გთავაზობთ გასული კვირის - 7-13 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
მარტში სავალუტო რეზერვები 77 მილიონი დოლარით გაიზარდა
2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ზრდის მიუხედავად, 2024 წლის მარტთან შედარებით საქართველოს სავალუტო რეზერვები 466 მილიონი დოლარით, ანუ 10%-ით არის შემცირებული.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე.
2025 წლის მარტის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.6% (714.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის გამო, მარტის მონაცემებით წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 64.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და მან 714.8 მილიონი დოლარი შეადგინა.
ბრიტანეთმა საქართველოს მთავარ პროკურორს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს ფინანსური სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა დღეს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
"ლიბერთი ბანკი" შეიძლება გაიყიდოს
ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის სურვილს ადასტურებს. როგორც ბანკის მეწილემ BM.ge-თან განაცხადა, მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც „ბაზის ბანკთან“, ისე სხვა ბიზნეს-ჯგუფებთან. ამასთან, ის არც სხვა "პატარა ბანკის" შეძენას და ბაზარზე გამსხვილებას არ გამორიცხავს.
"მოლაპარაკებებს ვადასტურებ, მაგრამ არსად ახლოს არ ვართ გარიგებასთან. "ბაზისბანკთან“ მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ორი წლის წინაც ვესაუბრებოდით. გიდასტურებთ. ველაპარაკები „ბაზისბანკს“ და კიდევ ორ სხვა კომპანიას. სამი წლის განმავლობაში „ბაზისბანკს“ უკვე მეორედ ველაპარაკებით; ამიტომ არაფერთან ახლოს არ ვართ,"- განაცხადა რუხაძემ.
ისრაელის Tempo ჯგუფი "ზედაზენს" ყიდულობს
როგორც BM.GE-ის „დეილი ჯგუფიდან“ აცნობეს, „დეილი ჯგუფმა“ ოფიციალურად დაასრულა მოლაპარაკებები ისრაელის წამყვან სასმელების მწარმოებელ კომპანიასთან – Tempo Beverages Ltd. და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ტემპო ჯგუფი „ქართული ლუდის კომპანიის“ 60%-იან წილს შეიძენს. ტრანზაქციის მიხედვით, „ტემპო ჯგუფი“ გადაიხდის 57 მილიონ აშშ დოლარს, რაც ქართული სასმელების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აზერბაიჯანის ბაზარზე ერთობლივი საწარმოს შექმნის პროექტს, სადაც „ტემპო ჯგუფი“ ასევე გეგმავს აქტიურად იმუშაოს Heineken-ის ლიცენზიის მოპოვებაზე.
საქართველოს IT სექტორის შემოსავლები მცირდება
2024 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 688 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით, ანუ 96 მილიონი დოლარით ნაკლებია. 2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად დიდი შემოსავალი იყო.
2022-2023 წლებში IT სექტორში არსებული ბუმი პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდებოდა, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტი გადმოვიდა, შესაბამისად, მათი საქმიანობაც საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლებოდა.
შაქრის იმპორტზე გადასახადი ამოქმედდა
"ქართული ოცნების" მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება, ანუ ტონაზე 400 ლარით.
დადგენილება 2025 წლის 22 აპრილიდან ამოქმედდება და ძალაში 2026 წლის 22 აპრილამდე იქნება.
შაქრის იმპორტზე დროებითი გადასახადი ასევე მოქმედებდა 2023 წლის 20 ნოემბრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე. მაშინ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ოთარ შამუგია აცხადებდა, რომ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების მთავარი მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და "აგარის შაქარში" დასაქმებული 500-მდე ადამიანი იყო. "
თბილისში მტკვრის სანაპიროზე ჩამოშლილი ფერდის აღდგენაზე 5 მილიონი დაიხარჯება
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 8 აპრილს ჩამოშლილი ფერდის აღდგენისთვის მერიამ ორი გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მილიონი ლარია.
"ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რესტორან „გაგრა-“ს მიმდებარედ გააქტიურდა გეოდინამიკური პროცესები რის შედეგადაც დაზიანდა გზის დამჭერი საყრდენი კედელი, გზის სავალი ნაწილის პირველი ზოლი და დეფორმირებულია ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი", - წერს მერია.
მერია 300 000 ლარად საინჟინრო მომსახურებას შეისყიდის. ხოლო მეორე 4.7 მლნ ლარის ტენდერით საყრდენი კედლების და გზის შეკეთების სამუშაოებს ითვალისწინებს.




























