პარლამენტის დეპუტატი თეონა აქუბარდია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში 9 სექტემბერს შესულ ცვლილებას უარყოფითად აფასებს. "გახარია - საქართველოსთვის" წევრი მიიჩნევს, რომ დეკლარაციის შევსებისა და გამოქვეყნების წესში ცვლილებები, რომლის თანახმადაც საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნების ვადები გაიზარდა, საჯაროობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
საქმე ის არის, ამ დრომდე საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ქვეყნდებოდა, ცვლილებების შედეგად კი, შესაძლოა, ორი თვეც არ გამოქვეყნდეს თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს.
"ჩემთვის გაუგებარია, ორი თვე რა საჭიროა. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც "ქართული ოცნების" დეპუტატები არასწორად ავსებდნენ დეკლარაციებს, რასაც ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ვფიქრობ, ორთვიანი ვადა გადაჭარბებულია. შესაძლოა, ეს საჯაროობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია", - აცხადებს თეონა აქუბარდია BMG-სთან.
დეპუტატი ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასაც აფასებს. ის მიიჩნევს, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყება "ქართული ოცნების" ინტერესების გამტარებელია.
"ანტიკორუფციული ბიუროს ინტერესი ანტიკორუფციული ქმედებები რომ არ არის და მხოლოდ და მხოლოდ, ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესების გატარებაში არის ის შემჩნეული, ამას ადასტურებს ის, რომ ვერასდროს "ქართული ოცნების" ვერცერთი საჯარო მოხელის ქონებასთან დაკავშირებით, არაფერი დაადგინა. მათ შორის, გვახსოვს პრემიერ ღარიბაშვილის ვოიაჟი სახელმწიფო ბორტით", - აღნიშნა დეპუტატმა.