ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მან თითოეულ მებაჟე-ოფიცერს პროფესიონალიზმისთვის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
ხუციშვილმა წარმატებები უსურვა შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელებს და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამსახურის განვითარებაში.
ფინანსთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა თანამედროვე საბაჟოს როლს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის საქმეში.
„თანამედროვე საბაჟო გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი. ეს მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვას, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, ასევე, კანონშესაბამისი საქმიანობის წახალისებას, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე საქართველოს გლობალური როლიდან გამომდინარე. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და სატრანზიტო ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მებაჟე-ოფიცრების მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ ეს ფუნქცია წარმატებით განახორციელოს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, საბაჟო სამსახურმა ბოლო წლებში წარმატებას მიაღწია როგორც ტექნოლოგიური, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით, უწყების მიზანი კი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად მუდმივი განვითარებაა.
„მებაჟე-ოფიცრებო, თქვენი 24-საათიანი მუშაობით, ყოველი ახალი დღე საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბაჟოს, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მან დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული განვითარების მიმართულებით მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობის მაღალი სტანდარტი მომავალშიც შენარჩუნდება.
























