გაუმარჯოს ევროპას, ევროპის დღეს და ევროპულ საქართველოს - ასე მიმართა ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას, სადაც ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მიმდინარეობს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხვალინდელი საქართველო იქნება მშვიდობიანი, წელში გამართული, თავისი ღირებულებების ერთგული, ძალიან ქართული და ძალიან ევროპული.
"საქართველოს ვერავინ დააბრუნებს ბნელ წარსულში. მჯერა, ყველა ერთად და არა ცალ-ცალკე მზად ვართ დავამარცხოთ გუშინდელი მტერი," - განაცხადა პრეზიდენტმა.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
სცენაზე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩები.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ, ღონისძიება კონცერტით გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, სუხიშვილები, ანსამბლი „შავნაბადა“, Loudspeakers, „დაგდაგანი“, quemmekh.