გასული კვირის 19-25 მაისის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში
საქართველოს ექსპორტი 2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტმა უცხოეთში 2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია. ექსპორტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების ყირგიზეთში რეექსპორტის მკვეთრმა ზრდამ, რის გამოც მთლიანად ამ სექტორის ბრუნვა 31%-ით გაიზარდა და მან 754 მილიონ დოლარს მიაღწია. საქართველოს ექსპორტში მეორე პოზიციას იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები 96 მილიონი დოლარით, რაც წინა წელთან შედარებით 110%-ით გაზრდილია.
მთავარი საექსპორტო საქონელი იანვარ-აპრილში
| # | საქონელი | ექსპორტის მოცულობა | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $754 მილიონი დოლარი; | 31% |
| 2 | ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები | $96 მილიონი დოლარი; | 110% |
| 3 | სპირტიანი სასმელები | $76 მილიონი დოლარი; | -4% |
| 4 | ყურძნის ნატურალური ღვინოები | $72 მილიონი დოლარი; | -43% |
| 5 | მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე | $58 მილიონი დოლარი; | 14% |
| 6 | ფეროშენადნობები | $49 მილიონი დოლარი; | -40% |
| 7 | აზოტოვანი სასუქები | $46 მილიონი დოლარი; | 1% |
| 8 | მინერალური და გაზიანი წყლები, შაქრის შემცველობით | $44 მილიონი დოლარი; | 23% |
| 9 | ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით | $39 მილიონი დოლარი; | 23% |
| 10 | თხილი და სხვა კაკალი | $38 მილიონი დოლარი; | 39% |
საქართველოს ღვინის ექსპორტი მცირდება
2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ადგილობრივი წარმოების ღვინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი 43.2%-ით 71 მილიონ 908 ათას დოლარამდე შეუმცირდა. შედეგად, ამ პერიოდში $2 მლრდ-იან ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილი წლიურად 3.6%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც გასულ წელს, რომელიც რეკორდული იყო ღვინის წილი ექსპორტში 7.2% იყო.
გაყიდვები ქართული ღვინის უმსხვილეს სარეალიზაციო ბაზარზე - რუსეთში სასმლის ექსპორტის კლებით არის განპირობებული. უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-აპრილში 56.2%-მდე შემცირებულია მთლიან ექსპორტში რუსეთში ღვინის გაყიდვების წილიც. მაშინ როდესაც გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის საერთო მოცულობაში რუსეთში გაყიდვებს 78.6%-იანი წილი ეკავა. 4 თვეში რუსეთში ჯამში 40 მილიონ 450 ათასი დოლარის ღირებულების 14 403 865 ლიტრი ღვინო გავიტანეთ, რამაც 2021 წლიდან ამ მიმართულებით გაყიდვების მზარდი დინამიკა შეცვალა. მთავარ საექსპორტო ქვეყანაში ღვინის გადაზიდვების კლება, შეიძლება რუსეთის მიერ ღვინისა და სხვა ალკოჰოლურ სასმლის იმპორტზე დაწესებული ბაჟით იყოს განპირობებული. იმის გამო, რომ ეს გადასახადი მაისში უნდა ამოქმედებულიყო, 2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთში ღვინის გაყიდვები რეკორდული იყო.
საქართველოს საგარეო ვალი $309 მილიონით გაიზარდა
2025 წლის აპრილში საქართველოს საგარეო ვალი 309 მილიონი დოლარით გაიზარდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. სტატისტიკის თანახმად, სახელმწიფო საგარეო ვალმა 2025 წლის 31 აპრილს 9 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, ვალი გაიზარდა მარტშიც, 138 მილიონი დოლარით. ვალის მატების მთავარი მიზეზს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ვალის სავალუტო კომპოზიცია. საქმე ისაა, რომ ვალის ორი მესამედი ევროში არის ნომინირებული, ხოლო ევრო ბოლო ორი თვის განმავლობაში გამყარების მკვეთრ ტენდენციას ინარჩუნებს. ამის გამო, დოლარში გამოსახული ვალის მოცულობაც იზრდება. კერძოდ, მარტში საქართველოს საგარეო ვალის კალკულაციისას გამოყენებული იყო ევრო დოლარის კურსი 1.07, ხოლო უკვე აპრილში ერთი ევრო 1.14 დოლარი ღირდა, ამან კი დოლარში საგარეო ვალის ნაშთი გაზარდა. ეს გაცვლითი კურსის სხვაობის გამო საქართველოს საგარეო ვალის ყველაზე მკვეთრ მატებას წარმოადგენს.
