მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

60d88ba21e911
ირაკლი მაკალათია
27.06.21 18:23
1125
გთავაზობთ გასული კვირის (21 – 26 ივნისი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. საქართველოს პარლამენტში პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა;
2. 1 ივლისიდან ე.წ. "კომენდანტის საათის" შეზღუდვა მოიხსნება;
3. “ციფრული აბრეშუმის გზის” პერსპექტივები საქართველოში;
4. საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები იანვარ-მაისში;
5. ეროვნულ ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 9.5%-ზე დატოვა;
6. კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის დაცვის წესში ცვლილებები შევიდა;
7. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტით დაეხმარება;
8. IDFI-ს კვლევის ანგარიში 2020 წელს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა სარეზერვო ფონდების ხარჯვის პრაქტიკაზე
9. 2021 წლის 5 თვეში კომერციულმა ბანკებმა ჯამურად 765 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს;
10. მაკდონალდსის 26 მლნ ლარიანი ინვესტიციით საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება.

1. საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარადგინა. პრემიერმა მიმოიხილა გასული წლის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მიღებული საერთაშორისო დახმარებები, სოციალური მხარდაჭერის პროგრამები რომელთაც მთავრობა პერიოდულად წარადგენდა წლის განმავლობაში. ასევე აქცენტი გააკეთა მსხვილ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის განვითარების 10 წლიან გეგმაზეც ისაუბრა, დაანონსა ის პროექტები რასაც მთავრობა მომდევნო პერიოდში გეგმავს. პრემიერმა ისაუბრა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების პროგრამაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და წარმოების ზრდაზე, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის პერსპექტივებსა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა გეგმის მომზადებაში აპირებს უცხოელი პარტნიორების, დონორებისა და ექსპერტების ჩართვას.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jfXRQX; https://bit.ly/2UIhCqh; https://bit.ly/2Sz45AGhttps://bit.ly/35Xe9q0 

2. 1 ივლისიდან ე.წ. "კომენდანტის საათის" შეზღუდვა მოიხსნება

საქართველოს უწყებთშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 ივლისიდან ე.წ. "კომენდანტის საათის" შეზღუდვა მოიხსნება, თუმცა რეგულაციები რჩება საზოგადოებრივ კვებასთან დაკავშირებული ობიექტებისათვის, რომელთაც მუშაობა მხოლოდ 24 საათამდე შეეძლებათ. საბჭოს გადაწყვეტილებით მოიხსნა გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებაც. ამავე დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 245 ათასზე მეტ მოქალაქესა და 344 იურიდიული პირს პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან, რაც დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებს მოიცავს. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით 2 კვირაში საქართველოში 1 მლნ დოზა ვაქცინა შემოვა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3y309Hz; https://bit.ly/35SmcV8; https://bit.ly/3hcmOKn 

3. “ციფრული აბრეშუმის გზის” პერსპექტივები საქართველოში

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოაქვეყნებულ ინტერვიუში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა “ციფრული აბრეშუმის გზის” პროექტზე ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ NEQSOL-ის მიერ "კავკასუს ონლაინის" 100%-იანი წილის შეძენა მათთან წინასწარ არ შეთანხმებულა, ამიტომ უკანონოდ სცნეს და “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დაჩქარებული წესით დანიშნეს. ამასთან აღნიშნავს, რომ არსებობს წინაპირობა იმისა, რომ „კავკასუს ონლაინის“ მფლობელთან ნასიბ ჰასანოვთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vUGBmZ;

4. საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები იანვარ-მაისში

2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.4%-ით გაიზარდა და 1 538.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივმა ექსპორტმა (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 73.1% შეადგინა. ადგილობრივ ექსპორტში პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს (ადგილობრივი ექსპორტის 29.1%), მეორეზეა ფეროშენადნობები (12.8%), ხოლო მესამე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები (7.6%).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qvZb3H; https://bit.ly/3xZdP6 

5. ეროვნულ ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 9.5%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 9.5%-ზე დატოვა, კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით 2022 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება, რის საფუძველზეც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. საზოგადოება და ბანკების ანგარიშის მიხედვით2021 წლის 1 მაისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 128 500 სესხია გაცემული, რომელთა ბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3haqJYj; https://bit.ly/2T4jNUK 

6. კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის დაცვის წესში ცვლილებები შევიდა

კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის დაცვის წესში ცვლილებები შევიდა, რომელიც 6 ივლისიდან ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ცალკეული კომერციული ბანკისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება და დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდადობის მიხედვით 10-დან 25%-მდე შეიცვლება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hbKMFD 

7. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტით დაეხმარება

საქართველო გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) საგრანტო ხელშეკრულების "ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ საფუძველზე 24 მლნ ევრომდე გრანტს მიიღებს, რომლის ნაწილი აჭარის სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება, ხოლო მეორე ნაწილი კი დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3h0Ek5q 

8. IDFI-ს კვლევის ანგარიში 2020 წელს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა სარეზერვო ფონდების ხარჯვის პრაქტიკაზე

IDFI-ს კვლევა ეყრდნობა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ასახულ მონაცემებს, სადაც მოთხოვნილი ინფორმაცია 64 მუნიციპალიტეტიდან 9 მუნიციპალიტეტმა უპასუხოდ დატოვა. 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეულმა ხარჯმა 14.7 მილიონი ლარი შეადგინა, რომლის 63% 4 ყველაზე დიდი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი) სარეზერვო ფონდზე მოდის.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/35X7YT8 

9. 2021 წლის 5 თვეში კომერციულმა ბანკებმა ჯამურად 765 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2021 წლის 5 თვეში კომერციულმა ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 2.3 მილიარდი ლარი მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 765 მილიონი ლარი შეადგინა. იანვრიდან მოყოლებული მაისის ჩათვლით, წმინდა მოგების მოცულობები პერიოდულად იზრდება, რაც მნიშვნელოვნად უკავშირდება რეგულაციების მოხსნასა და ეკონომიკური სუბიექტების გააქტიურებას.

რაც შეეხება საბანკო სფეროში კიდევ ერთ მოვლენას, სს "კრედო ბანკი" სს "ფინკა ბანკის" 100%-ით შესყიდვას გეგმავს, აღნიშნულ ტრანზაქციაზე ეროვნულმა ბანკმა კონკურენტულ გარემოსთან შეფასების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dkM0NP ; https://bit.ly/2SsQoTE 

10. მაკდონალდსის 26 მლნ ლარიანი ინვესტიციით საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება

პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ წარმოების სრულად ამუშავების შემდგომ 100 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტის თემურ ჭყონიას განცხადებით, საწარმო სრულად მოამარაგებს „მაკდონალდსის“ 18 ადგილობრივ რესტორანს და ამით იმპორტს მთლიანად ჩაანაცვლებს. ამასთან იგეგმება ბურგერების პურის საცალო ქსელურ მარკეტებში გაყიდვა, ხოლო 2022 წლიდან პროდუქციის ექსპორტზე გატანა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/35W955u 






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები