გთავაზობთ 6-12 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
საქართველოს მოქალაქეებმა ერთ-ერთი უდიდესი დემონსტრაცია გამართეს
11 მაისს უცხოური გავლენების შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს, რის ფარგლებშიც თბილისის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა. აქცია წარმოადგენდა უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთ უმსხვილეს სამოქალაქო შეკრებას.
ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარასკევს, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს უმსხვილესი ბიზნესების წარმომადგენლებს შეხვდა. ოფიციალური განცხადების თანახმად, კობახიძემ მათ "ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა". შეხვედრის შინაარსის შესახებ BMG-ის "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი, თემურ ჭყონია ესაუბრა, მისი თქმით, შეხვედრის შინაარსიდან გამომდინარე, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ მმართველმა პარტიამ შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შეიტანოს.
"მე ისეთი დასკვნა გამომაქვს, რომ რაღაც ცვლილებები მოხდება. გაწვევის თემის შთაბეჭდილება არ დამრჩა. პრობლემა არის სახელი, რომ რუსული კანონი ჰქვია და ეს სახელი მიუღებელია საზოგადოებისთვის,"- განაცხადა თემურ ჭყონიამ BMG-სთან.
საპენსიო ფონდის მმართველობითი სისტემა იცვლება - კანონპროექტი
ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა 16 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საპენსიო სააგენტოს მმართველობით სისტემას ცვლის. საქმე ისაა, რომ საქართველოს საპენსიო სააგენტოს ჰყავს ორი საბჭო, ერთია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებისგან არის დაკომპლექტებული. ხოლო მეორე საბჭოა საინვესტიციო საბჭო, რომელიც ღია კონკურსის შედეგად შერჩეული წევრებისგან კომპლექტდება. ამჟამად აღნიშნულ საბჭოში 4 წევრია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით ეს ორივე საბჭო უქმდება და იქმნება ახალი მმართველობითი საბჭო, რომელსაც 9-15 წევრი ეყოლება. ამ საბჭოში თავის მხრივ, შეიქმნება სამი კომიტეტი, რისკების, აუდიტისა და ინვესტიციების კომიტეტი. ამასთან, აღნიშნული საბჭოს წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს. არსებული მდგომარეობით კი საინვესტიციო საბჭოს წევრებს პარლამენტი ამტკიცებდა.
საპენსიო სააგენტოს გაეზრდება ლიმიტი, რომლითაც ფონდს მსხვილი პროექტების დაფინანსება შეეძლება - კანონპროექტი
ამავე ცვლილებებით იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდს შეეძლება შევიდეს მსხვილი პროექტების ფინანსირებაში. საუბარია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე. საქართველოს მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები 4.9 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან 4.8 მილიარდი ლარი განთავსებულია ნაკლებად რისკიან საპენსიო პორტფელში, დანარჩენი კი საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში. 2023 წელს კანონში შესული ცვლილებით, საპენსიო ფონდს მიეცა შესაძლებლობა ინვესტიცია განეხორციელებინა ისეთ პროექტში, რომლის თანადამფინანსებლებიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან. თუმცა, აღნიშნული ოპერაციის დაფინანსება შესაძლებელი იყო მხოლოდ საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელებიდან. თუმცა იმის გამო, რომ ამ პორტფელებში აკუმულირებელი თანხა 100 მილიონზე ნაკლებია, მთავრობამ ამ მიმართულებით გადაწყვიტა, რომ ინვესტირება შესაძლებელი იყოს დაბალრისკიანი პორტფელიდანაც, საიდანაც ასეთ პროექტში თანხის 15%-ის ჩადება იქნება შესაძლებელი, ეს კი დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 700-750 მილიონი ლარია. ამ სახით საუბარია ისეთი პროექტების დაფინანსებაზე, როგორიცაა მაგალითად პორტის ჰიდროელექტროსადგურისა თუ სხვა მსხვილი ობიექტების მშენებლობის დაფინანსება.
OMV Petrom-ი საქართველოს ტოვებს - კომპანიას შავ ზღვაში ნავთობი და ბუნებრივი აირი უნდა აღმოეჩინა
რუმინული კომპანია OMV Petrom -ი, რომელსაც შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები უნდა დაეწყო, ქვეყანას ტოვებს. მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომპანიამ 2024 წლის პირველი კვარტალის ანგარიშში დაწერა. BMG-იმ კომპანიას მიმართა კითხვით, თუ რის გამო მიიღო კომპანიამ საქართველოდან გასვლის გადაწყვეტილება. OMV Petrom-ის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პროექტის პარტნიორებთან ერთად განხორციელებას ისახავდნენ მიზნად, თუმცა იმის გამო, რომ კომპანიამ პარტნიორი ვერ მოძებნა, მათ საბოლოოდ საქართველოდან გასვლა განიზრახეს. OMV Petrom-მა საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნავთობის კვლევა-ძიების ლიცენზია 2021 წელს მოიპოვა. კომპანიასთან არსებული სალიცენზიო ხელშეკრულება 5,300 კვადრატული კილომეტრის ფართობის შესწავლას მოიცავდა.
აპრილში საქართველოს სავალუტო რეზერვები გაიზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 30 აპრილის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვების მოცულობა მარტთან შედარებით 37 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 4.81 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ ზრდის მიუხედავად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სავალუტო რეზერვები 325 მილიონი დოლარით არის შემცირებული. ეროვნული ბანკის 4.81 მილიარდიან რეზერვებს შორის 529 მილიონი დოლარი ოქროზე მოდის, რომლის შესყიდვაც სებ-მა მარტში დაიწყო და აპრილის პირველ კვირაში დაასრულა. მთლიანობაში ეროვნულმა ბანკმა 7 ტონა მონეტარული ოქრო შეიძინა.
ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების თანაშემწის განცხადება და ბლინკენის თანაშემწის ვიზიტი საქართველოში
თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველ პარლამენტარებს ევროინტეგრაციასა და რუსულ კანონს შორის, კრიტიკული არჩევანის გაკეთება მოუწევთ.
“ღრმად ვართ შეშფოთებული ქართული დემოკრატიის უკუსვლით. ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან - მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მხარი დაუჭირონ კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” შესახებ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს,"- აცხადებს სალივანი.
ამასთან, უახლოეს დღეებში საქართველოში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ენტონი ბლინკენის თანაშემწის, ჯეიმს ობრაიანის ვიზიტი გაიმართება.
„მე დადასტურებული მაქვს უკვე შეხვედრა მასთან, რამდენიმე დღეში. ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს. ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული. სავარაუდოდ უკავშირდება ამ კანონპროექტის განხილვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ჯიმ ობრაიენის საქართველოში ვიზიტი მოსალოდნელ სანქციებს, მათ შორის პერსონალურს, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „ასეთი რამ პარტნიორულ ურთიერთობებს არ შეესაბამება“.
კონგრესმენები საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ აფრთხილებენ
"თუ ამ საზიანო კანონპროექტს არ გაიწვევენ, შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომელსაც ხელს აშშ-ის კონგრესის 29 წევრი აწერს ხელს.
10 მაისით დათარიღებულ წერილში კონგრესი "ქართულ ოცნებას" და ირაკლი კობახიძეს "რუსული კანონის" ხელმეორე ჩაგდებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში განიხილება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის, სავიზო და ფინანსური სანქციების საკითხები.