მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 4-10 აგვისტო

s&P

გთავაზობთ გასული კვირის - 4-10 აგვისტოს მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში:

S&P- მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P- მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB/B დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა. სააგენტო წერს, რომ მოსალოდნელზე ძლიერი იმპულსის გათვალისწინებით, მშპ-ს წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.1%-მდე გაზარდეს. თუმცა S&P-ის პროგნოზით, ზრდა 2026 წელს 5.2%-მდე და 2027 წელს 4.7%-მდე შენელდება, რადგან მოხმარება ნორმალიზდება და ინვესტიციები კი შესუსტდება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს წინაშე არსებული რისკები ძირითადად პოლიტიკური შინაარსისაა.

S&P Global-ი წერს, რომ შიდა პოლიტიკურმა მოვლენებმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და გავლენა მოახდინა საქართველოს ურთიერთობებზე როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან. 2024 წლის შუა პერიოდში ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, ასევე დროებით შეჩერდა ფინანსური დახმარებაც. ამის ერთ-ერთი მიზეზი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედებაც იყო. ანალოგიურად, 2024 წლის ბოლოს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და დააწესა მიზნობრივი სანქციები „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში მყოფ პირებზე. 2025 წლის მაისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ორპარტიული MEGOBARI აქტი, რომელიც ამოქმედების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური ზომების ჩარჩოს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული უკუქცევისთვის არიან პასუხისმგებელნი.

საქართველოს სავალუტო რეზერვები ივლისში 331 მილიონით გაიზარდა და $5 მილიარდს გადააჭარბა

2025 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 331.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს სავალუტო რეზერვების ოდენობა 348 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

რეზერვების ზრდაზე გავლენა მოახდინა სებ-ის მიერ სავალუტო შესყიდვების გააქტიურებამ. ივლისის შესყიდვების მოცულობა ჯერჯერობით ცნობილი არაა, მას სებ-ი 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს, თუმცა ცნობილია რომ ივნისში შესყიდვები 266 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში შესყიდული თანხები კი 880 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ივლისში ინფლაცია 4.3%-მდე გაიზარდა

საქსტატის თანახმად, ივლისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი ინფლაცია ქვეყანაში 2023 წლის მაისის შემდეგ არ ყოფილა. ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 10.4%-ით ზრდამ იქონია. ასევე 9.5%-ით გაიზარდა ფასები ჯანდაცვის სექტორში. უფრო დეტალურად ფასების ცვლილება ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.5%), ზეთი და ცხიმი (17%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6%), თევზეული (9.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.4%), პური და პურპროდუქტები (8.7%), რძე, ყველი და კვერცხი (8.5%), ხილი და ყურძენი (8.2%ი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.5%);

სამინისტროები ორთაჭალაში გადავა - სამთავრობო ქალაქის პროექტი

მთავრობა ორთაჭალაში სამინისტროების გადატანის პროექტს დაუბრუნდა - ამას ითვალისწინებს ირაკლი კობახიძის 4 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტისთვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარება დაევალა.

განკარგულების თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა მოამზადოს პროექტის ხარჯთაღრიცხვა და ის ფინანსთა სამინისტროს გააცნოს, რომელმაც შესაბამისი ხარჯები 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში უნდა გაითვალისწინოს.

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა თავდაპირველად ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა, თუმცა პროექტი საბოლოოდ აღარ განხორციელდა.

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობა დაიწყება

საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი ხობი-ანაკლიას გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვას დაიწყებს. ამის შესახებ აღნიშნულია 2025 წლის 4 აგვისტოს განკარგულებაში, რომლითაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს და საქართველოს რკინიგზას პროექტის ბიუჯეტის და მისი ზეგავლენის ქვეშ მყოფი არეალის განსაზღვრა დაევალათ. მთავრობა მიუთითებს, რომ მიწების გამოსყიდვა აზიის განვითარების ბანკის სოციალური პოლიტიკის შესაბამისად მოხდება.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონი ლარი დაჯდება პროექტისთვის მიწების გამოსყიდვა. თავად გზის და სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება როგორც ეს წარსულში ითქვა 330 მილიონი ლარის ფარგლებში არის ნავარუდევი, თუმცა მისი ზუსტი მოცულობა 2026 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გახდება ცნობილი.

"სილქ როუდ ჯგუფმა" "აჭარა ჯგუფისგან" რუმს კოხტა ბაკურიანი შეიძინა - სასტუმრო ოპერირებას ახალი ბრენდით განაგრძობს

„სილქ როუდ ჯგუფმა“, ბაკურიანში „აჭარა ჯგუფის“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta Bakuriani შეიძინა. ახალ ბრენდზე, სასტუმროს მართვას და განვითარებას „სილქ ჰოსფითალითი“ გადაიბარებს. "აჭარა ჯგუფისგან" Rooms-ის ქსელის სასტუმროს შეძენის შესახებ ინფორმაცია "სილქ როუდ ჯგუფმა" გაავრცელა, სადაც გარიგების დეტალები აღნიშნული არ იყო. ამ დროისთვის, უცნობია ისიც, რომელი ბრენდით გააგრძელებს სასტუმრო ოპერირებას.

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს 1.6 მილიონი კვადრატული მეტრის ახალი უძრავი ქონება შეემატა

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ექსპლოატაციაში სულ 1,603,500 კვადრატული მეტრის ახალი ობიექტები შევიდა ექსპლოატაციაში. საქსტატის თანახმად, დასრულებული მშენებლობების ეს რაოდენობა წინა წელთან შედარებით 0.3%-ით მეტია.

რაც შეეხება ამ შენობების რაოდენობას, ის 1540-ს შეადგენდა, რაც წლიურად 10%-ით არის შემცირებული. საქსტატის თანახმად, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% მოდის თბილისზე, 12.6% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11% - კახეთის რეგიონზე, 8.7% ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.6% იმერეთზე, სამეგრელო-ზემო სვანეთზე 5.2%, აჭარაზე კი 3.7%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები