მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში (8-14 ივლისი)

პრემიერი

გთავაზობთ გასული კვირის 8-14 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში

2024 წლის ბიუჯეტი 519 მილიონი ლარით გაიზრდება

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც ამჟამად 25 მილიარდი ლარია, 500 მილიონი ლარი ემატება, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მეტად 115 მილიონი ლარით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მოიმატებს და ის 7.8 მილიარდი ლარის ნაცვლად 7.9 მილიარდი ლარი გახდება, ხოლო თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 1.4 მილიარდი ლარიდან 1.5 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს 3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 5.6%-ით მეტია. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ძირითადად რეგიონის ქვეყნებიდან სტუმრობდნენ, ხოლო ევროკავშირის არცერთი ქვეყანა ვიზიტორების სტატისტიკის პირველ ათეულში არ შედის. EU-ს წევრი ქვეყანა, საიდანაც ვიზიტორები შემოვიდნენ არის გერმანია 31 ათასი ვიზიტორით, რითაც სტატისტიკაში რიგით მე-12 ადგილს იკავებს. მთლიანად ევროკავშირიდან კი 2024 წლის 6 თვეში საქართველოში 183 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც წლიურად 13%-ით არის გაზრდილი.

ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც წელს 624 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.1%-ით არის მომატებული, მეორე პოზიციაზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც 527 ათასი ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 8.7%-ით ნაკლებია.

ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონი ევროს დაფინანსებას აღარ გამოუყოფს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველო ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) 30 მილიონ ევროს ვეღარ მიიღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ პირდაპირი დახმარება ეტაპობრივად შემცირდება და ეს თანხები მედიის და სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადამისამართდება. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოში მთავრობის მიმართ 10-ჯერ აჭარბებს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიღებულს.

შემოსავლების სამსახურმა მოქალაქეებს 2021 წლამდე წარმოშობილი 302 მილიონი ლარის საგადასახადო ვალი ჩამოაწერა

63,000 მოქალაქეს 2021 წლამდე წარმოშობილი 302 მილიონი ლარის ვალი ჩამოეწერა - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ვალების ჩამოწერა მოხდა საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც პარლამენტმა 19 აპრილს მიიღო.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ჩამოწერილ ვალს შორის ძირი გადასახადი 104 მილიონ ლარს, სანქცია 71.5 მილიონ ლარს, ხოლო საურავი 126 მილიონ ლარს შეადგენდა. მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს ვალი ელექტრონულად ჩამოეწერა 278.6 მილიონი ლარის ოდენობით, 329 ფიზიკურ პირს კი ვალი მათი პირადი მიმართვის საფუძველზე ჩამოეწერა 23 მილიონი ლარის ოდენობით.

საქართველოში მშენებლობა წლიურად 8%-ით გაძვირდა

2024 წლის მაისში მშენებლობა წლიურად 8.4%-ით გაძვირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების მაისის თვის ინდექსის მიხედვით, ზრდა უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 27.3%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.5%-იანი გაძვირებით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში შესაბამისად, 4.62 და 2.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

"რუსთავის ფოლადის" მფლობელი არ შეცვლილა - ირაკლი რუხაძე

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის განმარტებით, "რუსთავის ფოლადის" მესაკუთრეთა სტრუქტურაში ცვლილებები არ მომხდარა - ამის შესახებ რუხაძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, კომპანია ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა საკუთრებას წარმოადგენს. გასული წლის ბოლოდან რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ახალი დირექტორი ჰყავს. კომპანიას იგორ კორიტკო ხელმძღვანელობს, რომელმაც ამ თანამდებობაზე ნუგზარ კაჩუხაშვილი ჩაანაცვლა. კორიტკოსთან ერთად ქარხნის მენეჯმენტს შეუერთდა ანდრეი პარხომჩუკი, რომელიც დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებს. იგორ კორიტკო 2019 წლიდან 2023 წლის ივლისამდე რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მეტალურგიული კომპანიის, TMK-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.

გასული კვირის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 5.28%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 43.90 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.15 მილიარდ სტერლინგს აღწევს.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 5.55%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 29.45 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.62 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 3.81%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.90 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 508 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

საქართველო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში დაწინაურდა

საქართველოს 2024 წლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში (ICT Development Index (IDI) 2024) მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4 პოზიციით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის 57-ეა. საქართველომ 87.8 ქულა დააგროვა ინდექსში, რომელსაც გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაცია - ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) ყოველწლიურად აქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები