მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უარვყოფთ, რომ კანონპროექტი შემუშავებულია აშშ-ის კანონის მიხედვით” - 29 კონგრესმენის მიმართვა კობახიძეს

აშშ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 29 კონგრესმენმა საერთო წერილით მიმართა და რუსული კანონის ჩაგდებისკენ მოუწოდა. 10 მაისით დათარიღებულ წერილში ვკითხულობ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, კონგრესი შეუერთდება სენატის ინიციატივას, გადაიხედოს აშშ-ის საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკა.

სენატორები გმობენ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისა და ლიდერების 29 აპრილის გამოსვლებს, რასაც ამერიკელი კონგრესმენები შეურაცხყოფად აფასებენ.

წერილს BM.GE სრულად გთავაზობთ.

“ძვირფასო პრემიერო კობახიძე,

გწერთ, რათა გამოვხატოთ შეშფოთება „უცხოეთის აგენტის“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ერთი წლის შემდეგ შემოაბრუნა. ეს კანონპროექტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის გაცხადებულ სურვილს, შეუერთდეთ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, 2009 წლის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სულისკვეთებას, რომელსაც ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი საქართველოში რუსული ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი და გააძლიეროს საქართველოში დემოკრატია, ეკონომიკური თავისუფლება, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა; გააძლიეროს კანონის უზენაესობა და პატივის სცეს ადამიანის უფლებებს, როგორც ქარტია ითვალისწინებს.

„უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის ცხადი ქვეტექსტია კონტროლის გაძლიერება იმ პარტნიორებზე, რომლებიც ქართველ ხალხთან ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ და მხარს უჭერდნენ ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას. მარტივად, ამ კანონპროექტის მიღება ძირს უთხრის ქართველ ხალხს, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს.

უარვყოფთ მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი შემუშავებულია აშშ-ის კანონის მიხედვით. ამის ნაცვლად, ყურადღებას ვამახვილებთ შემოთავაზებული კანონპროექტის მსგავსებაზე იმ კანონთან, რომელიც რუსეთში შემოიღეს 2012 წელს და რომელიც ასევე გამჭვირვალობის არგუმენტით მართლდებოდა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ ეს კანონი პუტინმა და მისმა ავაზაკებმა გამოიყენეს ოპოზიციის გასაქრობად, რაც დასრულდა რუსეთის საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმში დაბრუნებით. ჩვენ გვწამს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და ხალხს სურს უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი, ამ კანონის მიღება კი რუსეთის მავნე გავლენას გაზრდის საქართველოში.

ასევე ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა კანონპროექტის ირგვლივ. 29 აპრილს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დასჯის“ ოპოზიციას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნისას ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის. ივანიშვილმა ასევე მიუთითა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები ევროპაში ცდილობდნენ, შეერყიათ საქართველოს სუვერენიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის დღიდან, მათ შორის 16 წლის შემდეგ, რაც რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო თქვენი ტერიტორიები. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის ამ შეურაცხმყოფელ და საზარელ განცხადებას.

შეშფოთება მხოლოდ გააძლიერა კანონპროექტის წინააღმდეგ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე თქვენი მთავრობის პასუხმა. ჩვენთვის ცნობილია, ათობით მომიტინგის, მათ შორის ამერიკელი მოქალაქეების ქუჩიდან გატაცებისა და პოლიციის მიერ მათი ცემის ფაქტების შესახებ. გასულ კვირას თბილისის სპეციალურმა სამთავრობო ძალებმა სცემეს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც ასევე არის პარლამენტის წევრი.

საინტერესოა – რუსი პროპაგანდისტი დუგინი აცხადებს, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი მხარი დაუჭირა კანონპროექტს. თქვენს ქმედებებს მოჰყვა დაგმობა თქვენი ქვეყნის უახლოესი პარტნიორების მხრიდან და ქება იმ ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს 20% – ეს უნდა იყოს ცხადი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველო არასწორ გზაზე მიგყავთ.

საქართველოში სიტუაცია ნათელია. ხელისუფლებას შეუძლია, აირჩიოს, მოუსმენს ქართველი ხალხის ხმას, თუ გააგრძელებს ბნელ გზას რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. კონკრეტული პირობების გარეშე ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შტატების მიერ ჩვენი ურთიერთობის ძირეულ გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ბელარუსში ავტორიტარული რეჟიმის წარმოშობა და ბელარუსის დემოკრატიის ოპერატიული აქტი მიიღო 2004 წელს, ჩვენ ახლაც მზად ვართ, ვუპასუხოთ სამომავლო თავდასხმებს ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც საქართველო იმსახურებს. მოგიწოდებთ, გაიწვიოთ კანონპროექტი და სხვა ზომები, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ხალხის უფლებებსა და თავისუფლებას, რის შემდეგაც მოხარულნი ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკება სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად და გასააქტიურებლად. თუ ამ საზიანო კანონპროექტს არ გაიწვევენ, შევუერთდებით სენატში ჩვენი კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივას, მათ შორის აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვას, სავიზო და ფინანსური სანქციებს იმ ადამიანებზე, ვისაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ეკისრება პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია გავრცელებულ წერილში, რომელსაც წელს 29 კონგრესმენი აწერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები