გთავაზობთ გასული თვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს:
1. ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი ანგარიშით ივლისის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზარდა, წლის პირველ 7 თვეში კი ზრდამ 7.2% შეადგინა. საქსტატის მიხედვით, კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ ივლისში 12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2.9%-ით მეტია.
ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა ყველა დარგში გარდა დამმუშავებელი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგებში.
2. IMF-ს საქართველოში ახალი მუდმივი წარმომადგენელი ჰყავს
საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოში ახალი მუდმივი წარმომადგენელი ჰყავს. სელიმ ჩაკირი ამ პოსტზე ედრიუ ჯუველმა შეცვალა, რომელიც უკვე მართავს ქვეყანაში გაცნობით ვიზიტებს, მათ შორის ის შეხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას.
ენდრიუ ჯუველი ბოსნიაში IMF-ის წარმომადგენელი 2019 წლის აგვისტოდან იყო. ჯუველი სსფ-ის ევროპული დეპარტამენტის უმცროსი ეკონომისტი იყო, რის ფარგლებშიც ბელგიაში, საფრანგეთში, ლატვიასა და ირლანდიაში მუშაობის გამოცდილებაც შეიძინა.
2010 წელს ფონდში გაწევრიანების შემდეგ, იგი ალჟირში უფროსი ეკონომისტის პოზიციასაც იკავებდა და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სესხების მდგრადობის პრობლემაზე მუშაობდა.
3. მსოფლიო ბანკს სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი ჰყავს
დღეიდან სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თანამდებობას როლანდ პრაისი დაიკავებს. ამ თანამდებობაზე პრაისმა სებასტიან მოლინეუსი ჩაანაცვლა, რომელიც პოსტს 2019 წლიდან იკავებდა.
პრაისი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში განახორციელებს მსოფლიო ბანკის საკრედიტო პორტფელისა და საკონსულტაციო სერვისების მართვას, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებთან კოორდინაციას და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობას ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროცესში.
ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, როლანდ პრაისს რუანდაში მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენლის პოზიცია ეკავა.
4. EBRD-ს სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი ჰყავს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელად და დირექტორად, ალკის ვრიენიოს დრაკინოსი დაინიშნა. ის მოვალეობას 2023 წლის 1 სექტემბრიდან შეუდგება და თბილისის ოფისში იმუშავებს. ამ პოსტზე დრაკონისმა კატარინა ბიორლინ ჰანსენი შეცვალა.
“ბ-ნი დრაკინოსი საბერძნეთის მოქალაქეა, მან ბანკში მუშაობა 1993 წელს დაიწყო EBRD-ის დირექტორთა საბჭოს მრჩევლად საბერძნეთში. 1995 წელს შეუერთდა ფინანსური ინსტიტუტების გუნდს და 1998 წელს გახდა სომხეთის ოფისის ხელმძღვანელი ერევანში. 12 წლის მანძილზე KPMG-ის, ევრობანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით ფინანსური კონსულტაციისა და საბანკო როლების შესრულების შემდეგ, ის კვლავ დაბრუნდა EBRD-ში სამუშაოდ, 2012 წელს, თურქმენეთის ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2015 წელს კი გადავიდა ასოცირებული დირექტორის, საბერძნეთის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე, ათენში. 2017 წლის ოქტომბერში ის დაინიშნა უზბეკეთის წარმომადგენლობის დირექტორად. ამ როლში, მან უხელმძღვანელა 3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების 100-ზე მეტ პროექტის განხორციელებას,”- ნათქვამია EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
5. საქართველოში ინფლაციის დონე 10-წლიან მინიმუმამდე შემცირდა
2023 წლის ივლისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა. ეს 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად, ისეთ მნიშვნელოვან სასაქონლო ჯგუფებში, როგორიცაა სურსათი ფასები წლიურად მხოლოდ 1.2%-ით არის მომატებული, ხოლო დასვენების, კავშირგაბმულობისა და ჯანდაცვის სფეროებში ფასები ზრდის ნაცვლად პირიქით შემცირებულია.