Galt & Taggart-მა 2025 წლის საქართველოს ფულადი გზავნილების პროგნოზი გაზარდა
Galt & Taggart-მა 2025 წლის საქართველოს ფულადი გზავნილების პროგნოზი გაზარდა - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული. "ჩვენი პროგნოზით ფულადი გზავნილები 3.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს, რაც გაზრდილია წინა ნაპროგნოზები 3.2 მლრდ აშშ დოლარიდან", - წერია მიმოხილვაში. სებ-ის მიხედვით, 2025 წლის აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 6.1%-ით 295.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 3.9%-იანი ზრდის შემდეგ.
2025 წლის 4 თვეში ბიუჯეტში 7 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 4 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 7 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა. შედარებისთვის ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 217 მილიონი ლარით, ანუ 3%-ით მეტია. კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტში თითქმის თანაბარი - 2.5 მილიარდი ლარი შევიდა როგორც საშემოსავლო გადასახადისგან, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ამასთან, საშემოსავლო გადასახადის მოცულობა 15%-ით არის გაზრდილი, რაც ქვეყანაში ხელფასების გაზრდილი მოცულობაზე მეტყველებს. თუმცა, უფრო ნაკლებად, 4%-ით გაიზარდა გადახდილი დღგ-ის მოცულობა. ამასთან, 15%-ით არის შემცირებული მოგების გადასახადი და ის 975 მილიონ ლარს შეადგენს. საქართველოში საფინანსო სექტორის გამოკლებით სხვა სექტორები განაწილებული მოგების გადასახადით იბეგრებიან, მოგების გადასახადის კლება კომპანიების მიერ რეინვესტიციების ზრდასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რის გამოც მათ მიერ გადასახადელი მოგების გადასახადი შემცირდა.
2025 წლის 4 თვეში პრივატიზაციამ 117 მილიონი ლარი შეადგინა
2025 წლის ბიუჯეტის იანვარ-აპრილის შესრულების ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პრივატიზაციიდან 117 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სააგენტომ ამ პერიოდში თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საკუთარი ოფისიც გაყიდა. ნასყიდობის ღირებულება კი 36 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს პერიოდის განმავლობაში პრივატიზების ყველაზე დიდი გარიგება იყო. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტი ამ ობიექტის ახალი მფლობელისთვის გადაცემის შემდეგ მიიღებს, იქამდე კი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ოფისი უნდა დაცალოს.
მთავრობამ ინვესტორს "რიყის დოქების" დემონტაჟის უფლება მისცა
საქართველოს მთავრობამ "რიყის დოქების" ახალ მფლობელს, კომპანია "რიყე დომს" ობიექტის დემონტაჟის უფლება მისცა. საკითხზე განცხადება გააკეთა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ "მსგავსი სიმახინჯე" თბილისს არ ეკადრება.
რიყის პარკში 14,500 კვადრატული მეტრის ნაკვეთზე იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის დაპროექტებული საკონცერტო დარბაზისა და საგამოფენო ცენტრის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და მისი ღირებულება 89 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მშენებლობა შეჩერდა. ობიექტი დაკონსერვდა და საბოლოოდ მასზე 75 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
2020 წელს მისი პრივატიზაცია გადაწყდა, თუმცა ექვსი წარუმატებელი აუქციონის შემდეგ, 2022 წლის მარტში დავით ხიდაშელმა ის 10 მილიონ ლარად შეიძინა 20-მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებით.
ხიდაშელი ვალდებული იყო 3 წელიწადში მოეწყო მუზეუმი და საგამოფენო სივრცეები, თუმცა ინვესტიცია არ განხორციელებულა და ვადის ამოწურვამდე მცირე დროით ადრე, ხიდაშელმა ობიექტი კომპანია "რიყე დომს" მიჰყიდა, ამ უკანასკნელს კი მთავრობამ ობიექტის დემონტაჟის უფლება მისცა.




























