სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მმართველი პარტნიორი, შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ გამჭვირვალობა ჯანსაღი მოვლენაა, გაუმჭვირვალობა კი უზარმაზარ საფრთხეებს შეიცავს, განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ძალიან მოწყვლადი არიან ეგზოგენური ფაქტორების მიმართ.
შოთა ბერეკაშვილი "რუსულ კანონთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებს. რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რომელიც არნახული გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას. ასეთ ვითარებაში სრულიად საქართველოს გვმართებს დიდი სიფრთხილის გამოჩენა, რათა წლების მანძილზე თითოეული ჩვენგანის დაუღალავი შრომის მონაპოვარი არ დავკარგოთ. საქართველოს მომავალი ევროპული ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია. ევროინტეგრაციის იდეა ასულდგმულებს ქართველ ხალხს საბჭოთა მარწუხებისგან გათავისუფლების დღიდან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ევროპულ ოჯახში შესვლა არ არის მარტივი პროცესი, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა წარმოუდგენლად მოკლე დროში. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ უამრავი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას და კერძოდ სამშენებლო სექტორს. კანონმდებლობის და რეგულაციის ევრონორმებთან ჰარმონიზაციის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოში მშენებლობა ხორციელდება წამყვანი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი უსაფრთხოების და ხარისხის ნორმების სრული დაცვით.
ევროინტეგრაციის გზაზე სერიოზული პროგრესის მიუხედავად, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. სამწუხაროდ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არიან ძალები, რომლებიც საკუთარი ვიწრო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არ ერიდებიან საქართველოს და საკუთარი ხალხის ინტერესების მსხვერპლად შეწირვას. არაერთი უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ბრალდების ადრესატი გამხდარა ჩვენი ქვეყანა ბოლო 2 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. დრომ აჩვენა, რომ საქართველო თავისი ხალხით, კერძო და სახელმწიფო სექტორებით მყარად დგას თავისუფლების, სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის მხარეს. ევროკავშირში გაწევრიანება კომპლექსური პროცესია, რომელიც კანდიდატი სახელმწიფოსგან ბევრი მიმართულებით მოითხოვს მნიშვნელოვან პროგრესს. ამ კუთხით, ქვეყნის ეკონომიკური მზაობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია. დღეს საქართველოში ჩამოყალიბდა ბიზნესის განვითარებისთვის ძალზე ნაყოფიერი გარემო. სახელმწიფო სექტორი და მთავრობა მუდმივ დიალოგში იმყოფება კერძო სექტორთან. ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ბიზნესის წარმოებას უკავშირდება წინასწარ განხილვას ექვემდებარება ამ ორი სექტორის წარმომადგენლებს შორის. ხშირად პოზიციები განსხვავებულია, მაგრამ მისასალმებელია საქართველოს მთავრობის და სახელმწიფოს მიდგომა გამოინახოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებს ითვალისწინებს და არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი მხარის “გამარჯვებას”. ასეთი კონსტრუქციული ბიზნეს გარემოს შექმნის შედეგია ის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში ფიქსირდება ყოველწლიურად.
ასევე, დიდია სამოქალაქო საზოგადოების წვლილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და პატივი უნდა ვცეთ, როგორც ერთმანეთის აზრს, ისე უმრავლესობის პოზიციას, რომელიც ფიქსირდება აზრის გამოხატვის დემოკრატიული მექანიზმებით. დემოკრატიის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი კი გამჭვირვალობაა, რომლის გარეშეც ამ სისტემის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. გამჭვირვალობა არის ჯანსაღი მოვლენა, გაუმჭვირვალობა კი უზარმაზარ საფრთხეებს შეიცავს, განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ძალიან მოწყვლადი არიან ეგზოგენური ფაქტორების მიმართ. ასევე, ჯანსაღი კონკურენცია საწინდარია და უფრო მეტიც, ერთგვარი დაცვის მექანიზმია ისეთი მოთამაშეებისგან, რომლებიც ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას არაკეთილსინდისიერი მეთოდებით. და ბოლოს, უინსტონ ჩერჩილის პერიფრაზი, რომ გავაკეთოთ დემოკრატია მმართველობის საშინელი ფორმაა, თუმცა ბევრად სჯობს ყველაფერს სხვას, რაც კაცობრიობამ გამოცადა",- წერს შოთა ბერეკაშვილი სოციალურ ქსელში.
"ქართული ოცნება" საქართველოში "რუსული კანონის" მიღებას წელსაც ცდილობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია.
რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები "რუსული კანონის" პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. იმავეს ურჩევენ მმართველ პარტიას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი.
25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, შესაძლოა, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც მოითხოვეს.
26 აპრილს, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა. სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.