„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქმეში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იცის, რომ ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს მაინც უნდა გადასცდეს, რომ მის ევროინტეგრაციაზე სერიოზულად დაიწყოს საუბარი, არსებული ტემპების გათვალისწინებით კი, ამ მაჩვენებელს საქართველო უკვე 2025 წელს გადააბიჯებს.
ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ გამოქვეყნებული საქართველოს ეკონომიკური ზრდის მონაცემებით, რომლის მიხედვითაც 2023 წლის პირველ ნახევარში, იანვარ-ივნისში ქვეყნის ეკონომიკა 7,6 პროცენტით გაიზარდა, ჩანს, რომ ამ ტემპით, წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8200 დოლარს მიაღწევს, მაშინ, როდესაც 2021 წლის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 4250 დოლარი იყო.
„ეს ნიშნავს, რომ სულ რაღაც 3 წელიწადში, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა, რაც საქართველოს მთავრობის ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, ბუნებრივია, კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
ეკონომიკური ზრდა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საქართველოს ყველა პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად - მათ შორის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სიღარიბის აღმოსაფხვრელად, ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტიკური გამოწვევების მიმართ საქართველოს სიმტკიცის გასამყარებლად, ასევე, თუნდაც, ქვეყნის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, გაზრდილია ტურიზმის მაჩვენებლებიც და ამ კონტექსტში გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, "პირველ რიგში - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი უცხოელი პატრონები".
„სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.