილიტაციით, ასევე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოსავლების მატებით, რაც უცხოელი სტუდენტების რაოდენობის მატებასთან არის დაკავშირებული. მეორე პოზიციას 24.3%-იანი ზრდის ტემპით იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგი, რომელიც მათ შორის IT სექტორსაც მოიცავს. ამ სექტორის ზომამ გასულ წელს 5.1 მილიარდ ლარს მიაღწია. მესამე ადგილზე კი 17.9%-იანი ზრდის ტემპით არის სექტორი სახელწოდებით - სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, რაც მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობებსა და ოპერაციებს მოიცავს. ამ სექტორის წვლილმა მთლიან ეკონომიკაში 7%, ანუ 5.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
ინფლაციის მოლოდინები შემცირდა (თებერვალი) - სებ
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ანგარიშის მიხედვით, თებერვალში ინფლაციის მოლოდინები შემცირდა. ბიზნესებისა და ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მომდევნო ერთ წელში ინფლაციის 2-4%-ის ფარგლებში შენარჩუნების მოლოდინი გაიზარდა, ხოლო იმ პირების რიცხვი, ვინც 4-6%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, შემცირდა.
საშუალო ხელფასმა 2,217 ლარს მიაღწია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2,217.5 ლარი იყო, რაც წლიურად 8.5%-ით არის გაზრდილი. ამ თანხიდან საშემოსავლო გადასახადის (20%) გამოკლებით, ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 1,773 ლარს შეადგენდა. სექტორებს შორის ყველაზე მაღალი 4,030 ლარის საშუალო ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე IT სექტორშია.
საქართველოს ექსპორტმა 2025 წლის ორ თვეში 835 მილიონს მიაღწია
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტმა 835.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქართველოს ექსპორტში კვლავ ლიდერობს მსუბუქი ავტომობილები, რომლის საერთო ღირებულებამ 285.2 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 8.6%-ით მეტია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რაც ავტომობილების რეექსპორტის დინამიკის შენარჩუნებაზე მიუთითებს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, რომელთა ექსპორტმა 39.7 მილიონ დოლარს მიაღწია, ზრდით 17.3%. ეს კატეგორია საქართველოს სამთო-მოპოვებითი სექტორის გააქტიურებაზე მიანიშნებს.
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:
- მსუბუქი ავტომობილები – 285.2 მლნ. აშშ დოლარი (+8.6%)
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 39.7 მლნ აშშ დოლარი (+17.3%)
- სპირტიანი სასმელები – 29.4 მლნ. აშშ დოლარი (-16.3%).
თებერვალში ფულადი გზავნილები 5%-ით შემცირდა
2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252.2 მლნ აშშ დოლარი (711,1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5,3%-ით (14,1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2024 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
TOP-5 ქვეყანა გადმორიცხვების მოცულობის მიხედვით:
- აშშ - $47.3 მლნ [ზრდა 13.8%];
- იტალია - $44.3 მლნ [კლება 0.9%];
- რუსეთის ფედერაცია - $30.3 მლნ [კლება 44.7%];
- ისრაელი - $21.7 მლნ [ზრდა 6.3%];
- გერმანია - $20 მლნ [ზრდა 9.04%];
გენერალურმა პროკურატურამ 5 ფონდის ანგარიშები დააყადაღა
პროკურატურამ 5 ფონდზე ფინანსური ოპერაციები შეზღუდა, მათ მიმართ მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის გამო. პროკურატურის შეფასებით, ამ ორგანიზაციებმა 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.
ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი რუხაძემ $170-მილიონიანი კომპენსაცია უნდა გადაიხადოს
ინგლისის უზენაეს სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხმად მიღებული განაჩენით უკუაგდო ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის სარჩელი, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 21 მარტს მიღებულ განაჩენს უკავშირდებოდა. თავის მხრივ 2023 წლის 21 მარტს ინგლისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ინგლისის სასამართლოს კომერციული პალატის 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი, რომლითაც ირაკლი რუხაძეს და მის ბიზნესპარტნიორებს - იგორ ალექსეევსა და ბენჯამენ მარსონს მათ მიერ კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის წინააღმდეგ ჩადენილი “კომერციული შეთქმულების” გამო 134 მილიონი დოლარის კომპენსაციისა და ამ კომპენსაციაზე დარიცხული პროცენტის (წლიური 8%) გადახდა დაეკისრათ. დღეის მდგომარეობით ეს თანხა პროცენტის გათვალისწინებით 170 მილიონ დოლარს აღემატება.
სწორედ ეს თანხა უნდა გადაუხადონ ირაკლი რუხაძემ და მისი საინვესტიციო ფონდის Hunewell Partners-ის თანადამფუძნებლებმა ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა კომპანიებს Revoker-სა და Recovery Partners-ს, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილის აქტივების ყოფილი მმართველის, ბიზნესმენ იუჯინ ჯაფის მიერ არის დაფუძნებული.
ბიზნესმენ დავით ხიდაშელს კურორტ "ლიბანი" ჩამოართვეს
ბორჯომში მდებარე კურორტ "ლიბანის" ჩამორთმევის შემდეგ, დავით ხიდაშელს სახელმწიფოსთვის ნახევარი მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. მიზეზი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა. ამასთან, ხიდაშელი კვლავ ფლობს "რიყის დოქებს" და კურორტ "ახტალას", სადაც ვალდებულებები ასევე არ არის შესრულებული.
"ზესტაფონის ფერო" სრული დატვირთვით ამუშავდა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ 4-თვიანი დროებითი მართვის რეჟიმის შემდეგ მუშაობა სრულად განაახლა.
როგორც საწარმოს დირექტორმა, გოჩა ქურდაძემ BMG-ის განუცხადა, განახლებულია ფეროშენადნობების ექსპორტიც. საწარმოში აცხადებენ, რომ კვლავ გამოწვევად რჩება გლობალურად პროდუქციაზე შემცირებული ფასები, თუმცა მოლოდინია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ვითარება მიმდინარე წლის II კვარტალიდან გამოსწორდება.
ამასთან, ჭიათურის სამთო-მოპოვებით სექტორში შექმნილი პრობლემების განსახილველად სამმხრივი კომისია შეიქმნება, რომელიც სახელმწიფოს, დამსაქმებლებისა და დასაქმებულთა წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.