მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუქმებული პირადობების მფლობელებს სამედიცინო და სოციალური სერვისებით სარგებლობის ვადა 1-ელ ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდათ

პირადობა

მოქალაქეებს, რომლებსაც ძველი ტიპის (ლამინირებული, ე.წ. ჩიპის გარეშე) პირადობის მოწმობები ID ბარათებით არ შეუცვლიათ, სოციალური და სამედიცინო სერვისების სარგებლობის ვადა კიდევ ერთხელ, 1-ელ ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდათ.

საქმე ისაა, რომ 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გაუქმდა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს, თუმცა არაელექტრონული პირადობის მოწმობები ID ბარათებით მოქალაქეების საკმაოდ დიდმა ნაწილმა არ შეცვალა. დროებითი გამონაკლისის დაშვება სწორედ ამ პირების მიერ პენსიის, სოციალური გასაცემლების თუ სხვა სერვისების უწყვეტ მიღებას უკავშირდება. გამონაკლისი თავდაპირველად 1-ელ აგვისტომდე დაეშვა, ახლა კი გახანგრძლივდა, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეების ნაწილს იურიდიულად ძალადაკარგული პირადობის მოწმობა კვლავ არ შეუცვლია.

"პირს, რომელიც ფლობს 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას და ამ მოწმობის საფუძველზე სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლის მიმღებია ან ეს უფლება წარმოეშობა ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ და 2024 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ უზრუნველყო აღნიშნული მოწმობის პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტით ჩანაცვლება, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე უწყვეტად გაუგრძელდეს სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლით უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სამედიცინო მომსახურების მიწოდება/შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული სარგებლით/მომსახურებით, თუ არ არსებობს ამ სარგებლის/მომსახურების შეწყვეტის/შეჩერების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი",- წერია მთავრობის დადგენილებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები