გთავაზობთ გასული კვირის (3 – 8 ოქტომბერი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას
1. 2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა
2. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები სექტემბერში 84%-ით აღდგა
3. მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
4. რა მოცულობის საგარეო ვალის აღებას გეგმავს საქართველოს მთავრობა 2023 წელს
5. საქართველოს სავალუტო ჯიხურებში რუსული რუბლის ბრუნვა 3-ჯერ გაიზარდა
6. საზღვაო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, რა რეალობის წინაშე დგანან ფოთის პორტის ოპერატორები: APM TERMINALS POTI და PACE GEORGIA?
7. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებით “აბუ დაბის პორტების” კორპორაცია დაინტერესდა
8. 2023 წელს სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე 80 მლნ ლარი დაიხარჯება
9. საქართველოს ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 2021 წელს 150 მილიარდი ლარი შეადგინა
10. აუდიტის სამსახურის დასკვნა 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტზე
1. 2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა
2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა. წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა, სადაც ფასები გაიზარდა 17.6%-ით, ხოლო წლიურ ინფლაციაზე 5.74%-ული პუნქტით აისახა. 1.69%-ული პუნქტით აისახა ტრანსპორტის ჯგუფში ფასების ზრდა (14.1%), ხოლო ჯგუფში საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია სადაც ინფლაცია 12.2% იყო, 1.18%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3SHK3Oc; https://bit.ly/3fM4nzt; https://bit.ly/3Em4rA8
2. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები სექტემბერში 84%-ით აღდგა
2022 წლის სექტემბერში საქართველოში 636 235 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.4%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურისტულმა ვიზიტებმა კი სექტემბერში 452 155 შეადგინა, რაც ნიშნავს რომ 2019 წელთან შედარებით 84%-ით აღდგა. მთავრობის პროგნოზით, 2025 წლისთვის საქართველო ტურიზმიდან 5.2 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელს 3.2 მილიარდი დოლარი იყო.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CiSJ6L; https://bit.ly/3ClhX4c
3. მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
მსოფლიო ბანკის პროგნოზით საქართველოში 2022 წელს მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 5.5%-ის ნაცვლად, 8.8%-მდე გაიზარდა. რაც ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი არის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2023 წელს კი საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 4.2%-მდე შენელდება, ამავე წელს მოსალოდნელია ფასების ზრდის ტენდენციის კლება, რაც გამოწვეული იქნება დადებული გრძელვადიანი ფიქსირებული ფასის კონტრაქტებითა და მოთხოვნის შემცირებით.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3rZkMU5; https://bit.ly/3T9Z0IL
4. რა მოცულობის საგარეო ვალის აღებას გეგმავს საქართველოს მთავრობა 2023 წელს
2023 წელს საქართველოს მთავრობა 2.22 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს, აქედან 1.92 მილიარდი ლარი საერთაშორისო დონორების შეღავათიანი კრედიტები იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მიმდინარე წელთან შედარებით 2023 წელს ნაკლებ საგარეო ვალს აიღებს, 100 მილიონით გაიზრდება შიდა ვალის გეგმა, რისთვისაც ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების ბაზარზე 182 დღის ვადიანობის 20-მილიონიანი და 2 წლის ვადიანობის 80 მილიონიანი ფასიანი ქაღალდები განათავსა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CJgdU0; https://bit.ly/3CIN0Zd
5. საქართველოს სავალუტო ჯიხურებში რუსული რუბლის ბრუნვა 3-ჯერ გაიზარდა
IDFI-ის ანგარიშის მიხედვით 2022 წლის მეორე კვარტალში ქართულმა ჯიხურებმა 950 მილიონი რუბლი იყიდეს, რაც 45 მილიონი ლარის ტოლია. აღნიშნული მაჩვენებელი კი წინა წელთან შედარებით 3-ჯერ არის გაზრდილი. IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში 45 ათასზე მეტმა რუსმა გახსნა, ხოლო რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში ჯამში 1.8 მილიარდ ლარს ინახავენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Cqy2pA; https://bit.ly/3CnmHGN
6. საზღვაო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, რა რეალობის წინაშე დგანან ფოთის პორტის ოპერატორები: APM TERMINALS POTI და PACE GEORGIA?
მიმდინარე წელს საქართველოს პარლამენტმა საზღვაო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში მოქმედი პორტების ოპერატორებს ახალი წესები დაუდგინა, რომელიც 4 ძირითად პუნქტს მოიცავს. საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ ღიად გამოვიდა APM TERMINALS POTI, კომპანიაში საერთაშორისო არბიტრაჟში დავის დაწყებას არ გამორიცხავდნენ. როგორც, PACE GEORGIA-ს დირექტორმა ირაკლი თათეიშვილმა BMG-ს განუცხადა, ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში” მიმავალი გემები შესასვლელი არხის საფასურს APM TERMINALS-სს აღარ უხდიან, ამ შემოსავალს ახლა PACE GROUP იღებს, ხოლო არხის მოვლა-პატრონობის ხარჯებს APM-თან ერთად ინაწილებენ. ამასთან, ორ სანავსადგურე ერთეულს შორის ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა და მათ შორის მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yr5pae
7. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებით “აბუ დაბის პორტების” კორპორაცია დაინტერესდა
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ,,ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებით არაბეთის გაერთიანებული საამიროების, “აბუ დაბის პორტების” კორპორაცია დაინტერესდა.’’ მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს დაკვეთით კომპანია MTBS-ი პორტის კომერციული დასაბუთების დოკუმენტს ხელახლა ამზადებს, ასევე ახალი კონტრაქტის პირობების მოსამზადებლად მთავრობა საერთაშორისო იურიდიულ ფირმასაც შეარჩევს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CIP6rZ
8. 2023 წელს სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე 80 მლნ ლარი დაიხარჯება
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე 2022 წელს 40 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს, ხოლო 2023 წლისთვის 80 მლნ ლარამდე გაიზრდება. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CqPlXA
9. საქართველოს ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 2021 წელს 150 მილიარდი ლარი შეადგინა
საქსტატის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 2021 წელს 150 მილიარდი ლარი შეადგინა. ბრუნვის უდიდესი ნაწილი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა (65.3%). ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი (36.4%) ვაჭრობის დარგზე მოდიოდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორში 2021 წელს 744 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3eiTV1W
10. აუდიტის სამსახურის დასკვნა 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე მიმართულებით ხარვეზებია მითითებული, კერძოდ; განახლებულ ბიუჯეტს თან არ ახლავს არც სსიპ-ების და აიპების ბიუჯეტების მოდიფიკაციის ტექსტი, ასევე არც კაპიტალური პროექტების ბიუჯეტების კორექტირების ტექსტი, ამასთან საყურადღებოა, რომ კანონპროექტის ფარგლებში არ მომხდარა კაპიტალური პროექტების დანართის განახლება. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებები 378 მილიონი ლარით იზრდება და ის 2.2 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამასთან, 2026 წლისთვის საჯარო სამსახურში საშუალო ანაზღაურება კერძო სექტორის არანაკლებ 80% უნდა იყოს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3VgAmIj; https://bit.ly/3CjzMRk;