პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში თამბაქოს წარმოების ლიცენზირების პირობები და სალიცენზიო მოსაკრებელი ₾50 000 განისაზღვრა. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას "გაუგებრად" მიიჩნევს ეკონომიკისა და სამართლის საკითხების ექსპერტი, ზვიად სხვიტარიძე, რომელმაც ამ საკითხზე "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.
"საკმაოდ ბუნდოვანი და გაუგებარია ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა. დასაბუთებაც, რაც არის განმარტებით ბარათში მითითებული, რომ ეს მწეველთა მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ზიანის შემცირებას ემსახურება, აბსოლუტურად მიუღებელი და უკონტექსტოა.
წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ არ არსებობს სტრატეგია თამბაქოს კონტროლისა და კონკრეტულ რეგულაციებში მოქცევის. ზოგადად, თამბაქოს წარმოების ლიცენზირება ისედაც ხდებოდა, არსებობს სხვადასხვა რეგულაცია, რომლებიც სხვადასხვა კანონშია მიმობნეული. აქ, ამ კონკრეტული ინიციატივით მხოლოდ ₾50 000-ის დაწესება ხდება და მეტი არაფერი. საუბარი არ არის კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც რეალურად შეუწყობდა ხელს ხარისხის გაუმჯობესებას ან ზიანის შემცირებას", - ამბობს ზვიად სხვიტარიძე.
საქმე ისაა, რომ საქართველოში თამბაქოს მწარმოებელი მხოლოდ ერთი საწარმო ფუნქციონირებს. აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ კი, შესაძლოა, საქართველოდან საერთაშორისო ბიზნესის გადინება გამოიწვიოს.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ თამბაქოს ხარისხის კონტროლისთვის სახელმწიფომ, სალიცენზიო მოსაკრებლის დაწესების ნაცვლად, ლაბორატორიის მოწყობაზე უნდა იმუშაოს.
"საქართველოში მხოლოდ ერთი ადგილობრივი წარმოება არსებობს და ეს წლების განმავლობაში ასე იყო. სამწუხარო ტენდენცია ისაა, რომ, ამ რეგულაციებით და ასეთი გადაწყვეტილებებით, მთელი რიგი საერთაშორისო ბიზნესების საქართველოდან გასვლა ხდება და, ჩემი ინფორმაციით, ისინი უკვე გეგმავენ ქვეყნის დატოვებას, რაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული.
ზოგადად, საქართველოში თამბაქოს წარმოებას ორი ქარხანა ახორციელებდა, ახლა ერთი გაჩერებულია - მეტი არც არსებობს. სალეცინზიო მოსაკრებლის დაწესება რატომ ხდება, გაუგებარია და არანაირ კონტექსტში არ ჯდება. არ არსებობს თამბაქოს ხარისხის კონტროლის საშუალება, მათ შორის ლაბორატორია, რომელიც ხარისხს დაადგენდა. ჯობდა, სახელმწიფოს ამ მიმართულებით მოეხდინა ინვესტირება, ვიდრე ეს გადაწყვეტილება მიეღო", - ამბობს სხვიტარიძე.