6. 2023 წლის 7 თვეში საქართველოს ექსპორტი 3.6 მილიარდი დოლარი იყო, ზრდა 15.9%-ია
2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 105.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 583.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 15.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 522.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 19.0 პროცენტით). ყველაზე დიდი საექსპორტო საქონელი იყო ავტომობილები 1.17 მილიარდი დოლარით, სადაც მატება 217 პროცენტი იყო, სპილენძის მადნების ექსპორტი 380 მილიონ დოლარს შეადგენდა, სადაც 38%-იანი კლებაა, მესამე ადგილს კი ღვინის ექსპორტი იკავებს 150 მილიონი დოლარით, მატება 24%-ია,
7. ფულადი გზავნილები შემცირდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში საქართველოში 301 მლნ დოლარის ფულადი გზავნილების გადმორიცხვა მოხდა. 2022 წლის ივლისთან შედარებით, კლება დაახლოებით 4.95 მლნ დოლარია, ივნისთან შედარებით კი, გზავნილების მოცულობა 52 მილიონით შემცირდა. 7 თვის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 2.6 მლრდ დოლარის გადმორიცხვა მოხდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა კვლავ რუსეთიდან განხორციელდა. რუსეთიდან ივლისში 73.8 მლნ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია - 45.3 მლნ, მესამეზე აშშ-ი - 40 მლნ დოლარის გზავნილით. ხუთეულში შედის საბერძნეთი (21.6 მლნ) და გერმანია - 20.5 მლნ.
8. სებ-მა ივლისში ბაზრიდან $278 მილიონი შეისყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის ივლისის თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmacth პლატფორმის გამოყენებით $278 მილიონი დოლარი შეისყიდა. მთლიანად იანვარ-ივლისის ინტერვენციების მოცულობამ კი 1.34 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკი დოლარს სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკის ფარგლებში ყიდულობს. ამჟამად სავალუტო რეზერვები 5.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. ყველაზე დიდი - $322 მილიონიანი ინტერვენცია აპრილში განხორციელდა, ხოლო მაისში გაცვლითმა კურსმა გაუფასურება დაიწყო, რის გამოც სებ-ს საპირისპირო მიმართულებით მოუწია თანხების გაყიდვა და 2 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე 17 მილიონი დოლარი გაყიდა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, დოლარის შესყიდვებს ეროვნული ბანკი ახორციელებს მაშინ, როდესაც სავალუტო ბაზარზე პოზიტიური ვითარება აღინიშნება.
9. ბანკების მოგებამ 2023 წლის პირველ ნახევარში 1.35 მილიარდი ლარი შეადგინა - რეიტინგი
საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს თავიანთი ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. დოკუმენტაციის მიხედვით, 15 ბანკის ჯამურმა მოგებამ 2023 წლის პირველ ნახევარში 1.35 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50%-ით მეტია. აქედან საბანკო სფეროს ორი უმსხვილესი მოთამაშის წმინდა მოგებამ 1.18 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანად სექტორის მოგების 87% იყო.
პირველი ხუთეული მოგების მიხედვით ასეთია:
- საქართველოს ბანკი - წმინდა მოგება 651,080,790 ლარი;
- თიბისი ბანკი - წმინდა მოგება 530,344,091 ლარი;
- ლიბერთი ბანკი - წმინდა მოგება 39,772,113 ლარი;
- ბაზის ბანკი - წმინდა მოგება 31,247,649 ლარი;
- პროკრედიტ ბანკი - წმინდა მოგება 26,010,560 ლარი
10. “საქართველოს რკინიგზამ“ 6 თვე 86,4 მილიონის მოგებით დახურა
“საქართველოს რკინიგზამ“ 6 თვე 86.4 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურა. სარკინიგზო კომპანიას შემოსავლები და მოგება წლიურად შემცირებული აქვს.
„საქართველოს რკინიგზის“ მონაცემებით, იანვარ-ივნისში კომპანიამ 305,719,000 ლარის შემოსავალი მიიღო, 5.3 მლნ (1.7%) ნაკლები 2022 წლის 6 თვის მონაცემთან შედარებით. 10.6-იდან 3.5 მლნ ლარამდეა შემცირებული სხვა შემოსავლები. ამასთან, 22.5 მლნ-ით, 97.4 მლნ -იდან 119.9 მლნ-მდეა გაზრდილი თანამშრომლებზე გაწეული ხარჯის მოცულობა. მხოლოდ მეორე კვარტალში „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლებმა 167.8 მლნ ლარი შეადგინა.