მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

634bae03afc7b
ირაკლი მაკალათია
16.10.22 11:30
933

გთავაზობთ გასული კვირის (10 – 15 ოქტომბერი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას


1) საქსტატმა მედიანური ხელფასის გამოთვლაა დაიწყო - რამდენია მედიანური ხელფასი საქართველოში
2) "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში ანტიოლიგარქიული კანონპროექტი დააინიცირა
3) მთავრობის დადგენილებით საგარეჯოში ახალი თიზ-ი იქმნება
4) IMF-მა საქართველოს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა
5) როგორ აისახება ბიუჯეტზე საჯარო სექტორში ყოველწლიურად ხელფასების ზრდა და გაზრდილი ასაკობრივ პენსია
6) GRPO-მ ქართულ ბირჟაზე უმსხვილესი $80-მილიონიანი ობლიგაცია განათავსა
7) მთავრობა საპრივატიზაციო აუქციონზე 155 ობიექტს ყიდის
8) საქართველო რუსეთისგან 95 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას ბარტერული გარიგებით შეიძენს
9) ,,შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში162 მილიონი ლარის ღირებულების სესხები გაიცა
10) NEQSOL Holding-მა კომუნიკაციების კომისიას ქართულ სასამართლოში ცილისწამების საქმე მოუგო

1. საქსტატმა მედიანური ხელფასის გამოთვლაა დაიწყო - რამდენია მედიანური ხელფასი საქართველოში

საქსტატმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის წარმოება დაიწყო, რომლის გამოქვეყნებაც წლიური პერიოდულობით არის დაგეგმილი. რაც შეეხება მიღებულ შედეგებს, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანურმა ხელფასმა 900 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11.2%-ით მეტია. 2021 წელს საშუალო ნომინალური ხელფასი 1 305 ლარი იყო, შესაბამისად მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 31.0%-ით ნაკლებია. ამავე წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3D14S1s ; https://bit.ly/3s0K304 ; https://bit.ly/3gdT3MJ 

2. "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში ანტიოლიგარქიული კანონპროექტი დააინიცირა

ანტიოლიგარქიული კანონპროექტის მიხედვით პირი ოლიგარქად გამოცხადდება, თუ ის წარმოდგენილი ოთხიდან სამ კრიტერიუმს მაინც აკმაყოფილებს. აღნიშნულ პირებს შეეზღუდებათ პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება, ასევე სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის პროცესში მსხვილი აქტივების შესყიდვა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3g8jPpB ; https://bit.ly/3VvUvtR 

3. მთავრობის დადგენილებით საგარეჯოში ახალი თიზ-ი იქმნება

მთავრობამ ახალი დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც საგარეჯოში ახალი თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნება, რომელსაც შპს “ასი გრუპ ჯორჯია” განახორციელებს. კომპანიას თიზ-ის მართვა-ოპერირების ვალდებულება 2022 წლის 31 დეკემბრამდე დაეკისრა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3VxmMQI 

4. IMF-მა საქართველოს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით საქართველოში 2022 წლის ეკონომიკური ზრდა 9.0%-ს შეადგენს, ხოლო 2023 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.8%-დან 4.0%-მდე შეამცირა. ,,ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების განმაპირობებელი მიზეზები რუსეთ-უკრაინის ომი, პანდემია, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გაღრმავება, ენერგორესურსების, სურსათისა და საკვები პროდუქტების გაძვირება და მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდაა.’’

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CzMbAQ ; https://bit.ly/3etU2ba 

5. როგორ აისახება ბიუჯეტზე საჯარო სექტორში ყოველწლიურად ხელფასების ზრდა და გაზრდილი ასაკობრივ პენსია

პარლამენტში უკვე ინიცირებული კანონპროექტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, მიხედვით ხელფასების ზრდა საჯარო სექტორში 2023 წლიდან დაიწყება, რაც ბიუჯეტის ხარჯებს 250 – 300 მილიონი ლარით გაზრდის. სოციალური მიმართულებით ხარჯებს რაც შეეხება, 2023 წელს ქვეყანაში მცხოვრები 800 ათასი ბენეფიციარი გაზრდილ პენსიას მიიღებს, კერძოდ კი; 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 35 ლარით გაიზრდება და 295 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერების პენსია 65 ლარით გაიზრდება და 365 ლარი გახდება. ეს მატება სახელმწიფო ბიუჯეტს 2023 წელს 494 მილიონი ლარი დაუჯდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CB2ZqY; https://bit.ly/3CCxMUv

6. GRPO-მ ქართულ ბირჟაზე უმსხვილესი $80-მილიონიანი ობლიგაცია განათავსა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ბირჟაზე გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში ინვესტიციები განახორციელეს. კერძოდ; EBRD-მა საქართველოს საფონდო ბირჟაზე პირველ მწვანე ობლიგაციებში 13.8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული 5 წლიანი ვადით და 7%-იან ნომინალურ შემოსავალს მოიცავს. ხოლო ADB-მ „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ADB-ის ინვესტიცია GRPO-ს მიერ გამოშვებული ხუთწლიანი $80 მილიონიანი მწვანე ობლიგაციის ნაწილს წარმოადგენს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gdgB4k ; https://bit.ly/3MxAbUV 

7. მთავრობა საპრივატიზაციო აუქციონზე 155 ობიექტს ყიდის

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, 68 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების მქონე 155 სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. აუქციონები 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Vp7Sw1 

8. საქართველო რუსეთისგან 95 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას ბარტერული გარიგებით შეიძენს

საქართველო რუსეთის ფედერაციიდან თურქეთისთვის განკუთვნილი სატრანზიტო ელექტროენერგიიდან 95 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვას ბარტერული გარიგებით გეგმავს. ელექტროენერგიის მიღება ოქტომბრის თვეში მოხდება, ხოლო უკან დაბრუნება ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში მოხდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3VxpJ3W 

9. ,,შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში 162 მილიონი ლარის ღირებულების სესხები გაიცა

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, 162 მილიონი ლარის ღირებულების 10,509 შეღავათიანი სესხი გაიცა. ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის მოცულობა 5,000-დან 100,000 ლარის ჩათვლით არის განსაზღვრული.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3S2GosX 

10. NEQSOL Holding-მა კომუნიკაციების კომისიას ქართულ სასამართლოში ცილისწამების საქმე მოუგო

NEQSOL Holding-ის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ნასიბ ჰასანოვმა კომუნიკაციების კომისიას ქართულ სასამართლოში ცილისწამების საქმე მოუგო და სასამართლომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელების უმეტესობა დააკმაყოფილა. პარალელურად კი მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში (ICSID) საარბიტრაჟო დავა გრძელდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ga0h4m

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები